Facebook Twitter
საქმე #010330116700019721









საქმე №ბს-763-759(კს-17) 21 ნოემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე - ო. კ-ა

მოპასუხეები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ააიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მთავრობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება

დავის საგანი - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 11 აგვისტოს ო. და ა. კ-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ.
დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელეებმა მოითხოვეს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2011 წლის 20 ივლისის წერილის ბათილად ცნობა; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2008 წლის 16 მაისს დადებულ უზუფრუქტის ხელშეკრულებასა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 21 აპრილის №1-1/635 ბრძანებაში ცვლილებების შეტანა, კერძოდ, დაბა აბასთუმანში, ... №...-ში და დაბა აბასთუმანში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლებში განმცხადებლებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომების უზუფრუქტის ხელშეკრულებით სარგებლობაში გადაცემული ქონების ნუსხიდან ამოღება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის დაბრუნება; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2008 წლის 16 მაისს დადებულ უზუფრუქტის ხელშეკრულებაში განხორციელებული ზემოაღნიშნული ცვლილებების საფუძველზე „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის საბინაო ფონდის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 28 ივლისის №501 დადგენილებით ნაკისრი ვალდებულების (განმცხადებლების საცხოვრებელი სადგომებით დაკმაყოფილების შესახებ) შესასრულებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალდებულება; ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2011 წლის 9 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ №08-0-11/11085 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
დაზუსტებულ სარჩელში მოპასუხეებად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად დასახელდნენ აგრეთვე საქართველოს მთავრობა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2011 წლის 18 ნოემბერს მოსარჩელეების წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის საფუძველზე გამოიხმო ა. კ-ას სარჩელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელე ა. კ-ას უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, სარჩელის წარმოებაში მიღებამდე მისი გამოხმობის გამო. ხოლო ამავე სასამართლოს 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ო. კ-ას სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 მაისის განჩინებით ო. კ-ას სარჩელზე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2011 წლის 20 ივლისის წერილის, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2011 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის შესახებ საქმის წარმოება შეწყდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით ო. კ-ას სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 მაისის განჩინება (საქმე №3/4184-11) ო. კ-ას სარჩელზე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2011 წლის 20 ივლისის წერილის, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2011 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში დაუშველობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ 2012 წლის 14 ივნისს კერძო საჩივრით გასაჩივრდა ო. კ-ას მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. კ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 თებერვლის საოქმო განჩინებით დავის საგნის არარსებობის გამო შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის იმ ნაწილში, რომელიც ეხება მოსარჩელის მოთხოვნას: ცვლილებები იქნა შეტანილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2008 წლის 16 მაისს დადებულ უზუფრუქტის ხელშეკრულებასა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 21 აპრილის №1-1/635 ბრძანებაში, კერძოდ, დაბა აბასთუმანში, ... №...-ში და დაბა აბასთუმანში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლებში განთავსებული განმცხადებლებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომები ამოღებულ იქნეს უზუფრუქტის ხელშეკრულებით სარგებლობაში გადაცემული ქონების ნუსხიდან და დაუბრუნდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 თებერვლის საოქმო განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მესამე პირის ნაცვლად საქმეში მოპასუხედ ჩაება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 თებერვლის განჩინებით ო. კ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 მაისის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით ო. კ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ო. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 28 ივლისის №501 დადგენილებით ნაკისრი ვალდებულების განხორციელება და ამ დადგენილების შესაბამისად, ო. კ-ას საცხოვრებელი სადგომით დაკმაყოფილების უზრუნველყოფა დაევალა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 სექტემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 9 ივნისს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
განმცხადებლის განმარტებით, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სააგენტომ დაიწყო შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016 წლის 14 იანვრის N5/1863 წერილის საფუძველზე გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ო. კ-ასთან შრომითი ურთიერთობების შესახებ (წლების მიხედვით).
სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016 წლის 11 მაისის N35/1895 წერილით ირკვევა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ... მკვლევრის - ო. კ-ას სახელფასო სარგომ 2012 წლიდან - 2014 წლის ჩათვლით შეადგინა: 2012 წლის ხელფასის დარიცხულმა ჯამურმა თანხამ - 4 496 ლარი; 2013 წლის ხელფასის დარიცხულმა ჯამურმა თანხამ - 9 700 ლარი; 2014 წლის ხელფასის დარიცხულმა ჯამურმა თანხამ - 7 123 ლარი.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016 წლის 11 მაისის N35/1895 წერილით გახდა ცნობილი, რომ ო. კ-ა საქმიან და ანაზღაურებად ურთიერთობაშია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ამდენად, განმცხადებლის მოსაზრებით სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016 წლის 11 მაისის N35/1895 წერილით გახდა ცნობილი ისეთი გარემოებების შესახებ, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივნისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განმცხადებელი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ვერ უთითებს რაიმე ისეთ საპატიო მიზეზს, რის გამოც მას თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს გამოეთხოვა ანალოგიური შინაარსის ცნობები ო. კ-ას ხელფასის შესახებ სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და წარმოედგინა ისინი სასამართლოში. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, რომელიც განსახილველ საქმეში წარმოადგენდა მოპასუხე მხარეს, საქმის არსებითად განხილვის დროს სრული შესაძლებლობა ჰქონდა ანალოგიური შინაარსის ცნობები ო. კ-ას ხელფასის შესახებ გამოეთხოვა სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და წარმოედგინა ისინი სასამართლოში, რაც მას არ გაუკეთებია და ვერც მიუთითებს ამის საპატიო მიზეზზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააგენტოს მიერ არაერთხელ იქნა მოძიებული და გამოკვლეული ო. კ-ა რა ურთიერთობაში იყო ილიას უნივერსიტეტთან. მეტიც, თუკი სააგენტომ, როგორც ამას გადაწყვეტილებაში აღნიშნავს სასამართლო, ვერ შეძლო მოეპოვებინა ო. კ-ას ხელფასის ცნობა, სასამართლოს ინკვიზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, შეეძლო საკუთარი ინიციატივით თავად მოეპოვებინა ადმინისტრაციული დავის განსახილველად დამატებითი ინფორმაცია ან საჭირო მტკიცებულებები.
განმცხადებელი ასევე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული პროცესის ინკვიზიციური ბუნება განასხვავებს მას სამოქალაქო-სამართლებრივი პროცესისაგან. თუ ადმინისტრაციული პროცესის მიმდინარეობისას სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია საქმის გარემოებათა ობიექტური გამოკვლევისათვის, იგი თავად იწყებს თავისი ინიციატივით მტკიცებულებათა მოძიებასა და გარემოებათა გამოკვლევას. ამასთანავე, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სასამართლომ შეიძლება იმგვარ გარემოებებზე გაამახვილოს ყურადღება, რომლებზეც მხარეებს პროცესის მსვლელობისას არანაირი ინფორმაცია თუ მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.
განმცხადებლის განმარტებით სააგენტოსათვის სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016 წლის 11 მაისის №35/1895 წერილით გახდა ცნობილი ისეთი გარემოებების შესახებ, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. კერძოდ, ო. კ-აზე არ გავრცელდებოდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1094 წლის 28 ივლისის №501 დადგენილებით გათვალისწინებული ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი არსებობს, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მითითებული საფუძვლით დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-265-ე მუხლების შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას ან შეცვლას ახალი გარემოებების წარმოშობის პირობებში. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა უშვებს არა ყოველი ახალი გარემოების ან მტკიცებულების შეტყობის პირობებში საქმის ხელახლა გადასინჯვის შესაძლებლობას, არამედ მხოლოდ ისეთი გარემოებები შეიძლება დაედოს საფუძვლად დასრულებული საქმის წარმოების განახლებას, რომლებიც მხარისათვის მისი ბრალის გარეშე არ იყო ცნობილი საქმის წარმოების პროცესში და ამასთან, აღნიშნული გარემოებები ან მტკიცებულებები ხელსაყრელი გადაწყვეტილების დადგენას გამოიწვევდა.
განცხადების ავტორი საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითებს სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016 წლის 11 მაისის N35/1895 წერილზე, რომლითაც ირკვევა, რომ სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ... მკვლევარის ო. კ-ას სახელფასო სარგომ 2012 წლიდან - 2014 წლის ჩათვლით შეადგინა: 2012 წლის ხელფასის დარიცხულმა ჯამურმა თანხამ - 4 496 ლარი; 2013 წლის ხელფასის დარიცხულმა ჯამურმა თანხამ - 9 700 ლარი; 2014 წლის ხელფასის დარიცხულმა ჯამურმა თანხამ - 7 123 ლარი. განმცხადებლის მოსაზრებით აღნიშნული წერილით დადასტურებული გარემოება წარმოადგენდა „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის საბინაო ფონდის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 28 ივლისის №501 დადგენილების მე-2 პუნქტის საფუძველზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის წარმოების განახლების პირობას წარმოადგენს ფაქტის სიახლე, ამასთანავე საუბარია არა უბრალოდ ახალ, არამედ ახლადაღმოჩენილ გარემოებაზე, ე.ი. ისეთი იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, რომელიც საქმის განხილვის დროს არსებობდა, მაგრამ არ იყო ცნობილი და არც შეიძლებოდა ყოფილიყო ცნობილი განმცხადებლისა და სასამართლოსათვის, მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებასა და მტკიცებულებაზე. აღნიშნული გარემოებები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლით გათვალისწინებული განცხადების დასაშვებობის აუცილებელ პირობას.
საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ვერ უთითებს რაიმე ისეთ საპატიო მიზეზს, რის გამოც მას თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს გამოეთხოვა ანალოგიური შინაარსის ცნობები ო. კ-ას ხელფასის შესახებ სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და წარმოედგინა ისინი სასამართლოში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოში სარჩელის განხილვისას წარდგენილი იყო სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 2014 წლის 12 მარტის №01-1249 ცნობა, რომლის საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ო. კ-ა აღარ იმყოფებოდა ანაზღაურებად შრომით ურთიერთობაში .... აღნიშნული მტკიცებულების გაქარწყლების შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე გააჩნდა მოპასუხეს. ამასთან, სასკ-ის მე-19 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული უფლებით მას არ უსარგებლია, ხოლო საქმეში არსებული მტკიცებულებები გამორიცხავდა მე-19 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების (და არა ვალდებულების) გამოყენების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების, განცხადების დასაშვებობის პირობები, არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობა, რის გამოც არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების შესაბამისად მისი გაუქმების საფუძველი, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მართებულად ეთქვა უარი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და


დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე ვ. როინიშვილი




მოსამართლეები: მ. ვაჩაძე




ნ. სხირტლაძე