Facebook Twitter

საქმე #330310016001411306

#ბს-1031-1025(კ-17) 25 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა(ა)იპ „...“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 27 ივნისს ა(ა)იპ „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ.

მოსარჩელემ მოპასუხე საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში ა(ა)იპ „...“ 2016 წლის 13 მაისის #გ01/535/2016 წერილით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ „...“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ივლისის განჩინებით ა(ა)იპ „...“ სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ „...“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მხრიდან მოთხოვნილი ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის კატეგორიიდან ამორიცხვა არსებითად განხორციელდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის არასწორი განმარტების შედეგად.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის არსს არა ზოგადად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მოქმედების სფერო ან/და კონკრეტულად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის ფუნქცია წარმოადგენს, არამედ დავა შეეხება უშუალოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის არსს. კერძოდ კი, რამდენად ვრცელდება მითითებული ნორმის მოქმედება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მოთხოვნლი ინფორმაცია უშუალოდ არ შეეხება და არ წარმოადგენს ინფორმაციას, აღმასრულებელ ხელისუფლების ორგანოთა 3.4 მუხლით იმპერატიულად დადგენილი კონკრეტული საქმიანობის თაობაზე, არამედ წარმოადგენს, აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის მრავალჯერადი მოწესრიგების სახელმძღვანელო დოკუმენტს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა(ა)იპ „...“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ „...“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია ა(ა)იპ „...“ დირექტორის 2016 წლის 13 მაისის განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს თუ არა საჯარო ინფორმაციას. აღნიშნული განცხადებით მოთხოვილ იქნა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის მიერ შემუშავებული შესაბამისი გაიდლაინის/რეკომენდაციის ასლი.

საქართველოს კონსტიტუციის 41.1 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 10.1 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ ორგანოში არსებული საჯარო ინფორმაციის გაცნობის, აგრეთვე მათი ასლების მიღების წესი განისაზღვრება ამ კოდექსის III თავით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს საკითხის საჯაროდ განხილვა, თუ ამას ითვალისწინებს კანონი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია: ა) დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლის-სამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან; ბ) ოპერატიულ სამძებრო საქმიანობასთან. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთავარი პროკურატურის იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პროკურატურის, როგორც საჯარო დაწესებულების, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო-სამრთლებრივი უფლებამოსილების - ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელებასთან. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს მთავარი პროკურატურის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან, სისხლის სამართლის საქმის წარმოებასა და ოპერატიულ სამძებრო საქმიანობასთან.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ ა(ა)იპ „...“ მიერ საჯარო ინფორმაციის სახით მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. მუხლის „მ“ ქვეპუნქტით რეგლამენტირებულ საჯარო ინფორმაციას, ვინაიდან ნებისმიერ დანაშაულთან მიმართებით, მთავარი პროკურატურის მიერ შემუშავებული შესაბამისი გაიდლაინი/რეკომენდაცია (დოკუმენტი), შიდა სამსახურეობრივი სარგებლობისათვის გამოცემული დოკუმენტი წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან, სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან, ოპერატიულ სამძებრო საქმიანობასთან დაკავშრებულ მთავარი პროკურატურის საქმიანობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან, სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან, ოპერატიულ სამძებრო საქმიანობასთან დაკავშრებულ მთავარი პროკურატურის საქმიანობას, აღნიშნულ ნაწილში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 3.4 მუხლის საფუძველზე ვერ გავრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოქმედება. ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დაასკვნეს, რომ ა(ა)იპ „...“ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა ვერ მოხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ა(ა)იპ „...“ საკასაციო საჩივარზე 16.10.2017წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ა(ა)იპ „...“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა(ა)იპ „...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ივლისის განჩინება;

3. ა(ა)იპ „...“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.10.2017წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი