საქმე # 010310116700027291
საქმე №ბს-1149-1143 (კს-17) 30 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო, ქალაქ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი _ გადაწყვეტილების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 თებერვლის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. გ-ე აღდგენილ იქნა თბილისის მთაწმინდის რაიონის ... სამსახურში წინანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნ. გ-ისა და ძველი თბილისის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოცემულ საქმეზე თბილისის მთაწმინდა - კრწანისის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ძველი თბილისის რაიონის გამგეობას ნ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან - 2000 წლის 7 თებერვლიდან, ამ გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე - 2001 წლის 25 მაისამდე, დაყოვნების მთელი დროის ხელფასის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში ნ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 01 მაისის განჩინებით აპელანტის თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ძველი თბილისის რაიონის გამგეობა. ამავე პალატის 2008 წლის 05 ნოემბრის საოქმო განჩინებით მოწინააღმდეგე მხარის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო. 2010 წლის 23 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014
წლის 28 ნოემბრის განჩინებით, ნ. გ-ის განცხადება უფლებამონაცვლეობის დადგენის თაობაზე დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის (საქმის ნომერი 3ბ/172-06) გადაწყვეტილებაში მოხსენიებული ძველი თბილისის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ დადგინდა ქალაქ თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობა.
2016 წლის 10 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის, კრედიტორის - ნ. გ-ის განცხადებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის N3ბ/172-06 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის განმარტება მოითხოვა.
განმცხადებლის მოსაზრებით, ბუნდოვანია 2000 წლის 07 თებერვლიდან, გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე - 2001 წლის 25 მაისამდე, რა თანხობრივი სარგოს გათვალისწინებით უნდა მოხდეს დაყოვნების მთელი დროის ხელფასის ანაზღაურება კრედიტორის - ნ. გ-ის სასარგებლოდ. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე - 17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ძველი თბილისის რაიონის გამგეობას რამდენიმეჯერ გაეგზავნა შეტყობინება ნ. გ-ის იძულებითი თანხის დაანგარიშების შესახებ, რომლის პასუხადაც, ძველი თბილისის რაიონის გამგეობის (მთაწმინდის რაიონის გამგეობა) მიერ გამოგზავნილ იქნა წერილები, საიდანაც ირკვეოდა, რომ იძულებითი განაცდური ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით ზუსტ ინფორმაციას არ ფლობდნენ და მოკლებულნი არიან შესაძლებლობას აღასრულონ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინება, უფლებამოსილი ორგანოს მიერ ზემოაღნიშნული განაცდურის ოდენობის დადგენის გარეშე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლზე და განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობდა გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური წინაპირობა, რადგან მითითებული ნორმა სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას განმარტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ბუნდოვანია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინებით სსსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი განიმარტა იმდაგვარად, რომ საბოლოოდ ქალაქ თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობას (მოპასუხის უფლებამონაცვლე) ნ. გ-ის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს 2000 წლის 7 თებერვლიდან, 2001 წლის 25 მაისამდე ნ. გ-ისათვის დარიცხული ხელფასის 795.60 ლარის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინებით მისაღები ხელფასის მინიმალური ოდენობის 2250 ლარით განსაზღვრა მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება მისი მისაღები ხელფასის 2250 ლარის ოდენობით განსაზღვრა, სააპელაციო სასამართლოს უნდა დაევალოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 - მე-19 მუხლების შესაბამისად, მტკიცებულებათა მოძიება და ახალი განჩინების მიღება, რომლის თანახმადაც, სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენს შეადგენდა 2000-2001 წლებში ... დირექტორების, იგივე უფროსების ხელფასი, ან დაადგინოს რამდენს შეადგენდა ნ. გ-ის სამუშაო ადგილზე მომუშავე პირის ხელფასის ოდენობა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სადავო პერიოდში ... დირექტორების ხელფასი იყო მინიმუმ 150 ლარი.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს გამოტანილი წინმსწრები განჩინებების კანონიერების გადასინჯვას ახდენს ზემდგომი სასამართლო და შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება, როგორც წინმსწრები განჩინება ისე უნდა იქნეს განხილული და შეფასებული, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ნ. გ-ე განჩინებას ასაჩივრებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლების საფუძველზე.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინება უპირობოდ ექვემდებარება გაუქმებას, რადგან არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი - გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ასევე არასწორად განმარტა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სასარჩელო მოთხოვნები, რითაც უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები. განჩინებაში არ არის მითითებული კონკრეტული მტკიცებულება, რის მიხედვითაც, სასამართლომ დაადგინა 2000-2001 წლებში ... დირექტორის ხელფასის ოდენობა, მხოლოდ ასეთი სახის მტკიცებულებაზე დაყრდნობით შეიძლებოდა სააპელაციო სასამართლოს დაედგინა გასაცემელი ხელფასის ოდენობა, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ნ. გ-ის კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი იყო ბუნდოვანი და იგი საჭიროებდა დამატებით განმარტებას სასამართლოს მხრიდან.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გაკეთდა შესაბამისი განმარტება. დადგენილია, რომ 2000 წლის აგვისტოდან კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს აღმასრულებელმა დაიწყო აღნიშნული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულებისათვის ღონისძიებების გატარება, რის შედეგად ნ. გ-ეს 2001 წლის მაისში აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური ერთი წლის ხელფასი 612 ლარის ოდენობით. დადგენილია, რომ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შპს „...“ მიერ 2001 წლის 25 მაისს, გამოიცა ბრძანება და ნ. გ-ე დაინიშნა სერვისული ცენტრი „...“ დირექტორად, 2001 წლის 25 მაისიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით, 6 თვის ვადით, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებით, თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 60 ლარის ოდენობით. დადგენილია, ასევე, რომ შპს „...“ 2001 წლის 25 მაისის ბრძანება მიჩნეულ იქნა კრწანისი -მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულებად და სწორედ 2000 წლის 7 თებერვლიდან, ამ გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე - 2001 წლის 25 მაისამდე, სააპელაციო სასამართლომ დაავალა მოპასუხე მხარეს დაყოვნების მთელი დროის ხელფასის ანაზღაურება. შესაბამისად, ნ. გ-ის ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრა 2001 წლის 25 მაისამდე არსებული მდგომარეობის შესაბამისად. კერძოდ, 2000 წლის 7 თებერვლის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ნ. გ-ეს აუნაზღაურდა ერთი წლის ხელფასი - 612 ლარის ოდენობით. ამგვარად, ირკვევა, რომ ყოველთვიური მისი დარიცხული ხელფასი შეადგენდა 51 ლარს. აღნიშნული დასტურდება 2000 წლის 30 ოქტომბრის N4-02 საინკასო დავალებით. ვინაიდან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების თანახმად, ქალაქ თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობას, ნ. გ-ის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს 2000 წლის 7 თებერვლიდან, 2001 წლის 25 მაისამდე დარიცხული ხელფასის ანაზღაურება, რაც სულ შეადგენს 795.60 ლარს. (15 თვე და 18 დღე X 51=795.60 ლარს).
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას სადავო საკითხის მიმართ და აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნის შესაბამისად, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსს. ამდენად, გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება არსებობს, როცა მისი სარეზოლუციო ნაწილის ესა თუ ის დებულება ორაზროვანი, გაუგებარია და არსებული სახით გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას დაბრკოლება ექმნება. გადაწყვეტილების განმარტება მისი ნაკლოვანების აღმოფხვრის ერთ-ერთი საშუალებაა. გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში განიმარტება, როდესაც მისი შინაარსი არის ბუნდოვანი, გაურკვეველი ან წინააღმდეგობრივი. გაურკვევლობა უნდა ეხებოდეს სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს. გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების განმარტების მიცემაში პრიორიტეტულია არა მხარის სურვილი, მოისმინოს მიღებული გადაწყვეტილების დამატებითი არგუმენტები, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის მიერ კერძო საჩივარში დასმული საკითხი - გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, მტკიცებულებათა მოძიებისა და გამოკვლევის თაობაზე, სცილდება გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს და წარმოდგენილი კერძო საჩივარი გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე თავისი არსით გადაწყვეტილების რევიზიას გულისხმობს, აკრიტიკებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას და ითხოვს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობის პირობებში, საქმეზე ახალი მტკიცებულებების მოძიებას და საქმის არსებითად განხილვას.
კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმების მოთხოვნას ასაბუთებს ასანაზღაურებელი ხელფასის ოდენობის სიმცირით, რასაც საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს. ასევე საყურადღებოა, რომ მის მიერ წარმოდგენილი მოსაზრება - ყოველთვიური ხელფასის 150 ლარის ოდენობით განსაზღვრის თაობაზე, არ არის გამყარებული რაიმე კონკრეტული მტკიცებულებით. .
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმების წინაპირობების არსებობის თაობაზე, სააპელაციო პალატის მიერ საქმეში არსებული მტკიცებულებების სათანადო შეფასებით განიმარტა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი, შესაბამისად, არ არსებობს კერძო საჩვარის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე