Facebook Twitter

საქმე # 110310016001310417

საქმე Nბს-413-410(კ-17) 19 სექტემბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სს „...“ რეაბილიტაციის მმართველი/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ს. ზ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)

მესამე პირი - რ. ყ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი - ინდივიდვალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „...“ რეაბილიტაციის მმართველმა/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ ს. ზ-ემ სარჩელი აღძრა ზესტაფონის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 10 ნოემბრის N45/1090 და 2016 წლის 9 მარტის N45/540 წერილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის რ. ყ-ის დაჯარიმებისა და უკანონო შენობის დემონტაჟის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

ზესტაფონის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო რ. ყ-ი.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „...“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ნოემბრის განჩინებით სს „...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...“. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა 1987 წელს მიღებული „ელექტროდანადგართა მოწყობის წესები“ და „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილება, რომლის საფუძველზეც ელექტროგადამცემი ხაზის მესაკუთრეს უნდა გაეცა წერილობითი ნებართვა სადავო სახლის მშენებლობაზე/რეკონსტრუქციაზე.

კასატორის მოსაზრებით ის გარემოება, რომ საცხოვრებელ სახლს 1935 წლის შემდეგ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, რაც დასტურდება იმით, რომ სახლი არის დაახლოებით 40 კვ.მ, საარქივო ცნობაში კი სახლის ფართობი შეადგენს 25 კვ.მ. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არც მიწის ნაკვეთი და არც შენობა-ნაგებობა არ აქვს დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში რ. ყ-ს და არ არსებობს მშენებლობის არანაირი ნებართვა კასატორისთვის გაუგებარია დამატებით რა მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს სამშენებლო სამართალდარღვევის არსებობა.

კასატორი განმარტავს, რომ მშენებლობის/რეკონსტრუქციის კანონიერებას ადასტურებს მხოლოდ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ, კანონით დადგენილი წესით გაცემული მშენებლობის/რეკონსტრუქციის ნებართვა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმის წარმოების არცერთ სტადიაზე წარმოდგენილი არ ყოფილა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პლატის 2017 წლის 18 მაისის განჩინებით სს „...“ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული; კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...“ რეაბილიტაციის მმართველის/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის ს. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია, რომ ვერც თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების დროს და ვერც სასამართლო განხილვის დროს, ვერ დადასტურდა უნებართვო მშენებლობის ან რეკონსტრუქციის ფაქტი, თუ ჰქონდა მას საერთოდ ადგილი ან როდის განხორციელდა. სახლი დღევანდელი მდგომარეობით უკვე რამდენიმე ათეული წელია არსებობს. სადავო უძრავი ქონება რ. ყ-ს მემკვიდრეობით მიღებული აქვს ნათესავისაგან - მ. გ-ისაგან და მასზე რაიმე სახის მშენებლობა ან რეკონსტრუქცია რ. ყ-ს არ უწარმოებია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებით მიუთითებს ევროსასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე - ჰამერი ბელგიის წინააღმდეგ (Hamer v. Belgium). მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხებოდა ტყის მასივში აშენებულ სააგარაკე სახლს, რომელიც არსებობდა 27 წლის განმავლობაში, სანამ სახელმწიფო ორგანოები ოფიციალურად დააფიქსირებდნენ დარღვევას. განმცხადებელი დავობდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით გარანტირებული მისი საკუთრების უფლების დარღვევაზე. დარღვევა არ დადგინდა იმ მოტივით, რომ ბელგიურ კანონმდებლობაში არ არსებობდა ნორმები იმ შენობასთან მიმართებით, რომელიც ასეთი ტყის მასივში აღმოჩნდებოდა. სამართალდარღვევა არ ექცეოდა ბელგიური სამართლით განსაზღვრულ შეზღუდვებში და სახელმწიფო ორგანოების დისკრეციაზე იყო დამოკიდებული, რა დროს აღასრულებდნენ კანონს. თუმცა ამავე გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ „აღნიშნულ საქმეში სადავო შენობა 27 წლის მანძილზე არსებობდა მანამ, სანამ ადგილობრივი ხელისუფლება დანაშაულს დააფიქსირებდა. ქალაქისა და ქვეყნის დაგეგმვის კანონმდებლობაში შესაბამისი დარღვევების აღნუსხვა და ამისათვის აუცილებელი რესურსების გამოყოფა უდავოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ასევე შეიძლება ჩაითვალოს, რომ ხელისუფლებამ იცოდა ამ შენობის არსებობის შესახებ, რადგან განმცხადებელი და მისი მამა იხდიდნენ ამ შენობის გადასახადებს. ამასთან დაკავშირებით, ბელგიის სახელმწიფოს არ შეუძლია დაეყრდნოს მის შიდა ორგანიზაციასა და განსხვავებას ქალაქსა და ქვეყნის დაგეგმვის ორგანოებსა და საგადასახადო ორგანოებს შორის. აქედან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ ხელისუფლება 27 წლის განმავლობაში უმოქმედო იყო (1967-94წწ.) და განაგრძო მისი დაშვება სამართალდარღვევის აღმოჩენიდან კიდევ 10 წლის მანძილზე (1994-2004წწ., როდესაც სახლი დაანგრიეს). ასეთი ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, განმცხადებლის ქონებრივი ინტერესი სააგარაკე სახლის თაობაზე სათანადოდ იყო დადგენილი და გამყარებული ისე, რომ განმცხადებელს ჰქონოდა სუბსტანციური ინტერესი და შესაბამისად, „საკუთრება“ კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში. გარდა ამისა, განმცხადებელს ჰქონდა „ლეგიტიმური მოლოდინი“ იმის შესახებ, რომ მას შეეძლო საკუთრებით სარგებლობა“.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

შესაბამისად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, ხოლო იმავე კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და მას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, სს „...“ რეაბილიტაციის მმართველს/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე - ს. ზ-ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 90 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „...“ რეაბილიტაციის მმართველის/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის ს. ზ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ნოემბრის განჩინება;

3. კასატორს - სს „...“ რეაბილიტაციის მმართველს/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ს. ზ-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 90 ლარის გადახდა;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე