Facebook Twitter

საქმე # 330310016001629652

საქმე Nბს-799-795(კ-17) 18 დეკემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაიულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ,,თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ფ. ყ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 2 დეკემბერს ფ. ყ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 13 ოქტომბრის №535 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ფ. ყ-ისათვის ქ.თბილისი, თემქის დასახლება, მე-... მ/რაიონი, კორპუსი №... - ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების აღიარების შესახებ ახალი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ფ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 13 ოქტომბრის №535 საოქმო გადაწყვეტილება ფ. ყ-ზე ქ. თბილისში, თემქის დასახლება, მე-... მ/რაიონი, კორპუსი №...-ის მიმდებარედ, არსებულ 764 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში (დღის წესრიგის 26-ე საკითხი) და ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ,,თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ,,თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ,,თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ ფ. ყ-ის განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტების შესწავლის დროს, ვერ იქნა დადასტურებული ფ. ყ-ის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის განმცხადებლის მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტი კანონის ამოქმედებამდე და ფ. ყ-ის დაინტერესებაში არსებული 764 კვ. მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნანგრევი არ წარმოადგენს საცხოვრებელი სახლის ნანგრევებს, მოქმედი კანონმდებლობა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე ნანგრევის არსებობის შემთხვევაში იმპერატიულად ითხოვს, ნანგრევების საცხოვრებელი სახლისადმი კუთვნილებას, რომლის მტკიცების ტვირთიც გადადის განმცხადებელზე, რომელმაც ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს, პირველ რიგში მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ნანგრევების არსებობის შემთხვევაში მისი საცხოვრებელი სახლისადმი კუთვნილების ფაქტი, ხოლო შემდგომ ის, რომ ფაქტობრივად განმცხადებელი სარგებლობს და ფლობს თვითნებურად დაკავებულ ფართს.

კასატორი მიუთითებს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებას არ ექვემდებარება რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა, ხოლო ,,თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილების მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2) - სარეკრეაციო ქვეზონა, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ტერიტორიებს: პარკს, ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს“. განსახილველ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 სექტემბრის N07/12547-15 წერილით დასტურდება, რომ ფ. ყ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეულია სარეკრეაციო ზონა 2-ში (რზ-2), რაც თავისთავად გამორიცხავს საკუთრების უფლების აღიარებას მითითებულ მიწის ნაკვეთზე. ამასთან ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი კვეთს ქ. თბილისის თვითმმართველის სახელზე საკადასტრო კოდით ... რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, რაც ასევე გამორიცხავს აღიარების შესაძლებლობას, ვინაიდან აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

კასატორი განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის და საქართველოს ადმინისტრაციულო საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად ფ. ყ-ის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა მისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურება სათანადო მტკიცებულებებით, რაც მის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი, ამასთან ინკვიზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ვერც სასამართლოს მიერ იქნა მოძიებული ისეთი სახის მტკიცებულება, რაც შეიძლება გამხდარიყო სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი. სასამართლოს მითითება საქმეში ადგილზე დათვალიერების ოქმის არსებობის თაობაზე, არ შეიძლება გამხდარიყო სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან მოცემულ დავაში სადავო ფაქტობრივი გარემოების, კერძოდ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული ნანგრევის საცხოვრებელი სახლისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენა, კომისიის წარმომადგენლის ადგილზე გასვლით შეუძლებელი იქნებოდა. ამასთან საქმეში არსებული, ფ. ყ-ის მიერ წარდგენილი საექსპერტო დასკვნაც ვერ გახდებოდა სადავო საკითხის გადაწყვეტის წინაპირობა, ვინაიდან საექსპერტო დასკვნაში საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ნანგრევების ხანდაზმულობაზე და არა იმაზე ნანგრევები ეკუთვნის თუ არა საცხოვრებელ სახლს.

კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც გაამყარებდა საოქმო გადაწყვეტილებაში კომისიის მიერ მითითებულ გარემოებებს და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის განჩინება არის დაუსაბუთებელი, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ,,თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ,,თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლით მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ,,თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის“ 2016 წლის 13 ოქტომბრის N535 საოქმო გადაწყვეტილებით ფ. ყ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. განმცხადებელს განემარტა, რომ არ დასტურდებოდა ის ფაქტი, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნანგრევები წარმოადგენდა საცხოვრებელი სახლის ნანგრევებს და აქედან გამომდინარე არ დასტურდებოდა ფ. ყ-ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის განცხადების განხილვის დროს, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული მიწის ნაკვეთის მიმართ არსებული ყველა მონაცემის შესწავლისა და გამოკვლევის გზით უნდა დაედგინა, მიეკუთვნებოდა თუ არა ის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რისთვისაც საჭირო იყო ადმინისტრაციულ ორგანოს დაედგინა: სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყო თუ არა მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში, მიწის ნაკვეთზე იყო თუ არა განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ან იგი ემიჯნებოდა თუ არა მოსარჩელის საკუთრებაში (ან მართლზომიერ მფლობელობაში) არსებულ მიწის ნაკვეთს. საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ასევე უნდა გამოეკვლია კონკრეტული მიწის ნაკვეთის მიმართ ხომ არ არსებობდა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი გარემოებები.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ორგანოს ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაადგინოს განმცხადებლის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი ექვემდებარება თუ არა აღიარებას და უარყოფით შემთხვევაში, შესაბამისი საფუძვლების მითითებით გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მხარისათვის გასაგები უნდა იყოს რა მოტივით იქნა მიღებული განმცხადებლის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავების ფაქტის დაუდასტურებლობის გამო, აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, არ ემყარებოდა განსახილველ საკითხზე არსებულ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს რომ საკასაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ქვედა ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვისას მითითებული არ ყოფილა, შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. კასატორის მიერ მითეთებული ფაქტობრივი გარემოებები, რასაც მხარე საკასაციო საჩივარში მიუთითებს, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისი დადასტურების შემთხვევაში, ასახული უნდა იქნეს განცხადების განხილვის შედეგად გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს და სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ,,თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე