Facebook Twitter

საქმე #330310015001116668

#ბს-1043-1037(კ-17) 25 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 8 ოქტომბერს ვ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის #03/251 ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის ვ. კ-ის 2015 წლის 13 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრის არსებითად განიხილვის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 აგვისტოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა ვ. კ-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, სასამართლომ არ გამოიყენა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის 6.1 მუხლი. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. ასევე, არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1, 102.3 და 105.2 მუხლები.

კასატორი არ იზიარებს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მას თავის დროზე კანონით დადგენილ ვადაში არ გაუსაჩივრებია თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება და ის უკვე წარმოადგენს კანონიერ ძალაში მყოფ აქტს და აღნიშნავს, რომ მოპასუხეს 2013 წლის 27 მარტამდე მისთვის არ გადაუცია სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება.

კასატორისთვის გაუგებარია, რატომ არ გაიზიარა სასამართლომ მისი განმარტება იმის თაობაზე, რომ მოპასუხის უკანონო ქმედების გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის გაშვება მოხდა მოპასუხისა და ... კოლეჯის უძრავი ქონების მესაკუთრის - თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიზეზით. აღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180.4 მუხლზე.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაიზიარა მისი განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება სამინისტროს მისთვის არ გადაუცია, 2013 წლის 27 მარტის წერილით გადაცემის გარდა, ის მოკლებული იყო შესაძლებლობას ამ ბრძანების რეკვიზიტები მიეთითებინა ჯერ კიდევ 2013 წლის 25 თებერვლის განცხადება/საჩივარში და ასლის სახით დაერთო მასზე. კასატორის მოსაზრებით, შეუძლებელია 2013 წლის 25 თებერვლის განცხადების შინაარსი გაგებულ იქნეს როგორც განცხადება. კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „თ“ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნა გაიგივებულ იქნეს მხოლოდ უფლების მოპოვებასთან.

კასატორისთვის დაუსაბუთებელია სასამართლოს მიერ მოპასუხის პოზიციის გაზიარება იმის შესახებ, რომ 2013 წლის 11 მარტის წერილით მოსარჩელეს არ წარმოეშვა კანონიერი მოლოდინი იმის თაობაზე, რომ არ იყო გამორიცხული დამდგარიყო ის ეტაპი, რა დროსაც სასწავლებლის მოქმედი დირექტორის გათავისუფლების შემთხვევაში ვ. კ-ს აღადგენდა ... კოლეჯის ტოლფას თანამდებობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 16 სექტემბრის #1/175 ბრძანებით ვ. კ-ი გათავისუფლდა სსიპ საშულო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - ... კოლეჯის დირექტორის თანამდებობიდან. ამასთან, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 16 სექტემბრის #1/178 ბრძანებით სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - ... სასწავლებლის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ლ. ო-ი.

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის #03/251 ბრძანების ბათილად ცნობას და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის ვ. კ-ის 2015 წლის 13 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრის არსებითად განიხილვის დავალებას.

სადავო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის #03/251 ბრძანებით ვ. კ-ის ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი, რომლითაც იგი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2015 წლის 23 ივნისის #12/12-3611 წერილისა და 2015 წლის 15 ივლისის #04/13-4025 წერილის ბათილად ცნობასა და სამინისტროსთვის ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალდებულებას ითხოვდა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2015 წლის 23 ივნისის #12/12-3611 წერილით სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - ... სასწავლებელს ეცნობა, რომ სამინისტროს შიდა აუდიტის და მონიტორინგის დეპარტამენტმა განიხილა სასწავლებლის 2015 წლის 12 ივნისის #63 წერილი და თანდართული დოკუმენტები 2009-2010 წლებში საქმისწარმოებაში დაშვებული ხარვეზებისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის გარკვეულ მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობის შესახებ. სასაწავლებელს დაევალა გამოვლენილ პასუხისმგებელ პირთა მიმართ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2015 წლის 15 ივლისის #04/13-4025 წერილით ვ. კ-ს ეცნობა, რომ სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - ... სასწავლებლის ხელმძღვანელის ლ. ო-ის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები არ იკვეთებოდა, შესაბამისად, სამინისტრომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია 2015 წლის 13 მარტის #5483 განცხადების დაკმაყოფილება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ვ. კ-ი არ წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს მოეთხოვა ლ. ო-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება, ვინაიდან აღნიშნული პირის თანამდებობაზე დანიშვნით არ შეზღუდულა მისი კანონიერი ინტერესები. აღსანიშნავია, რომ ვ. კ-ზე გავლენა მოახდინა მინისტრის იმ ბრძანებამ, რომლითაც იგი გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან, რომელიც საქმის მასალების მიხედვით მას 2016 წლის 10 მარტამდე სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, ამ შემთხვევაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსადმი ვ. კ-ის მიმართულ ადმინისტრაციულ საჩივარს არ გააჩნია კანონით დაცული ინტერესი.

ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ ვ. კ-ი არ წარმოადგენს უფლებამოსილ პირს მოითხოვოს ... სასწავლებლის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლება და შემდგომ თავის დანიშვნა აღნიშნულ თანამდებობაზე. ასევე, სასამართლოებმა მართებულად განმარტეს, რომ ... დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლება (ნებისმიერი საფუძვლით) ვერ წარმოშობს ვ. კ-ის თანამდებობაზე აღდგენის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2013 წლის 11 მარტის #04/13-915 წერილზე მოსარჩელის კანონიერ ნდობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების - ... სასწავლებლის წესდების“ 4.9 მუხლზე მითითებით, მართებულად განმარტა, რომ ვ. კ-ის მიერ სადავოდ გამხდარი ბრძანებით სწორად იქნა მიჩნეული, რომ მოცემულ შემთხვევაში სამინისტროს 2013 წლის 11 მარტის #04/13-915 აქტი არ შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 აგვისტოს განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი