საქმე # 330310016001375162
საქმე №ბს-949-945(კ-17) 9 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე - კ. ჭ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ. ჭ-ემ 2016 წლის 27 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 14 მარტის №MOD 1 16 00001405 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მსოარჩელე აღდგება კადრების განკარგულებაში გადაყვანის დღიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ... განყოფილების ოფიცრის თანამდებობაზე. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კ. ჭ-ისათვის იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება, მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანის დღიდან - 2016 წლის 15 მარტიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის ყოველთვიურად 1380 ლარის ოდენობით საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით კ. ჭ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 14 მარტის №MOD 1 16 00001405 ბრძანება, კ. ჭ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში. კ. ჭ-ის სარჩელი სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ კ. ჭ-ე თანამდებობიდან გათავისუფლდა 2016 წლის 14 მარტის №1405 ბრძანების საფუძველზე 2016 წლის 15 მარტიდან, ხოლო აღნიშნული ბრძანება სადავოდ გახადა 2016 წლის 27 მაისს. კასატორი აღნიშნავს, რომ უფლების დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან, კერძოდ, კანონმდებლობა ვადებით ზღუდავს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას და ყოველ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით განსაზღვრავს უფლების დაცვის ვადებს. ხანდაზმულობის ვადების არსებობა მხარეებს აიძულებს დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე, კასატორი საყურადღებოდ, მიიჩნევს ხანდაზმულობის ვადას, რომელიც გამორიცხავს პირის შესაძლებლობას მისთვის ხელსაყრელ დროს მიმართოს სასამართლოს. ზემოთქმულიდან გამომდინარე კასატორი განმარტავს, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში საქმის წარმოება ექვემდებარებოდა შეწყვეტას.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი გამოცემულია კანონის საფუძველზე და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი არ გააჩნია, ასევე დაცულია აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესიც. მოსარჩელე კადრების განკარგულებაში მუშაობდა ... განყოფილებაში.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 12 დეკემბრის №973 ბრძანების საფუძველზე სამხედრო მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადადის კადრების განკარგულებაში, სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ოქტომბრის №775 ბრძანებით გაუქმდა ის სამსახური, რომელშიც მოსარჩელე იყო დასაქმებული, რის შედეგადაც მოსარჩელე დაექვემდებარა კადრების განკარგულებაში გადაყვანას.
კასატორი მიუთითებს, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს და მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა იმავდროულად წარმოადგენს გაფრთხილებას სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის/გათავისუფლების შესახებ. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვამდე პირი არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/გათავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს. კასატორი აღნიშნავს, რომ ვინაიდან გაუქმდა მთლიანად ის სამსახური, რომლშიც მოსარჩელე იყო დასაქმებული და ამავე დროს ამოიწურა კადრების განკარგულებაში ყოფნის ოთხ თვიანი ვადაც ისე, რომ ვერ მოხერხდა მოსარჩელის დასაქმება სხვა თანამდებობაზე ის დაექვემდებარა დათხოვნას სამსახურიდან.
კასატორი განმარტავს, რომ მოსარჩელის შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნა განხორციელდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის ბრძანების მე-13 მუხლით დადგენილი მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2014 წლის 10 მარტის ბრძანებით კ. ჭ-ე დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ... განყოფილების ოფიცრად. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 7 ივლისის ბრძანებით დამტკიცდა ... შტატი და შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელი. აღნიშნული ბრძანების თანახმად, ოფიცერთა რაოდენობა განისაზღვრა 51 ერთეულით, სულ - 203 ადგილი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცდა ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ... შტატი და შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელი. აღნიშნული ბრძანების თანახმად, ოფიცერთა რაოდენობა განისაზღვრა 51 ერთეულით, სულ - 276 ადგილი. ამავე ბრძანებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 7 ივლისის ბრძანება. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 21 ნოემბრის ბრძანებით კ. ჭ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში 2015 წლის 15 ნოემბრიდან. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 14 მარტის ბრძანებით კადრების განკარგულებაში მყოფი ოფიცერი კ. ჭ-ე გათავისუფლდა სამსახურიდან 2016 წლის 15 მარტიდან.
საკასაციო პალატა წარმოდგენილ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო წარმოების ეტაპზე წარმოდგენილი არგუმენტაცია და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოხდა აღნიშნული არგუმენტების გაქარწყლება.
საკასაციო პალატა განსახილველ საქმეზე იზიარებს და მიუთითებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებაზე, რომ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, „თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას“, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს“.
საკასაციო პალატა ზემოთქმული გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების ანალიზის საფუძველზე, განმარტავს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა დაცული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები. პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, შებოჭილი იყო კანონიერების პრინციპით, გადაწყვეტილება დაფუძნებული უნდა ყოფილიყო კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებზე, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო უნდა მიეყვანა საკითხის სწორად გადაწყვეტამდე. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა სათანადო ადმინისტრაციული წარმოება კ. ჭ-ის მიმართ აქტის გამოცემისას, ვერ დგინდება, გაითვალისწინა თუ არა ადმინისტრაციულმა ორგანომ გათავისუფლებისას მისი პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობის ხარისხი, ასევე არ დასტურდება სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შეთავაზების საკითხი.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებაზე - საქმე Nბს-449-442(კ-15), სადაც პალატამ განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, რეორგანიზაციისას საჯარო მოხელის გათავისუფლება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეორგანიზაციას თან შტატების შემცირებაც ახლავს. პალატამ აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება მოვალეობების შესრულებას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში კ. ჭ-ის გათავისუფლების საფუძველს - რეორგანიზაციას შტატების შემცირება არ მოჰყოლია საშტატო ნუსხა ისევე განისაზღვრა 51 ერთეულით, ხოლო სრულად რეორგანიზაციას შედეგად მოჰყვა საშტატო ნუსხის გაზრდა 203 ერთეულიდან 276 ერთეულამდე. შესაბამისად, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებულ საბოლოო პროცესუალურ აქტებს.
საკასაციო პალატა კასატორის მოსაზრებასთან - მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაგზავნასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართალწარმოების არც-ერთ ეტაპზე არ იქნა წარდგენილი მისი მოსაზრების დამადასტურებელი მტკიცებულება, აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მითითებას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე