Facebook Twitter

საქმე # 050310016001375563

საქმე Nბს-419-416(კ-17) 19 სექტემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებლი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - კ. ა-ე (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ვ-ე (მოსარჩელე)

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონალური ოფისი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი - ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ზ. ვ-ემ 2016 წლის 27 მაისს სარჩელი აღძრა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და კ. ა-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა კ. ა-ის სახელზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, საკრებულოების გარე სავარგულებში, მდებარე უძრავ ქონებაზე, სარეგისტრაციო ჩანაწერის, საკადასტრო კოდით N..., ბათილად ცნობა ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 22 აპრილის N ... გადაწყვეტილებით გადაფარვის ნაწილში.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ. ვ-ის სარჩელი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც კ. ა-ის სახელზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, საკრებულოს გარე სავარგულებში მდებარე უძრავ ქონებაზე განხორციელდა სარეგისტრაციო ჩანაწერი, საკადასტრო კოდით N ..., ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 22 აპრილის N ... გადაწყვეტილებით დადგენილი გადაფარვის ნაწილში; დაევლა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონალურ ოფისს, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება, კ. ა-ის სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ა-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინებით კ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის გადაწყვტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. ა-ემ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებზე მითითებით ისე დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, რომ არ შეუმოწმებია ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით; სააპელაციო საჩივარში კი სწორედ ფაქტობრივი გარემოებების შესწავლაზე იყო ყურადღება გამახვილებული, კერძოდ იმაზე, რომ დადგენილი ყოფილიყო ნამდვილად სადავო ტერიტორიაზე აქვს თუ არა საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთი ზ. ვ-ეს. N726 მიწის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად ზ. ვ-ის მიწის ნაკვეთს, რომლის საიდენტიფიკაციო კოდი არის - .... ჩრდილოეთით ესაზღვრება ა. ჩ-ე, სამხრეთით ა. რ-ა; აღმოსავლეთით ... ფართობი, დასავლეთით- მაგისტრალური არხი. კასატორი მიუთითებს, რომ ზ. ვ-ის სარჩელის თანახმად მისთვის გადაცემული ფართობი დარეგისტრირებული აქვს კ. ა-ეს. თუ ეს ფართობები ერთი და იგივეა, მაშინ ფაქტიურად კ. ა-ის ბინისა და მიწის ფართობს საკადასტრო კოდი N..., რომელზედაც დგას ეს ბინა, უნდა ესაზღვრებოდეს ზ. ვ-ის კუთვნილ ფართს. კასატორი მიუთითებს, რომ მის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იქნა შუამდგომლობა, რომელსაც დართული ჰქონდა კ. ა-ის ბინის ფოტოსურათები, საიდანაც ჩანს, რომ მის ბინას ჩრდილოეთით ესაზღვრება ... სასოფლო გზა, აღმოსავლეთით ... ფართობი. აღნიშნული დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნახაზითაც, კ. ა-ის მიწის ნაკვეთისა და ბინას ჩრდილოეთით ესაზღვრება სასოფლო გზა, აღმოსავლეთით ... ტერიტორია. მისი ბინა მდებარეობს გზაჯვარედინის სამხრეთ-დასავლეთით და მიწის სარეგისტრაციო კოდი არის ....

კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემული ნახაზის კარგად გაცნობის შემდეგ აშკარა გახდება, რომ ამ ტერიტორიაზე შესაძლებელი არ არის არსებობდეს მიწის ნაკვეთი, რომელსაც შეიძლება იმ პირების მიწის ფართობები ესაზღვრებოდეს, რომლებიც არის მითითებული ზ. ვ-ისათვის გადაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტში; ზ. ვ-ის სახელზე დაუზუსტებელი რეგისტრაციით გაცემული მიწის ნაკვეთი, რომლის საიდენტიფიკაციო კოდი არის ..., ამ ტერიტორიაზე არ არის აღნიშნული.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლო საერთოდ არ მსჯელობს აპელანტის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობისა და მასზე დართული ფოტოსურათების შესახებ, საერთოდ არ არის ნახსენები, თუ რა ფაქტობრივი გარემოებების გამო მოითხოვს აპელანტი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო თავის განჩინებაში წერს, რომ 2005 წლის 27 ოქტომბრის უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათით ზ. ვ-ის სახელზე განხორციელდა მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი რეგისტრაცია. ასევე სარეგისტრაციო სამსახურს კ. ა-ის სახელზე ნაკვეთის რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთზე სხვა პირის საკუთრების უფლების არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტი საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან. მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი რეგისტრაცია ნიშნავს, რომ არ არის დადგენილი მიწის ადგილმდებარეობა. ზ. ვ-ის მიწის დაუდგენელი იყო აქამდე და ახლაც დაუდგენელია. აღნიშნულის გამო კ. ა-ეს მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებით საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურს არ შეულახავს ზ. ვ-ის ინტერესები. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლო წერს, რომ ზ. ვ-ისთვის და კ. ა-ისთვის მიწის ნაკვეთი არ არის იდენტური. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ვ-ეს ეკუთვნის მიწის ის ფართობი, რომლესაც ჩრდილოეთით ა. ჩ-ის ფართობი კი არა ... სასოფლო გზა ესაზღვრება. ასეთი ფაქტობრივი გარემოებების მიუხედავად სააპელაციო სასამართლო საწინააღმდეგოს ამტკიცებს: რომ „ზ. ვ-ისათვის საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეები ემთხვევა მისთვის საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები არ არის მოცემული მიწის განაწილების რუკაზე“. მიწის გადანაწილების რუკაზე არ არსებობს მიწის ნაკვეთი, რომელსაც ემთხვევა ზ. ვ-ისათვის საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის განჩინებით კ. ა-ის საკასაციო საჩივარი ადმიისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

ზ. ვ-ის და კ. ა-ის საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთებზე დასტურდება მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტებით. დადგენილია, რომ ზ. ვ-ისათვის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №726 აქტით და კ. ა-ისათვის №732 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული მიწის ნაკვეთები, არ არის იდენტური, რამდენადაც მათი მოსაზღვრეები სხვადასხვაა. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაერკვია მიწის ნაკვეთების ზუსტი ადგილმდებარეობა. რამდენადაც, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარეთათვის გადაცემული მიწის ნაკვეთები არ არის იდენტური. დასადგენია მომიჯნავე ნაკვეთების ზუსტი ადგილმდებარეობა, რაც სარეგისტრაციო სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება. ამდენად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სარეგისტრაციო სამსახურს, კ. ა-ის სახელზე ნაკვეთის რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთზე სხვა პირის საკუთრების უფლების არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, გამოეკვლია სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთები და მათი შესაბამისი კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რაც შესაძლებელს გახდიდა დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინება;

3. კასატორს - კ. ა-ეს (ს/კ ...) დაუბრუნდეს 05.04.2017წ. №456 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე