Facebook Twitter

210310014512899

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-19-19(კ-18) 19 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - დ. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარე - თ. დ-ი (ო. დ-ის უფლებამონაცვლე)

თავდაპირველი მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახური

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო. დ-მა სიღნაღის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურისა და დ. ს-ის მიმართ. მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების იმ ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც არ იქნა დაკმაყოფილებული ო. დ-ის მოთხოვნა უძრავი ქონების მთლიანად მის სახელზე რეგისტრაციის შესახებ. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ, საგარეჯოს რაიონში, სოფ. ... მდებარე მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონების მის სახელზე რეგისტრაციის დავალება.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით ო. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული საააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ იქნა დაკმაყოფილებული ო. დ-ის მოთხოვნა უძრავი ქონების მთლიანად მის სახელზე რეგისტრაციის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ო. დ-ის მიერ მემკვიდრეობით მიღებული ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით - მთლიან უძრავ ქონებაზე, მდებარე საგარეჯო, სოფელი ..., საკადასტრო კოდი №....

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ. ს-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინებით დ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ს-ემ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ს-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით კასატორს - დ. ს-ეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და დასაბუთებული საკასაციო საჩივრის, სადაც მითითებული იქნებოდა გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები (კასაციის მიზეზები) საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის განჩინება 2018 წლის 5 თებერვალს ჩაბარდა კასატორის წარმომადგენლის- ფ. ს-ის ოჯახის წევრს (ძმას).

2018 წლის 14 თებერვალს კასატორმა - დ. ს-ემ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი) წარმოადგინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით დ. ს-ეს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 5 დღით, ვინაიდან ხარვეზის შევსების შესახებ 2018 წლის 14 თებერვლის განცხადებით სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი სრულად არ იქნა შევსებული - კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, სადაც მითითებული იქნებოდა გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები (კასაციის მიზეზები). ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელს - ფ. ს-ს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული განჩინება ჩაბარდა კასატორის წარმომადგენლის ოჯახის წევრს (რძალს) 2018 წლის 24 თებერვალს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2018 წლის 25 თებერვლიდან დაიწყო და 2018 წლის 1 მარტს (ხუთშაბათს) ამოიწურა. კასატორმა ხარვეზი ამ ვადაში არ გამოასწორა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან დ. ს-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, კასატორს უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 63-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს - დ. ს-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 12.02.2018წ. №025 საგადახდო დავალებით მ. თ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე