Facebook Twitter

საქმე #330310013269057

#ბს-804-800(კ-17) 25 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2013 წლის 8 ივლისს ლ. რ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 10 აპრილის #... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 7 ივნისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება გ. ბ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება მესამე პირის - გ. ბ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 მარტის განჩინებით განახლდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება; მესამე პირის - გ. ბ-ის უფლებამონაცვლედ დაშვებულ იქნა მ. ბ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. რ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 10 აპრილის #... გადაწვეტილება და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 7 ივნისის #... გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები. ამასთან, დარღვეულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის მოთხოვნები, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

კასატორის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შესაბამისი ტერიტორიული სამსახურის მიერ შესრულებული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლებით დაკისრებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების ვალდებულება, დაცული იქნა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებები კანონიერია.

გ. ბ-ის ნაკვეთზე არსებული ბრჯენი კედლების აღნიშვნის დავალების ნაწილში მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებასთან დაკავშირებით, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რასაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოყვა, კერძოდ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი. კასატორი მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 14.2 მუხლზე, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 57-ე დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ რეგისტარციის მიზნებისთვის გადაწყვეტილებაში მითითებული ბრჯენი კედელი არ წარმოადგენს უძრავ ნივთს, შესაბამისად, არ ექვემდებარება რეესტრში აღრიცხვა/რეგისტრაციას.

კასატორი ასევე მიუთითებს „საჯარო რეესტის შესახებ“ ინსტრუქციის 8.2 მუხლსა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ ნაწილში მარეგისტრირებელი ორგანოს ფუნქციებში არ შედის ე.წ „ბჯენი კედლების“ აღრიცხვა/რეგისტრაცია, შესაბამისად, ამ ნაწილშიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობდა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

კასატორი აღნიშნავს, რომ საკადასტრო რუკაში საერთო სარგებლობის გზისა და ბრჯენი კედლების აღნიშვნა იყო დავალებული მარეგისტრირებელი ორგანოსთვის აღსასრულებლად წარდგენილი გადაწყვეტილების მიხედვით. ხოლო, 2013 წლის 13 მარტს ლ. რ-ამ ასევე მოითხოვა გ. ბ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაკორექტირება 1100 კვ.მ-მდე, რაც სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების დამგენ დოკუმენტში - სასამართლო გადაწყვეტილებაში არ არის განხილული და მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა მითითებულ ნაწილში განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრიდან ამონაწერით (მომზადების თარიღი 04.12.1998წ.) დასტურდება, რომ უძრავ ნივთზე (მდებარე ქ.თბილისი, ... ქუჩა #5-ის მიმდებარედ, საერთო ფართით 1311 კვ.მ. ს/კ #... (ნაკვეთის წინა #22)) დარეგისტრირდა გ. ბ-ი საკუთრების უფლება აღნაგობის უფლების გარეშე, ხოლო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიეთითა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 25 სექტემბრის #19.23.1134 დადგენილება, რომლის თანახმად, მეყვავილე-დეკორატორის გ. ბ-ის მიერ ქ.თბილისში, ... ქუჩა #5-ის მიმდებარედ დაახლოებით 1100 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გაშენებულ ბაღს მიენიჭა ... ბაღის სტატუსი და გ. ბ-ს მიეცა მისი მოვლა-პატრონობის უფლება ყოველგვარი მშენებლობის გარეშე.

ამასთან, კანონიერ ძალაში შესული თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. რ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტს დაევალა შესაბამისი ცვლილების შეტანა სარეგისტრაციო დოკუმენტაციასა და საკადასტრო რუკაში, ქ.თბილისში, ... ქუჩა #5-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ლ. რ-ას ნაკვეთთან გ. ბ-ის ნაკვეთზე გამავალი საერთო სარგებლობის გზის ბჯენი კედლის აღნიშვნით. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2006 წლის 16 ოქტომბერს გაიცა #2/658-03 სააღსრულებო ფურცელი, რომელიც იძულებითი აღსრულების მიზნით აღსასრულებლად წარედგინა თბილისის სააღსრულებო ბიუროს.

საქართველოს კონსტიტუციის 82.2 მუხლის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი კი იმპლემენტირებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლში.

მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 10 აპრილის #... გადაწყვეტილება გამოცემულია კანონიერ ძალაში შესული თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე. შესაბამისად, სადავო აქტის კანონიერება უნდა შეფასდეს აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან მისი შესაბამისობის თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ გ. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მონაცემები უძრავ ნივთზე მდებარე - ქ.თბილისი, ... ქუჩა #5-ის მიმდებარედ, უნდა შეესაბამებოდეს და ასახავდეს თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 25 სექტემბრის #19.23.1134 დადგენილების, შესაბამისი მიწის ნაკვეთის გეგმისა და კანონიერ ძალაში შესული თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მონაცემებს.

საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ არ არის გამოკვლეული გ. ბ-ის სახელზე აღრიცხული 1311 კვ.მ შეესაბამება თუ არა უფლების დამდგენ დოკუმენტებში ასახულ მონაცემს, ამასთან, ხომ არა აქვს ადგილი დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანას. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიუთითეს, რომ სასამართლოს დავალება საერთო სარგებლობის გზის რეგისტრაციის შესახებ შესრულებულად ვერ იქნება მიჩნეული იმ პირობებში, როდესაც სადავო რეგისტრირებული მონაცემები ასახავენ სერვიტუტის არსებობას მესამე პირის საკუთრებაში რიცხული 1311 კვ.მ-დან 100 კვ.მ-ზე. შესაბამისად, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 18.10.2017წ. №28530 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ …) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.10.2017წ. №28530 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი