საქმე # 330310016001223882
საქმე Nბს-778-774(კ-17) 12 დეკემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა. ბ-ი (მოსარჩელე)
მესამე პირი - ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ბ-მა 2016 წლის 22 იანვარს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 22 დეკემბრის N01-02/08/31963 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ინდივიდუალურ ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც ა. ბ-ი დარეგისტრირდება 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში როგორც 2008 წლის მოვლენების შედეგად იძულებით გადაადგილებული პირი, ასევე დარეგისტრირდება დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით საცხოვრებელი სახლით დასაკმაყოფილებელ ერთიან ბაზაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მარტის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით, ა. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 22 დეკემბრის N01-02/08/31963 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც ა. ბ-ი დარეგისტრირდება 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში როგორც 2008 წლის მოვლენების შედეგად იძულებით გადაადგილებული პირი, ასევე დარეგისტრირდება დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით საცხოვრებელი სახლით დასაკმაყოფილებელ ერთიან ბაზაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მოსარჩელის საკითხი ერთხელ უკვე იქნა განხილული სასამართლოში. სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სამინისტროს 2013 წლის 2 აპრილის 05/02-12/28700 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება, გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, მათი შეფასებისა და შეჯერების შედეგად, თუ მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ ა. ბ-ი ნამდვილად იყო 2008 წლის მოვლენების შედეგად სოფელ ... იძულებით გადაადგილებული პირი, მოეხდინა მის შესახებ ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული მონაცემების ფორმირება. სამინისტრომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. გამოიკვლია ყველა გარემოება, გაითვალისწინა სასამართლო გადაწყვეტილების მითითებები და გარემოებების შეფასებისა და შეჯერების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. ბ-ის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად უდავოდ დგინდება ის გარემოება, რომ ა. ბ-ი წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს 1990-იან წლებში მომხდარი მოვლენების შედეგად. ამ გარემოების გამო, ის როგორც დევნილი, სახელმწიფოსაგან უზრუნველყოფილი იყო საცხოვრებელი ფართით მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე (ქალაქ თბილისში, სასტუმრო „...“) საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე, რომელი ფართით სარგებლობის უფლებაც მან კერძო გარიგებით, წინასწარ შეთანხმებული საზღაურის სანაცვლოდ, დაუთმო სხვა სუბიექტს. ამდენად, მასთან მიმართებით, სახელმწიფოს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ვალდებულება შესრულებული აქვს, ხოლო ერთი და იმავე დევნილის რამდენიმეჯერ დაკმაყოფილება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის და ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამასთან, ა. ბ-ი 2008 წლის ომის შედეგად არ გამოდევნილა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან. მას მხოლოდ წაერთვა შესაძლებლობა ისარგებლოს მამაპაპისეული საცხოვრებელი სახლით და მიწის ნაკვეთით, რომელიც მის საკუთრებას არ წარმოადგენდა და მხოლოდ მისით სარგებლობაზე მიუწვდებოდა ხელი აწ განსვენებული ბებიის სხვა მემკვიდრეების (მათ შორის, მასზე უფრო წინა რიგის მემკვიდრეების) მსგავსად. შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს, რის გამოც, მისი მოთხოვნა - მიიღოს ამ ომის შედეგად დაზარალებულთათვის ან დევნილთათვის დადგენილი სოციალური თუ ქონებრივი გასაცემლები, მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.
კასატორი მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლზე, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2012წ. 13 ივნისის N1162 განკარგულების 2.1.1. პუნქტზე და განმარტავს, რომ კანონშიც და განკარგულებაში ნახსენებია, რომ დევნილთა ოჯახები ექვემდებარება საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას და არა მისი რომელიმე წევრი ცალ-ცალკე. ხოლო ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მეორედ გახდა დევნილი და მუდმივად ცხოვრებდა ... არ დასტურდება. ა. ბ-ი ... არ ყოფილა რეგისტრირებული 2008 წლის მოვლენებამდე. მისი რეგისტრაციის მისამართი შეიცვალა 2009 წლის 26 მარტს, რაც დაფიქსირებულია სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემულ პირადობის მოწმობაში, კასატორი მიიჩნევს, რომ ა. ბ-ი დარეგისტრირდა ..., მას შემდეგ როცა მისთვის ცნობილი გახდა, რომ ფულადი კომპენსაციის მიღება დაკავშირებული იყო პირის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რეგისტრაციასთან, ამდენად იქმნება ეჭვის საფუძველი, რომ 2009 წელს მისი საცხოვრებლის რეგისტრაციის შეცვლის მიზანი ემსახურებოდა სახელმწიფოს მხრიდან უკანონო სარგებლის მიღებას, რადგან 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ ხშირი იყო შემთხვევა პირები, რომელთაც კავშირი ჰქონდათ დაკარგულ ტერიტორიებთან, იცვლიდნენ რეგისტრაციის ადგილს, რათა მათ მოეპოვებინათ როგორც დევნილის სტატუსი, ისე მისგან გამომდინარე მატერიალური თუ არამატერიალური სარგებელი, ხოლო რაც შეეხება ქურთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ ცნობებსა და დასკვნებს, დაბალი სანდოობით გამოირჩევიან, მათი გაზიარება სამინისტროს მიერ უპირობოდ არ ხდება. სამინისტრო გადაწყვეტილებას იღებს ინდივიდუალური პროფილის გათვალისწინებით და იმ შემთხვევაში, თუ რეალური ვითარება განსხვავდება მუნიციპალიტეტების მიერ დადგენილი გარემოებებისაგან სამინისტრო მათ მიერ გაცემულ დასკვნებს შეაპირისპირებს რეალურ გარემოებებთან და მხოლოდ მას შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას, როდესაც დარწმუნდება ამ გადაწყვეტილების სისწორეში.
კასატორი განმარტავს, რომ სამინისტრომ მასზე დაკისრებული ვალდებულება განახორციელა მოსარჩელის მიმართ, მისი ოჯახი ერთხელ უკვე იქნა კომპენსირებული (სასტუმრო ,,..." ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ) ფულადი თანხით და იგი არ უნდა იქნეს ხელმეორედ დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, რაც სამინისტროს მხრიდან იქნება კანონის უხეშად დარღვევა, რადგან დღეს მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მხოლოდ ერთჯერად დახმარებას საცხოვრებელი ფართის ან ფულადი კომპენსაციის გაცემის სახით.
კასატორი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ ა. ბ-ი ცალკე დამოუკიდებელი ოჯახის წარმომადგენელი არ არის და ყველა ფაქტობრივი გარემოება მიუთითებს მისი მამის ოჯახის წევრობაზე, ასევე კასატორი მიუთითებს, რომ არასწორია სასამართლოს მსჯელობა, თითქოს ა. ბ-მა როგორც ცალკე ოჯახმა ისე მიიღო თანხა, ვინაიდან სასტუმროში ბ-ები 90-იანი წლებიდან ცხოვრობდნენ, როგორც ერთი ოჯახი. ოჯახს ეკავა ორი ოთახი, სასტუმროს ოთახში იგი მის ძმასთან ერთად იყო განთავსებული და ამ ოთახის გამოთავისუფლების სანაცვლოდ მიიღეს კომპენსაცია არა როგორც ცალკე ოჯახმა, არამედ N...-ე ოთახის დათმობის სანაცვლოდ. სასტუმრო ... ხელშეკრულება გააფორმა მის ძმასთან - ლ. ბ-თან და თანხაც სწორედ მას ჩაერიცხა. მოსარჩელე სასტუმროს მიერ გადმოგზავნილ სიებში მითითებული იყო N... ოთახში მაცხოვრებელ პირად, მტკიცებულება ასევე წარდგენილია სასამართლოში. იგი ცალკე ოჯახად მაცხოვრებელი პირი რომ ყოფილიყო, მაშინ არ იქნებოდა საჭიროება, თანხმობა მიეცა ძმისთვის ოთახის დათმობაზე.
კასატორი განმარტავს, რომ არ დასტურდება ა. ბ-ის მიერ საკომპენსაციო თანხით ... მდებარე ბებიის სახლის გარემონტების ფაქტი, პირიქით, სამინისტროს მიერ მოძიებულ იქნა თბილისში, გლდანში საკუთრების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი. დევნილად რეგისტრირებიდან დღემდე ა. ბ-ი თავის მშობლებსა და ძმასთან ერთად ერთ საოჯახო ნომერზეა რეგისტრირებული და არასდროს არ გამოყოფილა ცალკე ოჯახად, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება ანკეტების სახით წარდგენილია სასამართლოში, რომელიც სასამართლომ საერთოდ უგულებელყო და არ შეაფასა. აღნიშნულ მტკიცებულებას, არსებითი მნიშვნელობა აქვს საკითხის გადაწყვეტისას.
კასატორი აღნიშნავს, რომ ბ-ების ოჯახმა მიიღო ფულადი კომპენსაცია, რომლითაც ოჯახმა იყიდა საცხოვრებელი, ამასთან არსებობს როინ ბ-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული და იგი უნდა გავრცელდეს მთელ ოჯახზე, ვინაიდან მას აქვს პრეიუდიციული ძალა.
კასატორმა საკასაციო საჩივარში ასევე მიუთითა, რომ უსაფუძვლოა სასამართლოს მითითებები, ა. ბ-ის მიერ ... მიწის ნაკვეთის შეძენასთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული აღნიშნული მიწის ნაკვეთი. გარდა ამისა მიწის ნაკვეთი არ შეიძლება მივიჩნიოთ საცხოვრებლად და ეს ფაქტი არ უნდა გახდეს მუდმივ მაცხოვრებლად მიჩნევის საფუძველი. სასამართლომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არ გაიზიარა სამინისტროს მიერ საპირწონედ წარდგენილი არაერთი უტყუარი მტკიცებულება.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, იგი უნდა გაუქმდეს საკასაციო სასამართლოს მიერ და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
ქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოებს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 3 თებერვლის N382 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. აღნიშნული დებულების მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ლ“, „ს“ ქვეპუნქტების თანახმად, დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია: იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა რეგისტრაციისა და ანკეტირების ორგანიზება; დევნილთა შესახებ ინფორმაციის ანალიზი და მის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება; დევნილთა განსახლების ორგანიზება; განსახლების პოლიტიკის შემუშავება, განსახლების პროცესის მართვა და მონიტორინგი; დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ორგანიზება მინისტრის ნორმატიული აქტის საფუძველზე; დევნილთა ერთიანი მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება, მასში დაცული მონაცემების ფორმირება, დახვეწა და დაცვა კანონმდებლობის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს უკვე მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი 90-იანი წლების მოვლენებიდან გამომდინარე და მასზე გაცემულია დევნილის მოწმობა, სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ ხელმეორედ დევნილის სტატუსის მინიჭების პროცედურას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, თუმცა, ახალი ფაქტობრივი მდგომარეობის წარმოშობით პირის დევნილად არსებობა უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი მდგომარეობის აღიარებამდე, ბუნებრივია, არ გამოირიცხება და აღნიშნული დამოკიდებული არ არის მხოლოდ კანონით დადგენილი პროცედურის გავლასთან. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ პირს შეიძლება მინიჭებული ჰქონდეს დევნილის სტატუსი ერთხელ დამდგარი ფაქტობრივი გარემოების (საომარი მდგომარეობის) შედეგად, არ გამოირიცხება, რომ სამომავლოდ, სხვა ფაქტობრივი გარემოებიდან - სხვა დროს წარმოშობილი საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე, განმეორებით შეიქმნას მისი დევნილად არსებობის ფაქტის დადასტურების აუცილებლობა. გადამწყვეტი მნიშვნელობა ასეთ შემთხვევაში უნდა მიენიჭოს მონაცემთა ბაზაში სათანადო ცვლილების ასახვას (რასაც შედეგად უნდა მოჰყვეს ახალი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პირისათვის მიყენებული ზიანის გათვალისწინებით, სათანადო უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება) და არა იმ საკითხის დადგენას - უნდა გაიაროს თუ არა პირმა ხელახალი პროცედურა დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის იმ პირობებში, როდესაც მას უკვე მინიჭებული აქვს სტატუსი წარსულში მისი დევნილობის ფაქტის დადასტურებიდან გამომდინარე.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დევნილის სტატუსის მინიჭებისა და მოწმობის გაცემის ახალი პროცედურის გავლის გარეშე უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ა. ბ-ის, უკვე როგორც 2008 წლის მოვლენების შედეგად იძულებით გადაადგილებული პირის დარეგისტრირება 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში და შესაბამისად, ასევე მოხდეს მისი დარეგისტრირება დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით საცხოვრებელი სახლით დასაკმაყოფილებელ პირთა ერთიან ბაზაში.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები მართებულად შეფასდა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ, ხოლო რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარს, მასში მეორდება სააპელაციო წარმოების ეტაპზე წარმოდგენილი არგუმენტაცია და საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოხდა აღნიშნული არგუმენტაციის გაქარწყლება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე