საქმე # 330310013396652
საქმეNბს-730-726(2კ-17) 12 დეკემბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე), სს „...“ (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე - დ. კ-ე (მოსარჩელე)
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
დ. კ-ემ 2013 წლის 27 დეკემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა საწარმოთა მართვის სააგენტოს 2009 წლის 2 მარტის №33-34/6-9 მიმართვის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 24 მარტის №... გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ გასაჩივრებული აქტების საფუძველზე, სს „...“ სახელზე დარეგისტრირდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი და ფიქსირდება ზედდება 28 კვ. მ ფართის მიწის ნაკვეთზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 მარტის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით დ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ განმარტა, რომ ქ. თბილისში, დიდ დიღომში (ნაკვეთიზე - ...) შპს „...“ საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა 2007 წლის 31 აგვისტოს სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს წერილი, ხოლო გასაჩივრებული 2009 წლის 2 მარტის სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს №33-347/6-9 მიმართვით მოთხოვნილი იყო შპს „...“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გამიჯვნა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სადავოდ არ იყო გამხდარი შპს „...“ სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი (31.08.2007 წლის წერილი), სასარჩელო მოთხოვნა - 2009 წლის 2 მარტის სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს №33-347/6-9 მიმართვის ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით, იყო უსაფუძვლო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. კ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით აპელანტ დ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 24 მარტის №... გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე ... საკადასტრო კოდი სს „...“ სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია სამ მიწის ნაკვეთად გამიჯვნის შემდეგ დარეგისტრირდა ... საკადასტრო კოდით - სადავო ნაწილში 28 კმ.მ და დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი აქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სს „...“".
კასატორებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი სს „...“ საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სს „...“ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 2007 წლის 31 აგვისტოს სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს წერილი, რომლის საფუძველზე მის სახელზე დარეგისტრირდა საკუთრებაში უძრავი ქონება, ხოლო მოსარჩელე დ. კ-ე ითხოვდა ... მიერ 2009 წლის დაყოფის რეგისტრაციის ზედდების ნაწილში ბათილად ცნობას, შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სადავოდ არ გამხდარა უფლების დამდგენი დოკუმენტი, დაყოფის რეგისტრაციის ბათილობა საფუძველს მოკლებულია.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დ. კ-ის სარჩელი, არგუმენტირებული და სამართლებრივად დასაბუთებულია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელია, კერძოდ, პალატამ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ გამოუკვლევია უძრავი ნივთის დაყოფის რეგისტრაციისას ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა საქმის მასალებით დგინდება, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ გამოიკვლია მასთან არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და მიიღო სათანადო გადაწყვეტილება.
კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა სსსკ-ის 393-ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტი: გამოყენებულ იქნა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა საქმის განმხილველ სასამართლოს. ასევე, აღნიშნული გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არაა დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლო არასწორად აქვს შეფასებული ფაქტობრივი გარემოება შპს „...“ სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის თაობაზე. კერძოდ, იგი აღნიშნავს, რომ შპს „...“ სახელზე მიწის ნაკვეთის თავდაპირველი რეგისტრაციის დროს წარმოდგენილი არ იყო საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელ. ვერსია. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, აღნიშნული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდია ...) პირველადი სახით რეგისტრაცია განხორციელდა 2007 წლის 12 სექტემბერს N... განცხადების საფუძველზე, რომელსაც სარეგისტრაციო მასალის სახით ერთვის მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზიც (შესაბამისი კოორდინატებით). მეტიც მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელ. ვერსია თავად მოსარჩელეს/აპელანტს არ ჰქონდა წარმოდგენილი.
კასატორი მიუთითებს, რომ მათ მიერ მომზადებულ საქმეში არსებულ წერილში (390095/17) აღნიშნულია, რომ ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული გეგმა არ არის შესრულებული გეოდეზიურ საკოორდინატო სისტემის შესაბამისად, ამდენად, საზღვრების აბსოლუტური სიზუსტით დატანა ვერ ხორციელდება. რაც შეეხება შპს „...“ საკუთრების უფლების რეგისტრაციას, მისი უფლების წარმოშობის სამართლებრივი დოკუმენტი - 2007 წლის 31 აგვისტოს სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს წერილი, დღემდე ძალაშია და არც სადავოდ არის გამხდარი. მოცემულ შემთხვევაში სადავოა სსიპ "საწარმოთა მართვის სააგენტოს" 2009 წლის 02 მარტის N33-347/6-9 მიმართვა მიწის ნაკვეთების გამიჯვნის თაობაზე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 24 მარტის N... გადაწყვეტილება, იმ ნაწილში, რომლითაც ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი დაიყო და გამიჯვნის შედეგად დარეგისტრირდა ... საკადასტრო კოდის მქონე ერთეულად, სადავო ნაწილში - 28 კვ.მ, სააპელაციო სასამართლომ კი აღნიშნული მოთხოვნის პირველ ნაწილზე არ იქონია საბოლოო შეფასება და ღიად დატოვა საკითხი, თუმცა მიუთითა, რომ საქართველოს საწარმოთა მართვის სააგენტოს მხრიდან საკითხი საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას. ადმინისტრაციული წარმოების პროცესის დროს საწარმოთა მართვის სააგენტოს ხელთ უნდა ჰქონოდა საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაცია ნაკვეთებთან დაკავშირებით, მათ შორის, ნაკვეთის დაუზუსტებელი რეგისტრაციის, დაუზუსტებელი რეგისტრაციის რეკვიზიტების შესახებ, იმ ფართობზე, რომელზედაც მდებარეობს დაუზუსტებელი მონაცემების მქონე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. აღნიშნული შესაძლებელი იყო არა მხოლოდ საჯარო რეესტრის მეშვეობით, რომლის მონაცემებიც საჯარო და ხელმისაწვდომია, არამედ 2008 წლის 03 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით, 05.06.2006 წ. საკადასტრო რუკით, 2000 წლის მიწის ნაკვეთის გეგმით, აგრეთვე ადგილის დათვალიერებით, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეების გამოკითხვით მიღებული ინფორმაციის შესწავლით. ამდენად, სასამართლო, ერთის მხრივ, აფასებს, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტის გამცემის - სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს მხრიდან საკითხი საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას, თუმცა მეორე მხრივ, აღნიშნულს არ მიიჩნევს მისი გაუქმების საფუძვლად. ამასთან, აუქმებს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებას, რომელსაც საფუძვლად დაედო აღნიშნული დოკუმენტი, რაც ბუნებრივია წინააღმდეგობრივია, ვინაიდან მარეგისტრირებელი ორგანო წარმოდგენილი დოკუმენტის საფუძველზე ახდენს რეგისტრაციას.
კასატორი განმარტავს, რომ დ. კ-ის შეფასება, იმის შესახებ რომ შპს „...“ მიწის ნაკვეთის დაყოფის დროს დაუშვა შეცდომა და აზომვითი ნახაზის კონფიგურაცია შეცვალა, რომელიც სასამართლოს მიერაც იქნა გაზიარებული, წარმოადგენს მხოლოდ მის შეფასებას.
ვინაიდან მიწის ნაკვეთზე უძრავი ნივთის დაყოფის შედეგად საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხორციელდება ზუსტად იმ საზღვრებსა და საკადასტრო მოცემულობაში, რომელიც გააჩნია/აქვს აღნიშნულ (პირვანდელ/გასამიჯნ) უძრავ ნივთს. სწორედ დაყოფის შედეგად მოხდა თავდაპირველი, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გამიჯვნა 2 მიწის ნაკვეთად, რომელთა ფართობის ჯამი შესაბამისი იყო თავდაპირველი მიწის ნაკვეთის ფართობსა და კონფიგურაციასთან (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი,) ხოლო შემდგომ ერთ-ერთი (...) მათგანის დაყოფის საფუძველზე წარმოიშვა ახალი საკადასტრო კოდით (...) რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაშიც მიწის ნაკვეთის დანაყოფები სრულად შეესაბამებოდა თავდაპირველ უძრავ ნივთს (როგორც ფართობის, ისე კონფიგურაციის კუთხით). შესაბამისად, დაყოფის დროს ვერ იქნებოდა დაშვებული რაიმე სახის შეცდომა მიწის ნაკვეთის ფართობსა და კონფიგურაციასთან მიმართებაში, რამაც თითქოს მცირედით გამოიწვია აპელანტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილის, კერძოდ, 28 კვ.მ ფართობის მისაკუთრება. შპს „...“ მიერ მიწის ნაკვეთების გამიჯვნისთვის წარმოდგენილი ნახაზები შესაბამისობაში იყო რეალურად მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემებთან. ... საკადასტრო კოდით დაყოფის შედეგად რეგისტრირებული უძრავი ნივთი ვერ გახდებოდა ხელის შემშლელი გარემოება. ის წარმოადგენს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დანაყოფ უძრავ ნივთს, რომელიც დაიყო ზუსტად იმ ფართობსა და საზღვრებში, რასაც პირველადი უძრავი ნივთი მოიცავდა და ამავდროულად უფლების დამდგენი დოკუმენტები და რეგისტრაციის საფუძვლები (როგორც პირველადი, ისე შემდგომი) ძალაშია და არავის გაუუქმებია.
კასატორი მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 30-ე მუხლზე და განმარტავს, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება უძრავი ნივთის მესაკუთრეს. ამავე ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, საკადასტრო გეგმა არ გაიცემა, თუ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები დაუზუსტებელია. რეგისტრაციის მიზნებისათვის, უძრავი ნივთის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემები ნიშნავს ამ ინსტრუქციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილ, საჯარო რეესტრში დაცულ საკადასტრო ინფორმაციას. სხვა შემთხვევაში უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები მიიჩნევა დაუზუსტებლად. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტის არარსებობა საფუძველს აცლის მოსარჩელის/აპელანტის მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობას, როგორც ფაქტობრივი, ისე იურიდიული მნიშვნელობით.
კასატორი არ იზიარებს და დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა დაადგინოს რეგისტრირებული ფართების ზუსტი ადგილმდებარეობა და საზღვრები და ზუსტად უნდა განსაზღვროს მხარეების საკუთრების კონფიგურაცია და აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორი განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფუნქციას არ წარმოადგენს უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის განსაზღვრა; შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას მიუთითოს სარეგისტრაციო უძრავი ნივთის ზუსტი ადგილმდებარეობა და საზღვრები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფუნქციაა რეგისტრაცია წარმოდგენილი დოკუმენტის საფუძველზე, უძრავი ნივთის მდებარეობა უნდა დგინდებოდეს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, მოწმეთა ჩვენებები არ შეიძლება გახდეს ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი, რასაც მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
კასატორი მიუთითებს, რომ მისთვის ბუნდოვანია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით განსაზღვრული პროცესუალური საფუძვლით მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ახალი ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მაშინ როდესაც ძალაშია როგორც პირველადი რეგისტრაციის, ისე დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ყველა საფუძველი და შპს „...“ სახელზე რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემი (საკადასტრო აზომვითი ნახაზი) წარმოდგენილი იყო შესაბამის კოორდინატებში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით სს „...“ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩვრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორებიი ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ. კ-ისა და სს „...“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების დროს არსებობდა უფლების წარმოშობის სამართლებრივი დოკუმენტები, კერძოდ, დ. კ-ის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მიწის ნაკვეთის ნასყიდობის 2008 წლის 3 დეკემბრის ხელშეკრულება N1-11961, ხოლო სს „...“ საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია - 2007 წლის 31 აგვისტოს სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს წერილი. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება და სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს წერილი ძალაშია და არც ერთი მათგანი სადავოდ არ არის გამხდარი. ამასთან დადგენილია, რომ ქ. თბილისში, „...“ ქვედა გასავლელთან მდებარე მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 76.00 კვ.მ არაერთხელ იქნა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული; კერძოდ, ჯერ ვ. ჯ-ის სახელზე, რომლის გარდაცვალების შემდეგ (... წელი) აღნიშნული
უძრავი ქონება მემკვიდრეობით მიიღეს მისმა მემკვიდრეებმა (2006 წელი), დაარეგისტრირეს თავიანთ სახელზე, ხოლო შემდეგ გაასხვისეს დ. კ-ეზე (2008 წელი), რომელმაც ასევე დაირეგისტრირა დაზუსტებული ფართობი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ განსახილველ შემთხვევაში, მარეგისტრირებელმა ორგანომ - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ისე მოახდინა UTM პროექციაში ... საკადასტრო კოდით 76 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რომ დაინტერესებული პირის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა გეგმა შესრულებული გეოდეზიური საკოორდინატო სისტემის შესაბამისად და
საკადასტრო-აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია CD დისკის სახით. ამდენად, აღნიშნულმა რეგისტრაციამ წარმოშვა გარკვეული უზუსტობები იმ თვალსაზრისით, რომ ვერ განხორციელდა საზღვრების აბსოლუტური სიზუსტით იდენტიფიცირება.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა ადმინისტრაციული წარმოების დროს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია უნდა შეადაროს საჯარო რეესტრის სამსახურში დაცულ საკადასტრო მონაცემებთან და ისე მიიღოს გადაწყვეტილება, რაც მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 24.03.2009 წლის N... გადაწყვეტილების მიღების დროს არ იქნა დაცული, ამდენად მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად, სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. საკითხის ხელახალი გადაწყვეტისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ქ. თბილისში ... „...“ ქვედა ფეხით მოსიარულეთა გასასვლელთან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 76.0 კვ.მ მიწის ნაკვეთის - 51/067 საკადასტრო კოდი N... საზღვრები შეესაბამება თუ არა იმ საზღვარს, რომელიც გაიცა ქ. თბილისის არქიტექტურული საქალაქო სამსახურის მიერ 1998 წლის 12 თებერვლის N03.18.44 დადგენილების საფუძველზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.
შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,,...“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - სს ,,...“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 27.07.2017წ. №3521 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -300 (სამასი) ლარის, 70% - 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. კასატორს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს 21.09.2017წ. №25664 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის, 70% - 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე