საქმე #210310015773606
#ბს-599-596(კ-17) 11 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. რ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 3 აპრილს ნ. რ-იმ სასარჩელო განცხადებით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.
მოსარჩელემ მოპასუხე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის 2015 წლის 2 თებერვლის განცხადებით საგარეჯოს რაიონის სოფელ ... (ყოფილი...) 2014 წელს სტიქიის - გვალვის გამო ნ. რ-ის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდი: ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...) ნაყოფიერი ფენის დაზიანების შესახებ მოთხოვილი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალება მოითხოვა.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. რ-იმ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინებით ნ. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. რ-იმ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლი, ასევე არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „მ“ პუნქტი და 24-ე მუხლი, ამასთან, სასამართლომ არ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლი. კასატორის განმარტებით, სასამართლოებმა ადმინისტრაციული ორგანო უკანონოდ გაათავისუფლეს პასუხისმგებლობისგან შეესწავლათ ნ. რ-ის განცხადებით მოთხოვნული საკითხი და გაეცათ სათანადო ინფორმაცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 და 24-ე მუხლების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. რ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოსთვის საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალება, კერძოდ, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის 2015 წლის 2 თებერვლის განცხადებით საგარეჯოს რაიონის სოფელ ... (ყოფილი...) 2014 წელს სტიქიის - გვალვის გამო ნ. რ-ის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდი: ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...) ნაყოფიერი ფენის დაზიანების შესახებ მოთხოვილი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფომაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი. ამავე კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია საჯარო დაწესებულების მიერ საჯარო ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემის ვალდებულება.
საქმეში არსებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 26 მარტის #76 წერილით ირკვევა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ნ. რ-ის მოთხოვნილი ინფორმაცია 2014 წელს გვალვის შედეგად მის კუთვნილ ნაკვეთებზე ნათესების განადგურების შესახებ არ მოიპოვება. ამასთან, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე წერილში აღნიშნავს, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ არსებობს აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი ინფორმაცია და ამასთან, საკრებულოში არ არის შექმნილი ზარალის დამთვლელი კომისია.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საჯარო ინფორმაციის გაცემის სუბიექტს წარმოადგენს ყველა ის საჯარო დაწესებულება, რომელსაც გააჩნია სათანადო საჯარო ინფორმაცია ან ხელი მიუწვდება მასზე. საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ინფორმაციას, რომლის გაცემასაც მოითხოვს ნ. რ-ი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ გააჩნია, ხოლო ისეთი ინფორმაციის გაცემის ვალდებულებას, რაც საჯარო დაწესებულებას არ გააჩნია, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ 2014 წელს - მაშინ, როდესაც საგარეჯოს რაიონის, სოფ. ... (ყოფილი ...) მოხდა სტიქია - გვალვა, ნ. რ- შეეძლო მიემართა გამგეობისთვის, მიეთითებინა შესაბამის ფაქტებსა და მტკიცებულებებზე და მოეთხოვა ნაყოფიერი ფენის დაზიანების შესახებ ინფორმაციის გაცემა, რაც გამგეობისთვის წარმოშობდა მოთხოვნილი ინფორმაციის გადამოწმებისა და დადასტურების ვალდებულებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა ნ. რ-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია და, შესაბამისად, არ შეეძლო გაეცა იგი, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად უთხრეს უარი მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნ. რ-ის საკასაციო საჩივარზე ა. ს-ეს 11.10.2017წ. №45 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ. რ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ა. ს-ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. რ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინება;
3. ნ. რ-ს (პ/ნ .) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ა. ს-ის მიერ 11.10.2017წ. №45 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი