საქმე # 010310015001012254
საქმე Nბს-428-425(კ-17) 19 სექტემბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ა-ე ( მოსარჩელე)
მესამე პირი - ო. ა-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. ა-ემ 2015 წლის 19 ივნისს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 აპრილის №2 საოქმო გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე გამოცემული „მ. ა-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2015 წლის 20 მაისის №26 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის დავალება მ. ა-ე შეიყვანოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა კომპენსაციის მიღების მქონე პირთა სიაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 მარტის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში მ. ა-ის სარჩელისა გამო მოპასუხის - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების დავალდებულების თაობაზე მოთხოვნით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაება - ო. ა-ე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 აპრილის №2 საოქმო გადაწყვეტილება და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2015 წლის 20 მაისის ბრძანება; მოპასუხეს - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. ა-ის მიერ საკომპენსაციო სიაში შეყვანის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2013 წლის 23 მაისის №12-01-03/2639 წერილით მუნიციპალიტეტს დაევალა აჭარის შემოვლითი საავტომობილო გზის ქობულეთის მონაკვეთზე მიმდინარე განსახლების პროცედურების მიმდინარეობისას მოქალაქეთა მხრიდან წამოჭრილი სადავო საკითხების შესწავლა, რეალურ მფლობელთა იდენტიფიცირება და საბოლოოდ დაზუსტებული, შეჯერებული მონაცემების მიწოდება დეპარტამენტისთვის. კასატორი აღნიშნავს, რომ ხსენებული საკითხის შესწავლის მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №72 განკარგულების საფუძველზე შეიქმნა „ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილი სადავო საკითხთა შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი“. ჯგუფის მუშაობის სამოქმედო პერიოდი განისაზღვრა 12 სექტემბრის ჩათვლით.
კასატორი ასევე განმარტავს, რომ სოფელ ... მცხოვრებ მოქალაქეთა შორის წამოჭრილ სადავო საკითხებთან დაკავშირებით არაერთი მოსმენა გაიმართა და მიუხედავად ჯგუფის არაერთი მცდელობისა მხარეთა შორის ვერ შედგა მორიგება. აღნიშნულის გათვალისიწინებით ჯგუფი ვალდებული იყო მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება, წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად. ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთზე დაწყებული იყო გზის მშენებლობა, მისი მფლობელის იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, მოწმეთა ჩვენებები არასარწმუნო იყო, ვინაიდან ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებს ადასტურებდნენ. შესაბამისად ჯგუფისთვის საკითხის გადაწყვეტის ერთ-ერთი საუკეთესო გზა იყო მორიგება და აღნიშნულის მიუღწევლობის შემთხვევაში მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა მიღებულიყო საბოლოო გადაწყვეტილება.
კასატორი მიუთითებს, რომ წარმოდგენილი საარქივო დოკუმენტებით დგინდებოდა 1930 წლის მდგომარეობით ჩამოსართმევი მიწების კატეგორია სოფელ ..., ... და .... ამასთან, მტკიცებულებით ვერ დგინდება მოთხოვნილ მიწებს შორის გადაფარვისა და იმის დადგენა აღნიშნული მიწის ნაკვთები ჩამორთმეულ კატეგორიაში, ვინაიდან საარქივო ცნობას არ ახლავს ჩამორთმეული მიწის ნაკვეთის ნახაზი. კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის №494 და 2011 წლის 12 აპრილის №801 განკარგულებების შესაბამისად მიწების სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაცია უნდა განხორციელდეს თვითნებურ სარგებლობაში არსებულ დაურეგისტრირებელ და უკვე გამოსყიდულ მიწის ფართობზე. კასატორი აღნიშნავს, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე უკვე გადის ავტობანი და ადგილზე დათვალიერებით მფლობელის ვინაობა ვერ დადგინდება. მოწმეების დაკითხვა არასარწმუნოა, ვინაიდან ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებზე მიუთითებენ. სოფლის ტერიტორიულ ორგანოს უკვე მიწოდებული აქვს მის ხელთ არსებული ინფორმაცია დეპარტამენტისთვის და სხვა ახალ გარემოებებს ვერ დაადასტურებენ. კასატორი მიუთითებს, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არ არის დაცული საარქივო დოკუმენტაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით არ არსებობს საქმის უკან დაბრუნების საფუძველი, რადგან ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორად იმსჯელა ადმინისტრაციული წარმოების დროს და ძალაში დატოვა ჯგუფის გადაწყვეტილება.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაზე დაბარებული იყო ყოფილი რწმუნებული ზ. ბ-ე, რომელმაც კატეგორიულად უარყო რაიმე სახის მფლობელობა მ. ა-ის მიერ აღნიშნულ მიწის თაობაზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული არ იქნა ო. ა-ე, რომელსაც იგივე მოთხოვნა გააჩნდა, რაც მ. ა-ეს. კასატორისთვის გაურკვეველია რა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით იქნა მიღებული განსხვავებული გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მაისის განჩინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მ. ა-ის მიერ მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტის დასადგენად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ ამომწურავად უნდა ყოფილიყო შესწავლილი კონკრეტული მიწის ნაკვეთის მდებარეობა, დანიშნულება, აგრეთვე ის გარემოება, ყოველწლიურად ხდებოდა თუ არა მიწის ნაკვეთის გამოყენება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, მიწის ნაკვეთით სარგებლობდა მოსარჩელე, თუ ნაკვეთი სხვა პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში იყო. ამასთან, საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი იყო მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტის დადგენა არა ამ გზის მონაკვეთზე მშენებლობის დასრულების შემდეგ, არამედ საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ჩოლოქი-სარფის გზის ახალი მიმართულების (ქ. ბათუმისა და ქ. ქობულეთის შემოვლით) მშენებლობის დაწყების დროისათვის. ამის ნაცვლად, საკრებულო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადგილზე დათვალიერებითა და სხვა საპროცესო მოქმედებებით შეეცადა გამოეკვლია და დაედგინა ფაქტობრივი გარემოებები მიწის ნაკვეთით სარგებლობის შესახებ, დღეის მდგომარეობით, რაც არ შეიძლება გახდეს საფუძველი იმ საკითხის გადასაწყვეტად, მოსარჩელე უნდა ყოფილიყო თუ არა შეყვანილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა კომპენსაციის მიღების მქონე პირთა სიაში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა ის გარემოება, რომ შემოვლითი გზის პროექტის განხორციელებისა და მშენებლობის დასრულების შედეგად, სადავო მიწის ნაკვეთს დაეკარგა ის დანიშნულება და სარგებლობა-გამოყენების შესაძლებლობა, რაც მშენებლობის დაწყებამდე გააჩნდა. ამიტომ გასაჩივრებულ აქტში იმ გარემოებაზე მითითება (დასკვნა), რომ მიწის ნაკვეთზე უკვე გადის შემოვლითი გზა და არ დგინდება სარგებლობის ფაქტი, არ შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიწის ნაკვეთების რეალურ მფლობელთა იდენტიფიცირებისა და დაზუსტებული მონაცემების მოსაძიებლად, სრულყოფილი და ამომწურავი გამოკვლევის საფუძველზე მიღებულ დასკვნად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე