Facebook Twitter

საქმე #330310015001065980

#ბს-981-977(2კ-17) 11 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივრისა და ქ. მ-ის შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 14 აგვისტოს ქ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისიის 2015 წლის 13 ივლისის #11 სხდომის ოქმის მე-3 პუნქტის (იმ ნაწილში („ბ“), რომლითაც ქ. მ-ს, როგორც „საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის“ (მიმართულება - სოციალური მეცნიერებები) კონკურსანტს ქულობრივი ზღვარის (70 ქულა) გადაულახველობის გამო, უარი ეთქვა დაფინანსების გამოყოფაზე) ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისთვის სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის არსებული კურსის მიხედვით ქ. მ-ის სასარგებლოდ სწავლის დაფინანსებისათვის საჭირო თანხის - 80 000 შვედური კრონისა და 10 თვის საყოფაცხოვრებო ხარჯის - 90 000 შვედური კრონის ექვივალენტის ლარებში გადახდის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისიის 2015 წლის 13 ივლისის #11 სხდომის ოქმი, მე-3 პუნქტის იმ ნაწილში, რომლითაც ქ. მ-ს, როგორც „საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის“ კონკურსანტს ქულობრივი ზღვარის (70 ქულა) გადაულახავობის გამო, უარი ეთქვა დაფინანსების გამოყოფაზე და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისიას საქმის გარემოებების დამატებითი გამოკვლევის გზით ქ. მ-თან მიმართებაში ახალი აქტის გამოცემა დაევალა; ქ. მ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო არ ასაბუთებს კონკრეტულად რომელი აქტებისა და ნორმების დარღვევით მოხდა მოსარჩელის შეფასება კონკურსის ფარგლებში. ასევე, სასამართლოს მსჯელობა კასატორის მიერ უფლებამოსილების კანონის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელების შესახებ არ არის მართებული.

კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის #303 დადგენილებით დამტკიცებულ „განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამაზე“, რომლის მიხედვითაც წარიმართა კონკურსი. კასატორის განმარტებით, კოორდინატორის მიერ კონკურსანტის განათლების კომპონენტის შეფასების დროს არ დარღვეულა კომისიის მიერ შეფასების დადგენილი წესი და ფორმა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაარგუმენტირებულია.

კასატორის მოსაზრებით, შეფასების პარამეტრებთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სამართლებრივად არ არის არგუმენტირებული, ვინაიდან „განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის #303 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მიხედვით, საკონკურსო კომისია შეიმუშავებს კანდიდატთა შერჩევის ფორმებს. სასამართლოს მსჯელობა, რომ მ-ის საკონკურსო განაცხადის შეფასება 0 ქულით ეწინააღმდეგება კომისიის მიერ დადგენილ შეფასების ფორმას, უსაფუძვლოა, ვინაიდან მტკიცებულებებითა და ფაქტობრივი გარემოებებით ნათლად დასტურდება ის ფაქტი, რომ კომისია მოქმედებდა მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და მ-ის შეფასება წარმოებდა კომისიის მიერ ქულობრივი ზღვრების ფარგლებში დადგენილი ფორმების შესაბამისად. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ სამუშაო გამოცდილების კომპონენტი ამოვარდნილია შეფასების თავისუფალი რეჟიმიდან, სცდება სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებისას მიღებული გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლებს. კასატორის განმარტებით, მართალია შეფასების ფორმებში მითითებულია კონკრეტული ქულები სამუშაო სტაჟის შესაბამისად, თუმცა ეს არ გამორიცხავს კომისიის წევრის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად 0 ქულის დაწერის შესაძლებლობას გამოცდილების არარელევანტურობისა თუ პროგრამის მიზნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში.

ამასთან, კასატორის განმარტებით, კონკურსანტი მეორე ეტაპზე შეაფასა ათივე კომისიის წვრმა, ხოლო მესამე ეტაპზე - ექვსმა. განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის #2 დანართის 7.5 მუხლის მიხედვით, კომისია გადაწყვეტილებაუნარიანია, თუკი მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. შესაბამისად, კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი.

ამასთან, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებაზე შეგებებული საკასაციო საჩივარი წარმოადგინა ქ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. ქ. მ-ი შეგებებულ საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. მ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი და ქ. მ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი და შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი და შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის #303 დადგენილებით დამტკიცებული „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამით შექმნილმა კომისიამ 2014 წლის 12 დეკემბრის #11 ოქმით დაამტკიცა საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამის კონკურსზე კონკურსანტთა ელექტრონული განაცხადის შეფასების ფორმა (დანართი #1) და გასაუბრების შეფასების ფორმა (დანართი #2). შეფასების ფორმებით დადგენილია, რომ მითითებული კონკურსის შეფასების პროცესი შედგებოდა 3 საფეხურისაგან. პირველი საფეხური გულისხმობდა ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებთან. მეორე საფეხური ითვალისწინებდა კომისიის მიერ ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის ხარისხობრივ (შინაარსობრივ) შეფასებას. მესამე საფეხური გულისხმობდა კომისიასთან გასაუბრებას. ამასთან, ერთიანი კონკურსის ფარგლებში, მაქსიმალურ შეფასებად განსაზღვრული იყო 106,5 ქულა. შეფასების მეორე საფეხურზე კონკურსანტს ენიჭებოდა მაქსიმუმ 60 ქულა, სადაც შეფასების კრიტერიუმები იყო: განათლება - 15 ქულა, სამუშაო გამოცდილება - 10 ქულა, რეკომენდაციები - 10 ქულა, სამოტივაციო წერილი - 25 ქულა. გასაუბრების ეტაპზე კონკურსანტს ენიჭებოდა მაქსიმუმ 40 ქულა. შეფასების სისტემა აგრეთვე ითვალისწინებდა მაქსიმუმ 6,5 ადმინისტრაციული ქულის მინიჭებას სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე პირთათვის. შეფასების ფორმებით ასევე დგინდება, რომ თითოეულ შესაფასებელ პარამეტრს (განათლება, სამუშაო გამოცდილება, რეკომენდაციები, სამოტივაციო წერილი) ჰქონდა განსაზღვრული ხვედრითი წილი 100%-ში და კომისიის წევრების მიერ შეფასებული აპლიკაცია/აპლიკანტი ქულების საშუალო რაოდენობის მაჩვენებლის გათვალისწინებით დაიკავებდა ადგილს კონკურსში.

იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის #303 დადგენილების შესაბამისად, კონკურსანტის შეფასება წარმოადგენს კომისიის კომპეტენციას, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენელისათვის შეფასების 15-ქულიანი შესაძლებლობის მინიჭებით, დაირღვა კონკურსის ჩატარების წესი, კერძოდ, ხარისხობრივი შეფასების ეტაპზე, ანუ კონკურსის მე-2 საფეხურზე, შეფასების 60-ქულიან სისტემაში, რაც წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ კომისიის კომპეტენციას, სათანადო სამართლებრივი წინაპირობების არსებობის გარეშე ჩაერთო იმ პირის 15-ქულიანი შეფასება, რომელსაც არ გააჩნდა აპლიკანტის შეფასების და მისთვის ქულების მინიჭების უფლებამოსილება.

ამასთან, საქმეში წარმოდგენილი საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამის ელექტრონული განაცხადის შეფასების ფორმის შესაბამისად, აპლიკანტის შეფასების მაქსიმალურ ქულად განსაზღვრულია 60 ქულა (+6.5 დანამატი/ბონუს ქულა). შეფასების ფორმის თანახმად, აპლიკანტის განათლება ფასდება სამი კომპონენტის საფუძველზე: 1. აკადემიური მოსწრება 2. აპლიკანტს მოპოვებული აქვს სხვა სასწავლო გრანტი ან მიმღები უნივერსიტეტის სტიპენდია და 3. არჩეული აკადემიური პროგრამული მიმართულებების რელევანტურობა წინა საფეხურის აკად. პროგრამის მიმართულებასთან. აპლიკანტის განათლების შეფასების მაქსიმალური ქულა განსაზღვრულია - 15 ქულით. ამასთან, აკადემიური მოსწრების შეფასების თვალსაზრისით განსაზღვრულია ქულთა შკალა 3-დან 5 ქულამდე, ხოლო დანარჩენ ორ ქვეკომპონენტში 1-დან 5 ქულამდე. ანალოგიურად, რეკომენდაციის და სამოტივაციო წერილის შეფასების ნაწილში, მაჩვენებელი ცუდი ფასდება 1 ქულით, ხოლო ძალიან კარგი - 5 ქულით. ამასთან, საყურადღებოა შეფასების ფორმაში გაკეთებული შემდეგი შინაარსის ჩანაწერა: „ზოგადად, რამდენი ქულით შეაფასებდით აპლიკანტის სამოტიცავიო წერილს 1-5 ბალიანი სისტემით“. რა შემთხვევაშიც აშკარაა, რომ კონკრეტიზირებულია შეფასების ზღვარი და ის განსაზღვრულია 1-დან 5 ქულამდე, რაც, ბუნებრივია, გამორიცხავს ქვედა და ზედა ზღვარის დარღვევის შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნული შეფასების ფორმის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება ნულოვანი შეფასების დაშვების შესაძლებლობის თაობაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ყურადსაღებია ელექტრონული განაცხადის შეფასების ფორმა, განსაკუთრებით აპლიკანტის სამუშაო გამოცდილების შეფასების ნაწილი, რომელიც ცალსახად გამორიცხავს შეფასების „0“ ქულიანი სისტემის დაშვების შესაძლებლობას. სამუშაო გამოცდილების შეფასების ნაწილი, ამოვარდნილია შეფასების თავისუფალი რეჟიმიდან და ფორმაში კონკრეტულადაა გაწერილი, რომ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფასდება 1 ქულით; 1.5 წელი - 2 ქულით; 2 წელი - 3 ქულა, 2.5 წელი - 4 ქულა, 3 წელი - 5 ქულა. სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა, რომ ყველა შესაძლო ვარიანტის დაშვების პირობებშიც კი, გამოირიცხება სამუშაო გამოცდილების ნაწილში „0“ ქულით შეფასების შესაძლებლობა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სამუშაო გამოცდილების ქონა ქმნიდა აპლიკანტის კონკურსზე დაშვების ფორმალურ საფუძველს.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კომისიის ერთ-ერთი წევრის მიერ აპლიკანტისათვის ყველა კომპონენტში „0“ ქულის მინიჭება, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია კონკურსანტის შეფასების წესის დარღვევად, ასევე პალატის მიერ მართებულად იქნა განსაზღვრული, რომ იმ პირობებში, თუ კომისიის წევრი მონაწილეობდა კონკურსანტის შეფასების მე-2 ეტაპზე, მას არ გააჩნდა შეფასების „0“ ქულიანი სისტემის გამოყენების შესაძლებლობა, ხოლო იმ პირობებში, თუ მას შეფასების დადგენილ ეტაპზე მონაწილეობა არ მიუღია, მისი მონაწილეობა უნდა ამოირიცხოს მე-2 ეტაპის საშუალო მაჩვენებლის შეჯამების პროცესიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და ასევე მას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს და ქ. მ-ს უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა თითოეულს 90 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი და ქ. მ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება;

3. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 90 ლარის გადახდა;

4. ქ. მ-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 90 ლარის გადახდა;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი