Facebook Twitter

საქმე # 100310016001631799

ბს-878-874(კ-17) 18 იანვარი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2017წ. გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. გ-ემ 05.12.2016წ. სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - საჩხერის მინიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ ზიანის - 2 521, 99 აშშ დოლარის ეროვნულ ვალუტაში ანაზღაურების მოთხოვით.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 03.02.2017წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაერთო ა. გ-ე.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 24.02.2017წ. გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გ. გ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2017წ. გადაწყვეტილებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 24.02.2017წ. გადაწყვეტილება, გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობას გ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3 563.19 ლარის ანაზღაურება, რაც საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორმა აღნიშნა, რომ არქივის მიერ მოწოდებული ცნობის მიხედვით, სოფელ ... 1986-1994 წლების საკომლო წიგნებით გ. გ-ე აღრიცხულია ცალკე კომლად, თუმცა მას მიწერილი აქვს მიწის ნაკვეთები და არა საცხოვრებელი სახლი. სოფელ ... კოლმეურნეობის ამხანაგური სასამართლოს 20.01.1971წ. განყოფილების აქტით გ. გ-ე გამოეყო მამის - ვ. გ-ის კომლს და წილად ხვდა საცხოვრებელი სახლის დასავლეთ ნაწილი. ვინაიდან საცხოვრებელი სახლის დაშლა მხარეებისთვის გამოიწვევდა ზარალს, მხარეთა შეთანხმებით ვ. გ-ეს გ. გ-ისათვის სახლის ნაწილის სანაცვლოდ უნდა გადაეხადა 1 000 მანეთი. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამხვილა საჩხერის მუნიციპალიტეტში დაცულ მიწისძვრისაგან დაზარალებულთა დაზუსტებულ სიაზე, სადაც გ. გ-ე არ არის მითითებული, ვინაიდან მას სახლი არ ჰქონია.

კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 03.05.1991წ. N352 დადგენილება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს ზიანის ანაზღაურება დაავალა. აღნიშნული დადგებილებით რაიონის პრეფექტურებს დაევალათ არა ზიანის ანაზრაურება, არამედ პირველი რიგის სამუშაოთა ნუსხის შედგენა და მათ ხელთ არსებული ფულადი და მატერიალური რესურსების ფარგლებში აღდგენითი სამუშაოების წარმოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 03.05.1991წ. N352 დადგენილებით განისაზღვრა სახელმწიფოს ვალდებულება, 29.04.1991წ. საქართველოს რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის აენაზღაურებინა მიყენებული ზიანი, კერძოდ, თითოეულ ოჯახზე 4 000 მანეთი და ოჯახის ყოველ წევრზე დამატებით 500 მანეთი. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ გ. გ-ე გამოეყო მამის - ვ. გ-ის კომლს და წილად ხვდა საცხოვრებელი სახლის დასავლეთ ნაწილი. არგვეთის საკრებულოს გამგებლის 18.09.1992 წ. N142 ცნობით დასტურდება, რომ გ. გ-ე სოფელ ... ასაშენებელი სახლების რიგითობის სიაში იყო რიგით N3. არგვეთის თემის საკრებულოს გამგებლის 21.02.2003წ. N164 ცნობის თანახმად, გ. გ-ეს 29.04.1991წ. მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაენგრა სახლი და იმჟამად ცხოვრობდა ვაგონში. ამასთანავე, არგვეთის თემის რწმუნებულის 08.06.2010წ. N331 ცნობით დასტურდება, რომ გ. გ-ე ცალკე ოჯახად ირიცხებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. გ-ის ოჯახი 1991 წელს მომხდარი მიწისძვრით დაზარალებულია. ამასთანავე, არც ადმინისტრაციული ორგანო უარყოფს, რომ ოჯახს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 03.05.1991წ. N352 დადგენილებით გათვალისწინებული დახმარება არ მიუღია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2017წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი