საქმე #330310016001304351
#ბს-957-953(კ-17) 11 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა კ. პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 4 აპრილს კ. პ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ #... პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების ფსიქოლოგის კ. პ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2016 წლის 29 თებერვლის #910 ბრძანების, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2016 წლის 29 თებერვლის #168174 დასკვნის ბათილად ცნობა, მოპასუხე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის კ. პ-ის სამსახურში აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და კ. პ-ისათვის 2016 წლის 25 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით კუთვნილი ხელფასისა და 2016 წლის 6 თებერვლიდან სამსახურში აღდგენამდე იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით კ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2016 წლის 29 თებერვლის #910 ბრძანება #... პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების ფსიქოლოგის კ. პ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; მოპასუხეს - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კ. პ-ის სამსახურში აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კ. პ-ისათვის 2016 წლის 25 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით კუთვნილი ხელფასისა და 2016 წლის 6 თებერვლიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაევალა; კ. პ-ის მოთხოვნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2016 წლის 29 თებერვლის #168174 დასკვნის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კ. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. პ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით, რომელსაც შეეძლო ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორის განმარტებით, დღემდე არ არის შესრულებული სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც კონსტიტუციის 82.2, 42.9 მუხლების, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.5 მუხლის, სასჯელაღსრულლებისა და პრობაციის სამინისტროს 25.01.16 წლის #MOC01600000398 ბრძანების არ შესრულებას და იმ პერიოდისთვის მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 112-ე და 127.5, 127.6 მუხლების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
კასატორი აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად მას უფლება წაერთვა ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას წარედგინა საკუთარი მოსაზრება ახსნა-განმარტების სახით, რის შედეგადაც ავადმყოფობის პერიოდში მისი მონაწილეობის გარეშე გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება სამსახურიდან მორიგი დათხოვნის შესახებ. საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ სხდომის დროს არ მიიღო ფაქტობრივი მასალა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რესოციალიზაციის მიმდინარეობის შესახებ. ამასთან, დარღვეულია თანასწორობისა და შეჯიბრობითობი პრინციპი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული კ. პ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #... პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების ფსიქოლოგის კ. პ-ის მიერ 5 დღეზე მეტი ხნით სამსახურის თვითნებურად მიტოვების ფაქტზე ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება, რომლის დროსაც გამოვლინდა შემდეგი: კ. პ-მა 2016 წლის 4 თებერვლის MOC 8 16 00095392 განცხადებით მოითხოვა კუთვნილი შვებულება 2016 წლის 4 თებერვლიდან 2016 წლის 4 მარტის ჩათვლით. 2016 წლის 5 თებერვალს შედგენილი სატელეფონო შეტყობინების ოქმის თანახმად, სოციალური განყოფილების უფროსი კ. გ-ი 2016 წლის 4 თებერვალს, 14:20 სთ-ზე ესაუბრა ამავე განყოფილების ფსიქოლოგს კ. პ-ს და განუმარტა, რომ იგი უნდა გამოცხადებულიყო სამსახურში, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა შვებულების თაობაზე იმ პირობებში, როდესაც განცხადება საშვებულებო პერიოდის დაწყებამდე სულ ცოტა 5 დღით ადრე უნდა წარედგინა. ამავე ოქმის მიხედვით, კ. პ-მა განაცხადა, რომ არ აპირებდა სამსახურში დაბრუნებას.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის #275 დადგენილებით დამტკიცებული სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების 23-ე მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით, სამინისტროს შემადგენლობაში არსებული გენერალური ინსპექცია ახორციელებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების კონტროლსა და დარღვევებზე რეაგირებას.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის #145 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შინაგანაწესის (ქცევის ზოგადი წესები) მე-8 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ხანგრძლივობით; ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადება შვებულების მოთხოვნის შესახებ მინისტრს უნდა წარედგინოს საშვებულებო პერიოდის დაწყებამდე სულ ცოტა 5 დღით ადრე, გარდა განსაკუთრებული ან/და ოჯახური პირობებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ შვებულების მოთხოვნის შესახებ განცხადება უნდა შეთანხმდეს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან. აღნიშნული შინაგანაწესის მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა შვებულებაში გასვლისას ამავე შინაგანაწესის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მოსამსახურეთათვის.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ კ. პ-მა დაარღვია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შინაგანაწესის მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნები, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან განცხადების დაწერისთანავე დატოვა დაწესებულების ტერიტორია და არ დაელოდა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა შვებულების განცხადებაზე უფლებამოსილი პირი. ამასთანავე, მას ადმინისტრაციული ორგანოსათვის განსაკუთრებული ან/და ოჯახური პირობებით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობის შესახებ არ მიუთითებია და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებაც არ წარუდგენია. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექცის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებისას წარმოების ფარგლებში კ. პ-თან სატელეფონო საუბრისას დადგენილ იქნა, რომ სამსახურის გაცდენა არ იყო გამოწვეული ავადმყოფობით და იმ დროისათვის იგი არ იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია კ. პ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2016 წლის 29 თებერვლის #910 ბრძანება კანონიერად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ. პ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი