საქმე # 330310015001019429
საქმე Nბს-745-741 (კ-17) 12 დეკემბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - თ. წ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე),
ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. წ-ამ 2015 წლის 26 ივნისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 25 დეკემბრის №000839 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 22 მაისის №327 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. წ-ას სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. წ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის განჩინებით თ. წ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. წ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით, სასამართლომ უსაფუძვლოდ ცნო დადგენილად სადავო ფაქტობრივი გარემოება, რომ თ. წ-ას მიერ არ იქნა აღმოფხვრილი ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 6 ნოემბრის თარიღით შედგენილი №000839 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც ემყარებოდა იმ გარემოებას, რომ თ. წ-ას მიერ დარღვეული იყო სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 25 ივნისის №1351676 გადაწყვეტილებით დადასტურებული ფოტომონტაჟით განსაზღვრული პირობები და შეცვლილი იყო სახურავისა და სამერცხულის კონფიგურაცია და გაბარტი.
კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და განმარტავს, რომ ვინაიდან განსახილველ საქმეზე, სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტი არ იყო დადასტურებული საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლოს არ ჰქონდა საფუძველი დადასტურებულად მიეჩნია სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა, შესაბამისად დაედგინა, რომ თ. წ-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა შესაბამისი სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენას და შემდეგომ მისი აღმოუფხვრელობის ფაქტს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით თ. წ-ს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. წ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად(იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). მართალია, ზემოაღნიშნული დადგენილებით I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა მშენებლობა დასაშვებია ნებართვის გარეშე, თუმცა შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურა, რაც ნიშნავს იმას, რომ I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელმა პირმა უნდა მიმართოს ნებართვის გამცემ ორგანოს და აცნობოს მის მიერ განზრახული I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის შესახებ, რომელზეც ნებართვის გამცემი ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დაგეგმილი მშენებლობის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობის თაობაზე. ზემოაღნიშნული დადგენილების 66-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა–ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ... ქუჩა №11-ში (ს/კ ...) თ. წ-ას მიერ განხორციელდა სამშენებლო სამუშაოები სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, კერძოდ: ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 25 ივნისის №1351676 გადაწყვეტილებით დადასტურებული ფოტომონტაჟის დარღვევით. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო - სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა - ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ თ. წ-ას მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის ისეთ დარღვევას, რაც მისი დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს, ამასთან საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას საინჟინრო - ტექნიკური ექსპერტიზის არარსებობის გამო, დაჯარიმების შეუძლებლობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს გააჩნია კანონისმიერი ვალდებულება, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევებში და გამოვლენიდან კანონით განსაზღვრულ დროში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სამსახურისათვის ცნობილი გახდა სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ, ის ვალდებული იყო დაეწყო შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება. დადგენილია, რომ თ. წ-ას მიერ, არ იქნა აღმოფხვრილი, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 06 ნოემბრის შედგენილი №000839 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები, შესაბამისად, სააპელაცი სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 25 დეკემბრის №000839 დადგენილების გამოტანის პროცესში არ დარღვეულა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები და არ არსებობს გასაჩივრებული დადგენილების გაუქმების საფუძველი.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. წ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის განჩინება;
3. კასატორს - თ. წ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 25.09.2017წ. №1751267480 სალაროს შემოსავლის ორდერით ბ. მ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე