Facebook Twitter

საქმე # 010358918900013089

#ბს-160-160(გ-18) 13 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი(თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოპასუხე _ რ. კ-ი

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 22 ნოემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - რ. კ-ის მიმართ.

მოსარჩელემ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის, რ. კ-ისათვის ყოველთვიურად 235,8 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა, 2012 წლის 18 სექტემბრიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი რ. კ-ის მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა განსჯად სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

სასამართლოს მითითებით, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის დარიცხული დავალიანების ანაზღაურება. დავა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობიდან. მოცემულ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე სარჩელით ითხოვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის მოპასუხე რ. კ-ისათვის თანხის დაკისრებას. სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კანონმდებლობით მოწესრიგებული ურთიერთობები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სასამართლომ აღნიშნა, რომ დავაში მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა განმსაზღვრელი არ არის დავის ადმინისტრაციუად მიჩნევისათვის. რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 651-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი და ასეთ შემთხვევაში მასზე არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი რ. კ-ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, განსჯადობით სიღნაღის რაიონულ სასამართლოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად გადაუგზავნა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლად მიიჩნია სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობის მიერ საქმის განხილვა. სააგენტოს განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის თანხის დაკისრების შესახებ, ეფუძნება ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 - ლი პუნქტის მოთხოვნებს, რის გამოც იგი წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს. დავის ერთი მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო დავის საგანი შეეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის დარიცხული დავალიანების ანაზღაურებას, დარიცხვა კი ეფუძნება ადმინისტრაციულ (საჯარო) კანონმდებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 იანვრის განჩინებით, საქმე N2ბ/5220-17 სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებაზე გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, ანუ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აღძრული სარჩელის დავის საგანზე. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის თანხის დაკისრებას.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ - სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთვარობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.

მოცემულ დავაში მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ხოლო დავის საგანი არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის თანხის დაკისრება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული საქმეების განსჯადობის მთავარ ფაქტორს გარდა იმ ფაქტისა, რომ ერთ - ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ასევე წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების საჯარო - სამართლებრივი მიზანი. განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება როგორც სადავო სამართალურთიერთობების ბუნებას ასევე სუბიექტურ შემადგენლობას. დავის საჯარო- სამართლებრივი ხასიათის დასადგენად საკმარისი არ არის ის, რომ დავის ერთ - ერთი მხარე საჯარო სამართლის სუბიექტია, ვინაიდან შესაძლებელია საჯარო სამართლის სუბიექტი მხარედ გამოვიდეს კერძოსამართლებრივ ურთიერთობებშიც.

სასამართლოს მითითებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36 -ე მუხლის 13 -ლი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური საბაზრო ღირებულების შესაბამისად, (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის მოთხოვნაა მოპასუხისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით არამართლზომიერი სარგებლობისათვის თანხის დაკისრება 2012 წლის 17 სექტემბრიდან, თვეში 235,8 ლარის ოდენობით, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 - ლი პუნქტის სამართლებრივი საფუძვლით, ამდენად პალატამ მიიჩნია, რომ სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, საქმე განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე სიღნაღის რაიონული სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებებს და მიიჩნევს, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ დავაში სადავო სამართალურთიერთობის ერთ-ერთ მხარედ გამოდის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ხოლო დავის საგანი არის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის დარიცხული დავალიანების ანაზღაურება. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის, მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებისა) არის ადმინისტრაციული ორგანო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო სამართალურთიერთობაში მხარედ ადმინისტრაციული ორგანოს გამოსვლა არის დავის საჯარო - სამართლებრივი ხასიათის ერთ-ერთი მაჩვენებელი. ამასთანავე, საქმის განსჯადობის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს არა სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტური შემადგენლობა, არამედ სადავო სამართალურთიერთობის ბუნება. დავის საჯარო-სამართლებრივი ხასიათის დასადგენად საკმარისი არ არის სადავო სამართალურთიერთობაში საჯარო სამართლის სუბიექტის მონაწილეობა, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანო შესაძლოა მხარედ გამოვიდეს კერძოსამართლებრივ ურთიერთობაშიც.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი შეიცავს ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს. კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულებითი ურთიერთობების ცალკე კანონით გათვალისწინება თავისთავად არ არის საკმარისი ამავე ურთიერთობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიისადმი კუთვნილების გადასაწყვეტად. თავის მხრივ, მხოლოდ ვალდებულებითი ურთიერთობის ფორმალურად სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მოთხოვნებისადმი შესაბამისობა, საჯარო - სამართლებრივი მოთხოვნის, სხვა ნორმებთან ერთად, სამოქალაქო კოდექსის ნორმაზე დაფუძნება ასევე არ ადასტურებს სადავო სამართალურთიერთობის სამოქალაქო-სამართლებრივ ხასიათს, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში ვალდებულება წარმოიშობა არა სახელშეკრულებო ან კერძოსამართლებრივი კანონის, არამედ სპეციალური კანონის - „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის საფუძველზე, რომელიც ადმინისტრაციულ კანონმდებლობას განეკუთვნება და აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. სახელმწიფო ქონების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის კანონიერების კონტროლი ადმინისტრაციული მართლმსაჯულების იურისდიქციის სფეროს განეკუთვნება. ამდენად, აღნიშნულ საკითხებზე და მათგან გამომდინარე ურთიერთობები ადმინისტრაციულ -სამართლებრივია და შესაბამისი სასამართლო წარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მოთხოვნას ამყარებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის 36-ე მუხლის 13-ლი პუნქტის მიხედვით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური - საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა დავის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნების ყველა წინაპირობა, კერძოდ, მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო _ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ხოლო დავის საგანი ეხება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის დარიცხული დავალიანების ანაზღაურებას, დარიცხვა ეფუძნება ადმინისტრაციულ კანონმდებლობას. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნა ემყარება საჯარო კანონმდებლობას, დავა განსახილველად ექვემდებარება ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სადავო სამართალურთიერთობის ხასიათი და მისი სუბიექტური შემადგენლობა ადასტურებს დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი კუთვნილებას. საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრებას დავის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი კუთვნილების შესახებ. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ დავა განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების წესით და საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი - რ. კ-ის მიმართ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის დარიცხული დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე