საქმე #010310015001121561
#ბს-903-899(კ-17) 25 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 13 ოქტომბერს ზ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.
მოსარჩელემ „ქონების ნატურით გადაცემის შესახებ“ ხელვაჩაურის და ზემო აჭარის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2001 წლის 27 სექტემბრის განკარგულების ბათილად ცნობა და ტექნიკური აღრიცხვის არქივში სს „...“ სახელზე არსებული ხელვაჩაურში, ... მე-... შესახვევი #... ბინა #...-ში მდებარე უძრავი ქონების შესახებ ჩანაწერის უკანონოდ ცნობა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სს „...“.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ეროვნული ბანკი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის და ზემო აჭარის სააღსრულებო ბიუროს აჭარის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2001 წლის 27 სექტემბრის განკარგულება ქონების ნატურით გადაცემის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ტექნიკური აღრიცხვის არქივში სს „...“ სახელზე ხელვაჩაურში, ... მე-... შესახვევი #... ბინა #...-ში მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ჩანაწერი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მართალია სააღსრულებო წარმოების მასალა არ იძებნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ განკარგულება ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი, მით უფრო იმ ფონზე, რომ სააპელაციო მოთხოვნის განხილვის მომენტისათვის, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადა ამოწურული იყო, რადგან გასაჩივრებული განკარგულება გაიცა 2001 წელს, ხოლო სადავოდ ქცეული/დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით ზ. მ-ემ სასამართლოს მიმართა 14 წლის შემდეგ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ირკვევა, რომ ხელვაჩაურის და ზემო აჭარის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად აუქციონზე გაიტანა მოვალის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა მდებარე დაბა ხელვაჩაურში, ... მე-... შესახვევი #... ბინა #.... ამასთან, მიუთითა, რომ რადგანაც პირველ და მეორე აუქციონზე მისი რეალიზაცია ვერ მოხდა, კრედიტორის, „...“ განცხადების საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონება გადაეცა ნატურით.
მოსარჩელის მოთხოვნა სადავო განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე მოტივირებულია იმ გარემოებით, რომ მისთვის უცნობი იყო აუქციონის ჩატარების შესახებ. ამასთან, 2000 წლიდან სასამართლოში სარჩელის შეტანის დღემდე „...“ მხრიდან არ ყოფილა არცერთი შეტყობინება ან მოთხოვნა არსებული დავალიანების გადახდის მოთხოვნის თაობაზე.
კრედიტორზე ნივთის ნატურით გადაცემამდე სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებდა ორი აუქციონის ჩატარებას, რომლის ჩატარების წესი განისაზღვრებოდა მითითებული კანონის XIII თავით.
საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით დადგენილია, რომ გარდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა, სხვა რაიმე დოკუმენტი, რითაც შესაძლებელი იქნებოდა სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის კანონიერების შეფასება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა და ვერც აღსრულების ეროვნული ბიუროს არქივში მოიძებნა. ამავდროულად, საქმეში წარმოდგენილია აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 24 ნოემბრის #112180 წერილი, რომლითაც დგინდება, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს არქივში დაცულია 2000 წლიდან დღემდე (წერილის გაცემის დღისათვის) დასრულებული სააღსრულებო წარმოებები, ამასთან, 2000-2002 წლების საქმეები განადგურებული არ ყოფილა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა უპირველესად სააღსრულებო მოქმედებების ამსახველი დოკუმენტების შეფასების შედეგადაა შესაძლებელი. იმისათვის, რომ შემოწმდეს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, უნდა არსებობდეს წარმოების პროცესის შემოწმების შესაძლებლობაც. იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარმოადგინა სააღსრულებო წარმოების მასალები და არც სადავო პერიოდში შექმნილი დოკუმეტების განადგურების შესახებ მტკიცებულება არსებობს, შეუძლებელია სადავო აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება, რაც ხელვაჩაურის და ზემო აჭარის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2001 წლის 27 სექტემბრის განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს და თანმდევი შედეგის სახით იწვევს სადავო ჩანაწერის გაუქმებასაც.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის საფუძველზე მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შეფასდეს საკითხი იმის შესახებ, თუ როდის უნდა გაეგო მოსარჩელე ზ. მ-ეს თავისი უფლების დარღვევის თაობაზე.
საქმეში არსებული მასალების მიხედვით, ზ. მ-ის მიერ სასამართლოში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც დათარიღებულია 2003 წლითა და მისი შემდგომი პერიოდით, კერძოდ: მშენებლობის ნებართვა, ბუნებრივი აირის ნასყიდობის ხელშეკრულება, კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრები. ამ დოკუმენტებით დგინდება ზ. მ-ის მიერ ტექნიკური აღრიცხვის არქივში სს „...“ სახელზე აღრიცხულ საცხოვრებელ სახლში ცხოვრების, სარგებლობისა და უძრავი ქონების გაუმჯობესების ფაქტი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 18.1 მუხლით გათვალისწინებული გარემოება - უფლების დარღვევის შეტყობის ვარაუდი, რაც მოცემულ შემთხვევაში გამორიცხავს ხანდაზმულობის ვადის გასვლას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საკასაციო საჩივარზე 18.09.2017წ. №14052 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.09.2017წ. №14052 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი