საქმე # 330310016001385442
საქმე Nბს-766-762 (კ-17) 12 დეკემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ხ-ი (მოსარჩელე)
მესამე პირი - თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ხ-მა 2016 წლის 6 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 23 მაისის №01-02/08/14101 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სამინისტროს დაეკისროს მ. ხ-ის სასარგებლოდ კომპენსაციის თანხის - 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ჩაბმულ იქნა თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 23 მაისის №01-02/08/14101 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მ. ხ-ის სასარგებლოდ სამინისტროს დაეკისრა კომპენსაციის თანხის - 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის გადახდა;
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფისათვის დამატებითი ღონისძიების განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის #915, 2009 წლის 12 იანვრის #10, 2009 წლის 19 თებერვლის #127, 2009 წლის 24 ივლისის #534, 2010 წლის 2 მარტის #267 და 2010 წლის 3 ივლისის #856 განკარგულებებზე და აღნიშნავს, რომ მითითებული განკარგულებები წარმოადგენს ერთჯერადი ხასიათის სამართლებრივ აქტებს, რომელთა მოქმედება დროში დაკავშირებული იყო მასში გათვალისწინებულ საკომპენსაციო თანხების ოდენობასთან. დღეის მდგომარეობით განკარგულებებით გათვალისწინებული თანხა სრულად არის ამოწურული, შესაბამისად, ვერ განხორციელდება მოსარჩელის დაკმაყოფილება საკომპენსაციო თანხით, თუმცა სამინისტროს დარჩა ვალდებულება, რომ ამგვარი თანხებით დაუკმაყოფილებელი ოჯახები დააკმაყოფილოს საცხოვრებელი ფართებით.
კასატორი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, იმასთან დაკავშირებით, რომ მ. ხ-ი ინფორმირებული არ იყო თანხის ჩარიცხვის თაობაზე და ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სამინისტროს თანამშრომლები თითოეულ შემთხვევაში უკავშირდებოდნენ ბენეფიციარებს ტელეფონის საშუალებით და აცნობებდნენ მათ თანხის ჩარიცხვის შესახებ, შესაბამისად, თანხის დარიცხვისთანავე ხდებოდა მათთვის ცნობილი. სხვა შემთხვევაში, გაუგებარი და დაუსაბუთებელია, რატომ მიაკითხავდა იგი ბანკს თანხის გატანის მოთხოვნით.
კასატორი განმარტავს, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებსა და სამინისტროს შორის არსებული სამართალურთიერთობიდან გამომდინარე, სამინისტრო ბანკს აწვდიდა იმ პირთა სიას, რომელთა სახელზეც უნდა გახსნილიყო მიზნობრივი საბანკო ანგარიში სამინისტროს მიერ გადარიცხული თანხის ჩარიცხვის მიზნით. ამასთან, მომსახურე ბანკს ეძლეოდა მითითება, რომ მთავრობის აქტებით განსაზღვრული დამატებითი შემოწმების შემდეგ, სამინისტროს მხრიდან დამატებითი მითითების გარეშე, ბანკს თანხის გაცემა არ უნდა მოეხდინა პირზე. ამდენად, ანგარიშის მესაკუთრე და განმკარგავი იყო სამინისტრო. მ. ხ-თან მიმართებაში სწორედ სამინისტროს მიერ მომზადებული სიის საფუძველზე გაიხსნა საბანკო ანგარიში და ჩაირიცხა შესაბამისი თანხა, მოგვიანებით ამავე სამინისტროს მოთხოვნით განხორციელდა მითითებული თანხის სხვა პირის ანგარიშზე გადარიცხვა. ეს ფაქტი განპირობებული იყო იმით, რომ საქართველოს მთავრობის მიერ რამდენიმე განკარგულება გამოიცა საკომპენსაციო თანხებთან დაკავშირებით, განკარგულებებში განსაზღვრული იყო თანხის რაოდენობაც, თუკი განკარგულებით გაწერილი თანხა არ იქნებოდა ათვისებული, არ გამოიცემოდა მომდევნო განკარგულება, ხოლო სახელმწიფოს ინტერესი იყო ის, რომ რაც შეიძლება მეტი ოჯახი ყოფილიყო საცხოვრებლით უზრუნველყოფილი და ეს ოჯახები უნდა გამოკლებოდა იმ ოჯახთა საერთო რაოდენობას, რომლებიც ელოდებოდნენ საცხოვრებელს. სწორედ ამის გამო თანხა, რომელიც მიზნობრივად იყო გამოყოფილი, არ შეიძლებოდა თვეობით ყოფილიყო გამოუყენებელი.
კასატორი მიუთითებს, რომ 2008 წლის მოვლენების შემდეგ, სასამართლომ ათეულობით საქმე განიხილა საკომპენსაციო თანხებთან დაკავშირებით და დღეისათვის მსგავსი კატეგორიების საქმეზე დადგენილია სასამართლო პრაქტიკა, ხოლო მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეწინააღმდეგება დადგენილ პრაქტიკას.
კასატორი განმარტავს, რომ საცხოვრებლით დასაკმაყოფილებელ პირთა მიმართ, 2013 წლის 9 აგვისტოს მინისტრის N320 ბრძანებით მიღებულ იქნა ნორმატიული აქტი, რომლითაც დაწესდა ახალი მოთხოვნები, კერძოდ, სამინისტროს მიერ წინასწარ დადგენილ ვადებში უნდა მოხდეს აპლიკაციების შევსება, შესაბამისი ქულების მინიჭება და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, დაწესდა ახალი მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც ფართის მიღების მსურველმა უნდა დააკმაყოფილოს დაწესებული მოთხოვნები. შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მიღების მსურველებმა უნდა იხელმძღვანელონ ხსენებული ნორმატიული აქტით და დაიცვან მასში გაწერილი პროცედურები, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, აქტი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი და სავალდებულოა შესასრულებლად როგორც ადმინისტრაციული ორგანოსათვის, ისე ბენეფიციარისთვის, შესაბამისად აღნიშნული პროცედურის გავლის შედეგად, სამინისტროს ვალდებულებაა უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართის გადაცემა და არა საკომპენსაციო თანხის ჩარიცხვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკომპენსაციო თანხის მისაღებად აუცილებელია ოჯახი აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა იყოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი და უარი უნდა თქვას სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართის მიღებაზე. განსახილველ შემთხვევაში კი, მ. ხ-ის ოჯახი (სულადობა 1 (ერთი)) წარმოადგენს 2008 წლის აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილს, რომელმაც უარი განაცხადა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ საცხოვრებელ ფართობებში განსახლებაზე. თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მ. ხ-ი შეიყვანა საკომპენსაციო თანხის მიღების მსურველთა სიაში. გამგეობამ 2009 წლის 17 მარტს №145 წერილით დაზარალებულთა სახელობითი სია, კომპენსაციის გასაცემად გადაუგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება უდავოდ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის #915, 2009 წლის 19 თებერვლის #127 და 2009 წლის 24 ივნისის #534 განკარგულებების შესაბამისად, მ. ხ-ის ერთსულიანი ოჯახი წარმოადგენდა კომპენსაციის მიღებაზე უფლების მქონე ოჯახს და შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ვალდებული იყო გადაერიცხა მისთვის კომპენსაციის თანხა - 10000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
დადგენილია, რომ მ. ხ-ს კუთვნილი საკომპენსაციო თანხა ჩაერიცხა ორჯერ - 2009 წლის 11 აგვისტოს და 2010 წლის 26 ნოემბერს, თუმცა ორივე შემთხვევაში ჩარიცხვა გაუქმებულ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წერილებით. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მ. ხ-ისათვის სამინისტროს მიერ საკომპენსაციო თანხის ჩარიცხვა ორივე შემთხვევაში მოხდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან შეთანხმებით. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ მ. ხ-ისთვის საკომპენსაციო თანხის ჩარიცხვა მოხდა განკარგულებებით დადგენილი პროცედურის დაცვით. რაც შეეხება სამინისტროს 2009 წლის და 2011 წლის წერილებს, რომელთა საფუძველზეც სს ,,...’’ მ. ხ-ის გაუუქმა ჩარიცხული თანხები, წერილებში არ არის მითითებული გაუქმების საფუძვლები. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივარში მითითებულ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა გამოიწვია მ. ხ-ის მიერ თანხის გატანის დაყოვნებამდ, რის გამოც სამინისტრომ თანხა სხვა პირთა სასარგებლოდ განკარგა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გაცემული საკომპენსაციო თანხის გაუქმების საფუძველს, წარმოადგენს კომპენსაციის გაცემა დადგენილი პროცედურის დარღვევით ან კომპენსაციის გაცემის შემდგომ ისეთი გარემოების გამოვლენით, რომელიც გამორიცხავდა საკომპენსაციო თანხის ჩარიცხვას, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი, ამასთან, კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული კომპენსაციის გაუქმების სხვა საფუძველი და მ. ხ-ისათვის ჩარიცხული საკომპენსაციო თანხის ჩამოჭრა განხორციელდა უსაფუძვლოდ, რამდენადაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის #915, 2009 წლის 19 თებერვლის #127 და 2009 წლის 24 ივნისის #534 განკარგულებების არსი მდგომარეობს დევნილების საკომპენსაციო თანხით დაკმაყოფილებაში და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განკარგულებებით დასახელებული ვალდებულება იარსებებს მანამ, სანამ არსებობს იმ პირთა წრე, ვისზეც განკარგულება ვრცელდება. საქართველოს მთავრობის განკარგულებების შინაარსიდან გამომდინარე, ისინი ადგენენ ზოგადი ხასიათისა და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის წესს, რის გამოც დაუშვებელია თანხის მიღების უფლება შეიზღუდოს თანხების ამოწურვის მოტივით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მ. ხ-ი საკომპენსაციო თანხის მიმღებთა სიაში შეყვანილი იყო ჯერ კიდევ 2009 წლის 17 მარტის გამგეობის N145 წერილით, მაშინ როდესაც თანხების გაცემის პროცესი მიმდინარეობდა და ეს პროცესი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული და საკომპენსაციო თანხის ჩარიცხვა განხორციელდა ორჯერ, განკარგულებებით დადგენილი პროცედურების დაცვით და რაიმე სახის დარღვევა არ გამოვლენილა, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო თანხის ჩამოჭრის საფუძველი.
რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას ანალოგიურ საქმეებზე სასამართლოების მიერ სხვადასხვაგვარი განმარტების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ანალოგიურ საქმეებზე მიღებულ განჩინებებზე - 2013 წლის 9 ივლისის Nბს-573-563(კ-12) განჩინება, 2017 წლის 8 ივნისის Nბს-300-298(კ-17) განჩინება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე