Facebook Twitter

საქმე #180310015001000474

#ბს-759-755(კ-17) 11 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 18 მაისს ა. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 6 აპრილის #... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 13 მაისის #882015181572-04 გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 22 აპრილის #95382 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურისთვის ა. ს-ის 2015 წლის 1 აპრილის #... განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების საფუძველზე, #... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე #... განცხადების საფუძველზე 2011 წლის 6 აპრილს რეგისტრირებული იპოთეკის უფლების გაუქმების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მაისის განჩინებით ა. ს-ის სარჩელის განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ლ. დ-ე, ლ. ჯ-ი და ლ. ა-ი.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის სხდომაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება გ. ჩ-ე.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 6 აპრილის #... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 13 მაისის #... გადაწყვეტილება სარგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; ასევე ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 22 აპრილის #95382 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ივნისის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანო ვერ შეიჭრებოდა სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობაში და ვერ მოახდენდა იმის შეფასებას, მოხდა თუ არა მხარეების მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, ამოიწურა თუ არა ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ხანდაზმულია თუ არა კრედიტორის მოთხოვნა, რომელიც გამომდინარეოდა სესხის ხელშეკრულებიდან. ამასთან, სააგენტოს განმარტებით, იგი ვერ იმსჯელებდა მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, იპოთეკის უფლების შეწყვეტისათვის საკმარისად ვერ იქნებოდა მიჩნეული ხელშეკრულების ერთი მხარის (უძრავი ნივთის მესაკუთრის) მითითება თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის სამწლიან ხანდაზმულობაზე. ხელშეკრულების ვადის ამოწურვა აპრიორი არ გულისხმობს ვალდებულების შეწყვეტას, რამდენადაც ამით არ სრულდება მოვალისა და კრედიტორის ვალდებულებითი ურთიერთობები.

კასატორის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით დადგენილია მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრის აუცილებლობა. კრედიტორს უფლება ეძლევა უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ. ამასთან, აღნიშნული მუხლი არ შეიცავს ჩანაწერს იმის თაობაზე, თუ რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს დამატებითი ვადა.

მოსარჩელის მიერ მითითებულ სამწლიან ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით კასატორი აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

კასატორის განმარტებით, კრედიტორის მოთხოვნის უფლება დამოკიდებულია მოვალის ვალდებულების არსებობასთან. აქედან გამომდინარე, სააგენტო ვერ დაადგენდა, თუ საიდან აითვალა ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა და მხოლოდ ამ საფუძველზე მითითებით, მხოლოდ უძრავი ნივთის მესაკუთრის ნების შესაბამისად, ვერ განახორციელებდა იპოთეკის უფლების შეწყვეტის რეგისტრაციას.

კასატორის მითითებით, ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფუნქციას არ წარმოადგენს კრედიტორის მოთხოვნის გაქარწყლების ფაქტის დადგენა, შესაბამისად, იგი ვერ განახორციელებდა იპოთეკის უფლების შეწყვეტას ცალმხრივი ნების საფუძველზე, იმ მესაკუთრის განცხადებით, რომლის უძრავი ნივთიც მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დატვირთული იყო იპოთეკის უფლებით.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს საქმის წარმოების დროს მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, დადგინდა, რომ იმ მდგომარეობით მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე არ მიმდინარეობდა სააღსრულებო წარმოება, რომლითაც დგინდება მხოლოდ ის გარემოება, რომ დავა არ ყოფილა იპოთეკარებსა და უძრავი ნივთის მესაკუთრეს შორის. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ვერ გამოდგება იმის დასადასტურებლად, რომ იპოთეკარებს სამომავლოდ არ გააჩნიათ იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის წაყენების უფლება. კასატორის მოსაზრებით, მიუხედავად ამისა, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა ემსჯელა ვალდებულების შესრულება-არშესრულების საკითხებზე, უნდა დაედგინა უძრავი ნივთის მესაკუთრის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი და მიეჩნია, რომ ხელშეკრულების პუნქტების თანახმად, გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული წარმოადგეს სასამართლოს განსჯად საკითხს სამოქალაქო საქმისწარმოების გზით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 30 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ 2011 წლის 30 მარტს ლ. დ-ემ, ლ. ჯ-მა და ლ. ა-მა, რომლებიც მოხსენიებულნი არიან, როგორც იპოთეკარები, გ. ჩ-ეს, რომელიც შემდგომში წოდებულია, როგორც „მესაკუთრე“, ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით ასესხეს - ლ. დ-ემ - 4 000 აშშ დოლარი, რაც იმ დროს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად, შეადგენს 6 790.40 ლარს, ლ. ჯ-მა - 11 000 აშშ დოლარი, ხოლო ლ. ა-მა - 10 000 აშშ დოლარი. „იპოთეკარებმა“ „მესაკუთრეს“ სესხის თანხა გადასცეს წინამდებარე ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე. სესხი გაცემულია სამი თვის ვადით. სესხის დაბრუნების თარიღად მითითებულია: „2011 წლის 30 ივნისის ჩათვლით“. ხელშეკრულებით განისაზღრვა პირგასამტეხლოს ოდენობა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის 0,3%. ამავე ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახამდ, სესხი სარგებლიანია ყოველთვიური 5% დარიცხვითა და გადახდით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით იტვირთება გ. ჩ-ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: მცხეთა, სოფელი ..., ... ტერიტორია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობი - 540.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: #1, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 232.13 კვ.მ, რაც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან.

საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ უძრავ ნივთზე (მდებარე: მცხეთა, სოფელი ..., ... ტერიტორია, საკადასტრო კოდით #..., დაზუსტებული ფართობი: 540.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 232.13) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულია გ. ჩ-ის საკუთრების უფლება. აღნიშნულ ქონებაზე ასევე, რეგისტრირებულია იპოთეკა. იპოთეკარებად მითითებულნი არიან: ლ. ჯ-ი, ლ. ა-ი, ლ. დ-ე; იპოთეკის რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რეესტრის ნომერი #..., დამოწმების თარიღი: 30.03.2011.

ამასთან, დადგენილია, რომ 2014 წლის 24 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს მიერ რეგისტრირებულ იქნა ა. ს-ის საკუთრების უფლება, უძრავ ნივთზე დებარე: მცხეთა, სოფელი ..., ... ტერიტორია, ს/კ #..., დაზუსტებული ფართობი: 540 კვ.მ, შენობა-ნაგებობის რაოდენობა #1, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 232.13; საფუძველი - უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 22/12/2014.

2015 წლის 1 აპრილს ა. ს-მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს მიწის ნაკვეთზე (მდებარე: მცხეთა, სოფელი ..., ... ტერიტორია) იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით. განცხადებასთან ერთად წარადგენილ იქნა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მესაკუთრის განცხადება იპოთეკის გაუქმების შესახებ, 2011 წლის 30 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ განმცხადებელს უნდა წარედგინა იპოთეკარების თანხმობა იპოთეკის გაუქმების თაობაზე; ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უარი უთხრა ა. ს-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმყოფილებაზე და მიუთითა, რომ განმცხადებლის მიერ არ იქნა წარდგენილი სრულყოფილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, ორმხრივი შეთანხმება იპოთეკის გაუქმების შესახებ.

საქმეში წარმოდგენილი აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 22 აპრილის #42196 წერილის თანახმად, ,,აღსრულების ეროვნულ ბიუროში“ დღეის მდგომარეობით არ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე მდებარე: მცხეთა, სოფელი ..., ... ტერიტორია, საკადასტრო კოდი .... ხოლო საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2016 წლის 4 მაისის #16/4348 წერილის მიხედვით, ელექტრონულ საერთო რეესტრში არ მოიპოვება ინფორმაცია ნოატრიუს ლ. ბ-ის მიერ 2011 წლის 30 მარტს დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულების (რეგისტრაციის #...) ცვლილების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს არ უმსჯელიათ და სათანადოდ არ შეუფასებიათ ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სადავო აქტების გამოცემამდე და რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა სარეგისტრაციო სამსახურში. ამასთან, ყურადღება არ გამახვილებულა რეალურ მდგომარეობაზე, რომ მოსარჩელემ სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა დამატებითი მტკიცებულება - 2011 წლის 30 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკის გაუქმების საფუძვლად მიუთითა იპოთეკის ხელშეკრულების ხანდაზმულობაზე, რაც გამორიცხავდა იპოთეკარების მხრიდან სადავო უძრავ ნივთზე რაიმე სახის დაინტერესებას. დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები კი საბოლოო ჯამში მიუთითებს იმაზე, რომ სადავო აქტების მიღებისას სარეგისტრაციო სამსახურის მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.6 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-10 მუხლის შესაბამისად, მარეგისტრირებელ ორგანოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება ინფორმაციის მომზადებისას თავად დაადგინოს გარკვეული მონაცემები. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს უნდა გამოეკვლია და შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მასთან დაცულ მონაცემებთან, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და მიეღო გადაწყვეტილება განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, მის მიერ მითითებული საფუძვლით ქმნიდა თუ არა სადავო უძრავ ნივთზე იპოთეკის შეწყვეტის პირობებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 05.10.2017წ. №27757 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ივნისის განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.10.2017წ. №27757 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი