Facebook Twitter

საქმე # 330310017001676453

საქმე №ბს-1164-1158(კ-17) 13 თებერვალი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე - ი. გ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. გ-ამ 2017 წლის 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის №3500 ბრძანების ბათილად ცნობა - ი. გ-ას ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე და მოპასუხისათვის ქ. თბილისში მცხოვრებ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მომდევნო ეტაპისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ი. გ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით ი. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის №3500 ბრძანება ი. გ-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ქ. თბილისში მცხოვრებ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მომდევნო ეტაპისთვის გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ი. გ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით, ი. გ-ა დევნილად რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, ნაძალადევი, ... ქ.№3 ბ. 33. მან, როგორც იძულებით გადაადგილებულმა პირმა, 2013 წლის 16 ოქტომბერს შეავსო განაცხადი ქ.თბილისში, ..., მე-... მ/რ, კვ. ...-ში მდებარე ობიექტზე, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ერთ სულზე. სამინისტრომ შეისწავლა აღნიშნული განაცხადი და ი. გ-ას წინასწარი შეფასებით მიენიჭა ცხრა ქულა. ადმინისტრაციული წარმოებისას დადგინდა, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში გააჩნია მიწის ნაკვეთი აბაშის რაიონში (ს/კ ...). საქმეში წარმოდგენილი მონიტორინგის მასალით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე - ი. გ-ა ცხოვრობს შვილის - კ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, მისამართზე: ქ.თბილისი, ... ქ. №3 ბ. 33, 2010 წლიდან, ხოლო თავად კ. ბ-ი, ოჯახთან ერთად იმყოფება საზღვარგარეთ, კერძოდ, ისრაელში.

კასატორი მიუთითებს, რომ განმცხადებლის თვიური შემოსავალი შეადგენს 1160 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ საკითხის განხილვისას ი. გ-ას, ამ ეტაპზე აუცილებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, რის შესაბამისადაც, გამოიცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის №3500 ბრძანება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. გასაჩივრებულ ბრძანებას საფუძვლად დაედო საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე მოკვლევის მასალები.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და სრულად უგულებელყო საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებული იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით განსაზღვრული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების მიღებისა და მისი განხილვის წესი. ასევე დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურა და კრიტერიუმები.

კასატორი განმარტავს, რომ ვერ იზიარებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ ი. გ-ას არ მიეცა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა, ვინაიდან მონიტორინგის განხორციელებისას იგი თავად იმყოფებოდა მისამართზე: ქ.თბილისი, ... ქ.№3 ბ.33, სადაც ცხოვრობს 2010 წლიდან. ოქმში სრულად არ არის ასახული თავად მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. აღნიშნულს საკუთარი ხელმოწერით ადასტურებს თავად ი. გ-ა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მაისის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ი. გ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის მიხედვით, 1999 წლიდან განსახლებული იყო დიდუბეში, ... შენობაში. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის მიხედვით, დროებით საცხოვრებელ ადგილად და ასევე ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია - თბილისი, ... ქ. 3, ბ. 33.

ი. გ-ას მიერ შევსებული განაცხადის თანახმად, განაცხადი გაკეთებულია ... დას. ... მ/რ. კვ. ...-ში არსებულ განსახლების ობიექტზე. ამავე განაცხადის მიხედვით, დაფიქსირებულნი არიან ცალკე მცხოვრები ოჯახის წევრები - შვილი - კ. ბ-ი, და - ლ. ჭ-ა და ლ. მ-ი. შვილი - გ. ბ-ი არის ომში დაღუპული.

მონიტორინგის მასალების თანახმად, სამინისტროს თანამშრომლების მიერ მონიტორინგი ჩატარდა ქ. თბილისში, ... ქ. კორპ. 3, ბინა N33-ში. განმცხადებლის გასაუბრებისას დადგინდა, რომ 2013 წლიდან ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე, 2010-2011 წლებში ცხოვრობდა დასთან, აბაშის რაიონის სოფ. .... საკუთრებაში აქვს მიწის ნაკვეთი აბაშის რაიონის სოფ. ....

საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ი. გ-ას საკუთრებაში აქვს 3225 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მდებარე: აბაშის რაიონი, სოფ. ... (რეგ. N...).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შეფასების თანახმად, ი. გ-ას ოჯახის შეფასების ქულამ შეადგინა 9 ქულა. ერთოთახიანი ბინის გადაცემის საკითხი განხილულ იქნა ოჯახებისათვის, რომელთაც მიენიჭათ 6,5 ქულა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 13 დეკემბრის ბრძანებით ი. გ-ას ოჯახს უარი ეთქვა ამ ეტაპზე განსახლების აუცილებლობის არარსებობის გამო გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

საკასაცსიო პალატა წარმოდგენილ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო წარმოების ეტაპზე წარმოდგენილი არგუმენტაცია და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოხდა აღნიშნული არგუმენტების გაქარწყლება.

საკასაცსიო პალატა იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას და აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისას უგულებელყო როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ისე საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სამოქმედო გეგმა, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დევნილი პირის ინფორმირებულ მონაწილეობას, რამეთუ კონკრეტულ საკითხზე შესაძლო უარყოფითი გადაწყვეტილების საფუძვლად მიჩნეულ გარემოებაზე დევნილის მიერ წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით მიეღო გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან საკითხზე - ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტთან მიმართებით წარედგინა მოსაზრებები, არსებობის შემთხვევაში სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც ხელს შეუწყობდა ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად საკითხის გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე.

საკასაციო პალატა იზიარებს და მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ არ იყო გამოკვლეული შესაბამისი გარემოებები, რაც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად და არასწორად დადგინდა თითქოს არსებობდა მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ზემოთქმული გარემოებების გათვალისწინებით აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად იქნა შეფასებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის №3500 ბრძანება და სწორად დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ქ. თბილისში მცხოვრებ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მომდევნო ეტაპისთვის გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი. გ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 სექტემბერის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე