საქმე # 020310016001454027
საქმე Nბს-781-777 (2კ-17) 12 დეკემბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ლ. ს-ე (მოსარჩელე)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ს-ე (მოსარჩელე)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტი (მოპასუხე)
მესამე პირები - ლ. შ-ა, შპს ,,...“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. ს-მ 2016 წლის 29 ივლისს სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა მატერიალური ზიანის - 22 000 (ოცდაორი ათასი) ლარის ოდენობით დაკისრება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ლ. შ-ა და შპს ,,...“.
სასამართლომ დაადგინა, რომ ლ. ს-ის კუთვნილი ავტომანქანა, რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მართავდა მისი მეუღლე - გ. ჩ-ა (ნივთმტკიცება) სასამართლოს მიერ გ. ჩ-ას მიმართ 2016 წლის 26 თებერვალს გამოტანილი განაჩენით არ დაქვემდებარებია კონფისკაციას, განადგურებას და საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას. პირიქით, სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დაუბრუნა იგი მფლობელს, თუმცა მისი დაბრუნება ვერ განხორციელდა იმის გამო, რომ პროცესის მწარმოებელმა ორგანომ ვერ უზრუნველყო ნივთმტკიცების შენახვა ისეთ პირობებში, რომელიც გამორიცხავდა მის დაკარგვას და მისი თვისებების შეცვლას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნივთმტკიცება მნიშვნელოვნად დაზიანდა (დაწვეს), რის გამოც მესაკუთრეს აქვს უფლება მოითხოვოს კომპენსაცია პროცესის მწარმოებელი ორგანოსგან.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს – სამეგრელო - ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოს ლ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 22000 ლარის გადახდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოს ლ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 11 000 ლარის გადახდა. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, ავტომანქანის ღირებულება, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა, სპეცავტოსადგომზე მოათავსა პატრულმა და გაანადგურა (დაწვა) ლ. შ-ამ, შეადგენდა 11 000 ლარს, ექსპერტიზის დასკვნით კი მისი საბაზრო ღირებულება 2016 წლის მარტისთვის დაუზიანებელ მდგომარეობაში განისაზღვრა 22 000 ლარით. ამდენად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანა იყო დაზიანებული, რაშიც ბრალი პროცესის მწარმოებელ ორგანოს არ მიუძღვოდა, შესაბამისად, დაუშვებლად მიიჩნია მოპასუხისათვის დაუზიანებელი ავტომანქანის ღირებულების დაკისრება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ს-ემ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა.
კასატორი - ლ. ს-ე საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ საქმეზე გამოტანილი გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეფუძნება სასამართლო სხდომაზე განხილული მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტური განხილვის შედეგად გამოტანილ დასკვნას, რაც ცხადყოფს სასამართლოს მიერ კანონის არასწორად გამოყენების ფაქტს.
კასატორი განმარტავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის მიერ მოცემულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული სამართლებრივი დასაბუთების ანალიზით აშკარაა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა სამართლის ნორმათა დაცვით, თუმცა ფაქტობრივი გარემოებების არასწორმა შეფასებამ და გაკეთებულმა დასკვნამ განაპირობა ნაწილობრივ უკანონო გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისად გასაჩივრებული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რითაც სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდება.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას ზიანის ანაზრაურების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე და აღნიშნავს, რომ მის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2016 წლის 05 ივლისის N003888816 დასკვნით დასტურდება, რომ ავტომანქანა ,,მერსედესის“ (სახელმწიფო ნომრით „ ...“) აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით ტექნიკური თვალსაზრისით არ არის მიზანშეწონილი, ხოლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2016 წლის 07 ივლისის N003974616 დასკვნის თანახმად დასტურდება, რომ ავტომანქანა ,,მერსედესის“, სახელმწიფო ნომრით „...“, ღირებულება, დაუზიანებელ მდგომარეობაში, საორიენტაციოდ განისაზღვრება 22000 ლარით. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ლ. ს-ის პოზიცია იმის თაობაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მომზადებული დასკვნის გაცემისას, რომლითაც დაზიანებული (დამწვარი) ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა 11 000 ლარით განისაზღვრა, ექსპერტიზის წინაშე არ დასმულა შეკითხვა - შეიძლებოდა თუ არა ავტომანქანის აღდგენა და მისი ექსპლუატაციაში გამოყენება, ამიტომ ექსპერტმა დასკვნა გააკეთა დასმული კითხვის შესაბამისად, რომლის თანახმად ავტომანქანის შეკეთებას დასჭირდებოდა 11 000 ლარი. აღნიშნულის საპირისპიროდ, ლ. ს-ის მიერ წარმოდგენილი დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზის ბიუროს ამომწურავად დაესვა შეკითხვები დაზიანებული ავტომანქანის ექსპლუატაციის მიზნით ტექნიკური თვალსაზრისით აღდგენის მიზანშეწონილობასა და ღირებულების შესახებ, რაზეც გაცემულ იქნა დასაბუთებული დასკვნა, შესაბამისად დგინდება, რომ შეუძლებელია ლ. ს-ის ავტომანქანის აღდგენა და ექსპლუატაციაში გამოყენება.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ავტომანქანას ჰქონდა დაზიანება საგამოძიებო ორგანოს მიერ მის ამოღებამდეც და მისი აღდგენის ღირებულების არ შეიძლება დაეკისროს საგამოძიებო ორგანოს. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს, რომ მან სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არსებული დაზიანებების აღდგენის ღირებულების თაობაზე და დააფიქსირა თანხმობა ამ ოდენობით მოთხოვნის შემცირებაზე, რაზეც სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა, რამაც განაპირობა საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების მიღება.
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად დასაბუთებული და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის განაჩენით ნივთმტკიცების სახით არსებული ავტომანქანა ,,მერსედესი“, დაუბრუნდა გ. ჩ-ას, ან მის ნდობით აღჭურვილ პირს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან. შესაბამისად, ავტომანქანის გაყვანა სპეციალური ავტოსადგომიდან შესაძლებელი იყო 2016 წლის 26 თებერვლიდან. სისხლის სამართლის კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოცხადებისთანავე. ასევე ამავე კოდექსის 81-ე მუხლის, ,,ე” პუნქტის შესაბამისად, დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუქცევად პროცესს წარმოადგენს მეპატრონესთვის ნივთის (ავტომანქანა) დაბრუნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების მომენტიდან, მიუხედავად იმისა მხარეები გაასაჩივრებდნენ თუ არა ზემდგომ ინსტანციებში განაჩენს, მფლობელს ეძლევა თავისუფლად და შეუზღუდავად განკარგოს თავისი ქონება.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება საბოლოო გახდა მას შემდეგ, რაც მის მოქმედებას შეუქცევადი ხასიათი ექნება და არ იარსებებს გასაჩივრების კანონმდებლობით გათვალისწინებული გონივრული მექანიზმები. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორი მიიჩნევს, რომ საკუთრების დაბრუნება მეპატრონესთვის გაააჩენის შემადგენელი ნაწილია და დაუყოვნებლივ უნდა იქნეს აღსრულებული, შესაბამისად, ლ. ს-ეს 2016 წლის 26 თებერვლიდან შეეძლო მოეთხოვა სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცების სახით ამოღებული მისი კუთვნილი ავტომობილის დაბრუნება. საქმზე ნივთმტკიცების სახით გადაყვანილი ავტომანქანა, რომელიც იმყოფებოდა შპს ,,...“ 2016 წლის 1 მარტს განზრახ განადგურებული იქნა ლ. შ-ას მიერ (სამის ნომ. ...), შესაბამისად, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით მოქმედებას ან უმოქმედობას ზიანის დადგომა არ გამოუწვევია და მასზე ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ლ. ს-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ს-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილზე და განმარტავს, რომ ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ამასთანავე, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც ეს მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 01 მარტს, ლ. შ-ამ ქ.ზუგდიდში, ... ქუჩაზე შპს ,,...“ დაცულ სადგომზე, საწვავის და ასანთის გამოყენებით, ცეცხლი წაუკიდა ლ. ს-ის კუთვნილ ავტომობილს, რითაც მას მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი. ამ ქმედების ჩადენისთვის ლ. შ-ას მიმართ 2016 წლის 22 სექტემბერს გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. ამ განაჩენით ლ. ს-ისთვის მიყენებული ზიანი განისაზღვრა 11 000 ლარით.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ. ს-ის კუთვნილი ავტომობილის დაწვით მიყენებული ზიანი მისი წარმოშობის საფუძვლებიდან გამომდინარე არ ტოვებს შეფასების თავისუფალ ზღვარს, შესაბამისად, სახეზეა ზიანი ადმინისტრაციული ორგანოების მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი, რაც გამოიხატა საგამოძიებო ორგანოს მიერ შერჩეულ და დაცულ სადგომზე, ნივთმტკიცებად ამოღებული ავტომობილის დაწვით, ზიანი - 11 000 ლარის ოდენობით განსაზღვრულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2016 წლის 13 აპრილის N002089116 დასკვნით.
საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი პირველი ინსტანციის განაჩენი არ არის რა საბოლოო და ექვემდებარება გასაჩივრებას, ნივთმტკიცების ნაწილში უნდა აღსრულდეს საბოლოო ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შესაბამისად დაუსაბუთებელია კასატორის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ლ. ს-ეს 2016 წლის 26 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც გამოცხადდა გ. ჩ-ას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენი, შეეძლო მოეთხოვა სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცების სახით ამოღებული მისი კუთვნილი ავტომობილის დაბრუნება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, შესაბამისად, პალატა არ იზიარებს ლ. ს-ის მიერ მითითებულ არგუმენტაციას, მის მიერ სააპელაციო პალატისათვის წარდგენილი, ავტომობილის დაწვამდე არსებული დაზიანებების ამსახველი, მტკიცებულების შეუფასებლობის თაობაზე და განმარტავს, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მტკიცებულებას და სააპელაციო პალატის დასკვნა აღნიშნული მტკიცებულების საფუძველზე საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დანაწესს.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ს-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - ლ. ს-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 25.08.2017წ. №12 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარის 70% - 385 (სამას ოთხმოცდახუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე