საქმე #160310015001029980
#ბს-798-794(2კ-17) 11 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ფ. მ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 7 ივლისს ფა. მ-მა, ლ. ყ-მა, ე. მ-მა და ზ. ი-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ხოლო მესამე პირად მიუთითეს - ჯ. მ-ი.
მოსარჩელეებმა უძრავ ნივთზე ს/კ ... 1999 წლის 18 მაისს განხორციელებული რეგისტრაციის, უძრავ ნივთზე ს/კ ... 1999 წლის 18 მაისს განხორციელებული რეგისტრაციის, უძრავ ნივთზე ს/კ ... (განაცხადის რეგისტრაცია 67/99) 1999 წლის 30 ნოემბრის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის, უძრავ ნივთზე ს/კ ... (განაცხადის რეგისტრაცია ...) 2007 წლის 25 ოქტომბერს განხორციელებული რეგისტრაციის, უძრავ ნივთზე ს/კ ... (განაცხადის რეგისტრაცია ...) 2009 წლის 4 მარტს განხორციელებული რეგისტრაციის, რეგისტრაციის შესახებ 2009 წლის 19 მარტის #... გადაწყვეტილების და რეგისტრაციის შესახებ 2011 წლის 2 მარტის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს. ამასთან, მოსარჩელეებმა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე, გასაჩივრებული საჯარო რეესტრის ჩანაწერების მოქმედების შეჩერების თაობაზე (უძრავ ქონებაზე, მდებარე: მარნეული, ... ქუჩა, ს/კ ...) იშუამდგომლეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის განჩინებით ფა. მ-ის, ლ. ყ-ის, ე. მ-ისა და ზ. ი-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა ქ. მარნეულში, ... ქუჩაზე მდებარე უძრავ ქონებაზე - საკადასტრო კოდით ... გასხვისების უფლების რეგისტრაცია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 14 დეკემბრის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება ჯ. მ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის განჩინებით განახლდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება მოსარჩელეების ფა. მ-ის, ლ. ყ-ის, ე. მ-ისა და ზ. ი-ის სარჩელისა გამო მოპასუხის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის და მესამე პირების ჯ. მ-ის კანონისმიერი მემკვიდრე (მეუღლე) ფ. მ-ასა და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ფა. მ-ის, ლ. ყის, ე. მ-ის, ზ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი უძრავ ნივთზე ს.კ. ... და ს.კ. ... 1999 წლის 18 მაისს განხორციელებული რეგისტრაცია, 1999 წლის 30 ნოემბრის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა უძრავ ნივთზე ს.კ. ... (განაცხადის რეგისტრაცია ...), 2007 წლის 25 ოქტომბერს განხორციელებული რეგისტრაცია უძრავ ნივთზე ს.კ. ... (განაცხადის რეგისტრაცია ...), 2009 წლის 19 მარტის რეგისტრაციის შესახებ #... გადაწყვეტილება და 2011 წლის 2 მარტის #... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და საჭიროების შემთხვევაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ფ. მ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინებით ფ. მ-ას და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ფ. მ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ვერ განმარტა, თუ რა გარემოება უნდა გამოეკვლია ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებების მიღების დროს და კონკრეტულად რომელი გარემოების შეუსწავლელობამ გამოიწვია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოსარჩელეთა კანონიერი ინტერესი გასაჩივრებული რეგისტრაციების ბათილად ცნობისადმი. მათი მიერ ინიცირებული დავა შეეხება აუცილებელი მისასვლელი გზის არარსებობას, ხოლო ამ სახის სამართლებრივ ურთიერთობას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მესამე პირის წარმომადგენლებმა მოსარჩელეებს არაერთგზის შესთავაზეს აუცილებელი გზის სახით თავისი მიწის ნაკვეთის ნაწილის დათმობა, თანაც ყოველგვარი საზღაურის დაწესების გარეშე, თუმცა მოსარჩელეები არ დათანხმდნენ აღნიშნულ შეთავაზებას.
კასატორის განმარტებით, მესამე პირის საკუთრების უფლების რეგისტრაცია და საკადასტრო გეგმა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისადა არის გაცემული და აღნიშნულ მიწის ნაკვეთს მხარე ფლობს 1999 წლიდან. შესაბამისად, სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლის მიმართაც მხარეს კანონიერი ნდობა გააჩნდა 1999 წლიდან.
კასატორი - ფ. მ-ა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1.2 მუხლი. კასატორის მოსაზრებით, დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ფ. მ-ას საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ფ. მ-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
„ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს კერძო საკუთრების უფლება მიენიჭებათ მათ სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, რომელიც მათ სარგებლობაში გამოეყოთ დადგენილი წესით. ამავე კანონის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის გამოყოფის დადგენილი წესი განმარტებულია, როგორც მიწით მოსარგებლისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გამოყოფის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მიწის გამოყოფის წესი. მითითებული მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოყოფილი მიწა ნიშნავს ფიზიკური პირების ან კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემას, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი განმარტებულია, როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით, რომელიმე შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი.
აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად განმარტეს, რომ ფიზიკურ პირს სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლება შეეძლო მოეპოვებინა იმ შემთხვევაში, როდესაც მას ეს მიწა გამოყოფილი ჰქონდა სარგებლობაში, ხოლო მიწით სარგებლობის უფლება დასტურდებოდა ნაკვეთის მიმაგრების აქტით ან მიწის ნაკვეთის გეგმით.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, მარეგისტრირებელ ორგანოს არ გააჩნია წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობის შემოწმების უფლებამოსილება, თუმცა მისი შეფასების საგანს უდავოდ წარმოადგენს საკითხი - არის თუ არა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტი კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების უშუალოდ წარმოშობის საფუძველი. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონი არ განსაზღვრავს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის კონკრეტულ ჩამონათვალს, შესაბამისად, „რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები“ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავისი შინაარსის გათვალისწინებით უნდა უქმნიდეს ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების წინაპირობის არსებობის შესახებ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.
განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში უნდა შემოწმდეს და შეფასდეს წარმოდგენილ დოკუმენტებში ასახული მონაცემები შეესაბამება თუ არა სადავო მიწის ნაკვეთზე სხვადასხვა დროს განხორციელებულ რეგისტრაციებს, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 18.10.2017წ. №28531 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, ხოლო ფ. მ-ას საკასაციო საჩივარზე ო. ს-ს 17.10.2017წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ …) და ო. ს-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210-210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ფ. მ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.10.2017წ. №28531 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. ო. ს-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ფ. მ-ას საკასაციო საჩივარზე 17.10.2017წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი