საქმე #050310015694469
#ბს-966-962(კ-17) 11 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 12 იანვარს ნ. ც-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული განყოფილებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გურიის რეგიონალური საბჭოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გურიის რეგიონალური საბჭოს 2014 წლის 21 ნოემბრის #02020057 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული განყოფილების 2014 წლის 28 ნოემბრის #04-08-01/4477 საოქმო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული განყოფილებისთვის მინდობით აღზრდის ხელშეკრულების გაგრძელების დავალება მოითხოვა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული განყოფილების 2014 წლის 28 ნოემბრის #04-08-01/4477 საოქმო გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონულ განყოფილებას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი გადაწყვეტილების მიღება დაევალა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოციალური მომსახურებოს სააგენტოს ოზურგეთის რაიონულმა განყოფილებამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ნ. ც-ემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებაზე წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ნ. ც-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გურიის რეგიონალური საბჭოს 2014 წლის 21 ნოემბრის #02020057 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული განყოფილების 2014 წლის 28 ნოემბრის #04-08-01/4477 საოქმო გადაწყვეტილებები; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონულ განყოფილებას დაევალა ნ. ც-ესთან მ. ს-ის მინდობით აღზრდის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ც-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ნ. ც-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2015წ. გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გურიის რეგიონალური საბჭოს 21.11.14წ. #02 02 0057 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული განყოფილების 28.11.14წ. #04-08-01/4477 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ც-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება ნ. ც-ის სასარჩელო მოთხოვნის (ზიანის ანაზღაურება) უარყოფის ნაწილში; ნ. ც-ის ტრანსფორმირებული სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ დაკმაყოფილდა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული განყოფილების უფლებამონაცვლე) ნ. ც-ის სასარგებლოდ დაეკისრა მ. ს-ის, როგორც ნათესაური მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვის მინდობით აღსაზრდელად კანონმდებლობით გათვალისწინებული ყოველთვიური ანაზღაურება (ზიანი) 2011 წლის 11 იანვრიდან (ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან) მის სრულწლოვანებამდე - 2016 წლის 9 აპრილის ჩათვლით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სასამართლოს არ უმსჯელია, რომ ბავშვს, რომელსაც შექმნილი აქვს ოჯახური გარემო, დაკმაყოფილებულია მისი ყველანაირი მოთხოვნები, უზრუნველყოფილია ოჯახური გარემოთი, იზრდება ნათესავებისა და თანადგომის ქსელის წარმომადგენლების გვერდით, არ საჭიროებს სახელმწიფოსგან დამატებით რაიმე სახის დახმარებას, მით უფრო, როცა ბავშვი ცხოვრობდა მიმღებ ოჯახში არა ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსების შემდეგ, არამედ მშობლების სიცოცხლეშივე და თავიდანვე მასზე მზრუნველობას იჩენდა ნ. ც-ე. კასატორის განმარტებით, მ. ს-ის მიმღები ოჯახი არ საჭიროებდა მინდობით აღზრდის პროგრამით სარგებლობას, რადგან ბავშვი უზრუნველყოფილი იყო აუცილებელი მატერიალური, არამატერიალური და საყოფაცხოვრებო პირობებით, რასაც თავად მ. ადასტურებდა და მოსარჩელეც აღნიშნავდა, რომ ბავშვი უზრუნველყოფილი იყო აღზრდა-განვითარებისთვის ყველა აუცილებელი საჭიროებით.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა და არ იმსჯელა შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესახებ, რომელიც 19.06.2010წ. ცვლილებამდე არ ითვალისწინებდა ობოლი ბავშვის მინდობით აღზრდაში განთავსებას.
ამასთან, კასატორის მოსაზრებით, თუ სასამართლო ჩათვლიდა, რომ ც-ეს უნდა ანაზღაურებოდა თანხა, მისი დათვლა უნდა მოეხდინა იმ დროიდან, როცა სამხარეო ცენტრის მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება ოზურგეთის სასამართლოს 7.10.2014წ. განჩინების შემდგომ, კერძოდ 2014 წლის 28 ნოემბრიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლი აწესრიგებს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს. მისი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ის არეგულირებს სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და მოქალაქის ურთიერთობას ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, თუმცა ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულია კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატება პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების მოვალეობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, სამოქალაქო სამართალი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საკითხის განსაზღვრისას ემყარება აღნიშნული ელემენტების ერთობლივად არსებობის აუცილებლობას და მათგან ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობას.
მოცემულ შეთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი და უდავოა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გურიის რეგიონალური საბჭოს 2014 წლის 21 ნოემბრის #02020057 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული განყოფილების 2014 წლის 28 ნოემბრის #04-08-01/4477 საოქმო გადაწყვეტილებების უკანონობა. მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით ბენეფიციარ მ. ს-ეს უკანონოდ ეთქვა უარი ნათესავური მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩართვაზე, ასევე უკნონოდ ეთქვა უარი მიმღებ მშობელს ნ. ც-ეს მინდობით აღზრდის პროგრამის დაფინანსებაზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა სასამართლოს მითითებები ხელშეკრულების აღდგენასთან დაკავშირებით, რაც დადასტურებულია არაერთი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო მოქმედებით - მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ბრალეული გაუფორმებლობით მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, რაც ქმნის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი