საქმე #330310016001389907
საქმე Nბს-850-846(კ-17) 12 დეკემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (მომხსენებელი, თავჯდომარე)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ბ. ღ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბ. ღ-მა 2016 წლის 8 ივნისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მასთან, როგორც აწ გარდაცვლილი ნ. ტ-ის მეუღლესთან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსათვის „სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების დავალება მოითხოვა (უძრავ ქონებაზე, მდებარე: მცხეთა, ..., სახლი ...).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; დაევალა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს აწ გარდაცვლილი ნ. ტ-ის მეუღლეს ბ. ღ-ს გაუფორმოს „სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ შესაბამისი ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: მცხეთა, ..., სახლი .... აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივნისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებას, რომ ბ. ღ-ს, როგორც ნ. ტ-ის მემკვიდრეს მიღებული აქვს სამკვიდრო, მასაში შემავალი საკუთრების უფლება და მემკვიდრეზე გადავიდა ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნის უფლება, რასაც არ ეთანხმება კასატორი შემდეგი გარემოებათა გამო: „სახელმწიფო ქონების შეახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ამავე კანონის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ფიზიკურ პირს სახელმწიფო ქონების სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმით, აუქციონის საფუძველზე ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ხოლო ამავე კანონის 36.2 მუხლის შესაბამისად კი ფიზიკური პირისათვის ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით.
კასატორი აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-63 პრიმა მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთვარობის გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში შეიძლება გადაეცეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს, აგრეთვე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართმადიდებლურ ეკლესიას. საქართველოს მთავრობის მიერ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად საკითხს ამზადებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს ქონების მმართველი. სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი აქტის მიღებიდან 3 თვის ვადაში ქონების მმართველსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება.
კასატორი მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს მთვარობის 2015 წლის 14 სექტემბრის №1966 განკარგულებაში მისი მიღების საფუძვლად სწორედ, მითითებულია ზემოთ აღნიშნული სამართლებრივი ნორმები და ცალსახად დგინდება, რომ განკარგულების გამოცემის მიზანს სწორედ ნ. ტ-ის განსაკუთრებული სტატუსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი დაედო საფუძვლად. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ აღნიშნული გარემოებების უგულებელყოფით დაადგინა, რომ მთავრობის განკარგულების არსებობა წარმოშობს საკუთრების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს იმ პირობებში როდესაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია კონკრეტული ვადა რა ვადაშიც ქონების მმართველსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება, საკუთრების უფლების წარმოშობისთვის, შესაბამისად კასატორს დაუსაბუთებლად მიაჩნია საკუთრების უფლების დაცვისთვის კანონმდებლობაში ასახული ნორმების გამოყენება და სასამართლოს მსჯელობა თითქოს მხოლოდ განკარგულებით ნ. ტ-ს წარმოეშვა საკუთრების უფლება, იმ პირობებში როდესაც ამავე განკარგულებაში მითითებულია უძრავი ქონება დღეის მდგომარეობითაც, ირიცხება სახელმწიფოს სახელზე.
კასატორი მიუთითებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის უფლება გააჩნდა მხოლოდ 2015 წლის 30 ოქტომბერს გარდაცვლილ ნ. ტ-ს, ვინაიდან განკარგულება მიღებულია სწორედ მისი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე და ასეთი სტატუსის მქონე პირისათვის საკუთრება წარმოიშვებოდა არა მხოლოდ მთვარობის განკარგულების გამოცემით, არამედ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებით ქონების მმართველთან, ეს პროცესი კი განსახილველ შემთხვევაში ვერ დასრულდა ნ. ტ-ის გარდაცვალების გამო, ხოლო სასამართლოს მიერ ზემოთ აღნიშნული ნორმების არასწორი განმარტების საფუძველზე მიღებულია გადაწყვეტილება, თითქოს ნ. ტ-ს საკუთრების უფლება უკვე გააჩნდა და მის მემკვიდრეს, როგორც სამკვიდრო მასში შემავალი ქონება ისე უნდა გადაეცეს. კასატორი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ დაადგინა შემდეგი გარემოება: ბ. ღ-მა მიიღო საკუთრების უფლება თუ საკუთრების უფლების მოსაპოვებლად ხელშეკრულების დადების უფლება, რომელიც გააჩნდა ნ. ტ-ს განკარგულების საფუძველზე. კასატორი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი დააფუძნა კონსტიტუციის 21-ე მუხლზე და მიუთითა, რომ ნ. ტ-ს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადეცა უძრავი ქონება, მდებარე მცხეთა, ..., სახლი №.... პრივატიზაციის აქტი ძალაშია და მისი კანონიერება სადავოდ არ არის გამხდარი, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ადმინისტრაციული ორგანოს ნების გამოვლენა ხელშეკრულების გაფორმებაზე გამომდინარეობდა მისი გარიგების დადების სურვილიდან, თუ ეს ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო ნორმებზე დაყრდნობით მის ვალდებულებას წარმოადგენდა.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს ამგვარი შეფასება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია დადგინდეს შეფასება, მათ შორის ბ. ღ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა, გაცემის თარიღი, სამკვიდრო მასა რა მიიღო ბ. ღ-მა და გამომდინარეობს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან.
კასატორი მიუთითებს, რომ ბ. ღ-ი საკუთრების უფლებას მემკვიდრეობით ვერ მიიღებდა ვინაიდან ნ. ტ-ისთვისაც არ იყო ეს უფლება „პრივატიზაციის აქტის“ საფუძველზე რეალიზებული, შესაბამისად თუ ბ. ღ-მა მიიღო სამკვიდრო მასში შემავალი ნ. ტ-ისთვის აღმჭურველი აქტის საფუძველზე მინიჭებული ხელშეკრულების დადების უფლება, კასატორისთვის გაურკვეველია, რატომ არ გამოიყენა სასამართლომ ქონების შესახებ კანონით დადგენილი კონკრეტული სამთვიანი ვადა და არ გაავრცელა ის მოსარჩელეზე.
კასატორი აღნიშნავს, ნ. ტ-ის გარდაცვალების თარიღია 2015 წლის 30 ოქტომბერი, მისმა მეუღლემ ბ. ღ-მა სამკვიდრო მოწმობა მიიღო 2016 წლის 6 მაისს, ხოლო სააგენტოს მან მიმართა 2016 წლის 10 ოქტომბერს №82120 განცხადებით, სამკვიდროს მიღებიდან 5 (ხუთი) თვის ვადის გასვლის შემდეგ და მოითხოვა არა ნასყიდობის ხელშეკრულების დადება, არამედ საკუთრების მოწმობის გაცემა, რაზედაც სააგენტოს მიერ გაიცა შესაბამისი პასუხი.
კასატორი აღნიშნავს, რომ პროცესის მონაწილე მხარეთა შორის ობიექტური მიზეზების გამო, არ არსებობს სამართალურთიერთობა, არ წარმოშობილა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, განახორციელოს ისეთი ხასიათის ქმედება, რასაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და რაც ვერ წარმოშობს იურიდიულ შედეგს.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორის მითითებას, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-3 პუნქტი შეიცავს დათქმას, სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი აქტის მიღებიდან 3 თვის ვადაში ქონების მმართველსა და ქონების შემძენს შორის შესაბამისი ხელშეკრულების დადების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ხელშეკრულების დადებაზე უფლებამოსილი პირი გარდაიცვალა საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი აქტის მიღებიდან 3 თვის გასვლამდე, ხოლო მემკვიდრის უფლება მოთხოვნაზე წარმოიშვა მხოლოდ სამკვიდრო მასის მიღების შემდგომ. მოსარჩელემ მემკვიდრეობა მიიიღო 2016 წლის 6 მაისს, ხოლო უფლების რეალიზაციის მოთხოვნით სახელმწიფოს მიმართა 2016 წლის 11 მაისს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ან/და აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები. ამდენად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არსებობს ბ. ღ-ის უფლების რეალიზაციის მოთხოვნით 2016 წლის 11 მაისს წარდგენილი განცხადების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეტანილად მიჩნევისა და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივნისის განჩინების;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე