Facebook Twitter

საქმე # 330310015001004554

ბს-947-943(კ-17) 18 იანვარი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.2017წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. პ-მა 11.06.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის მიმართ და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის მომსახურების ცენტრის 17.02.2015წ. ოქმისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 11.05.2015წ. N04/32788 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ნ. პ-ის ოჯახისათვის სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის აღდგენისა და მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.06.2016წ. გადაწყვეტილებით ნ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 11.05.2015წ. N04/32788 აქტი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და ნ. პ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.2017წ. განჩინებით ნ. პ-ისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.06.2016წ. გადაწყვეტილება, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. 17.02.2015წ. უფროსი სოციალური აგენტის მიერ შეივსო ნ. პ-ის ოჯახის სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმების შეწყვეტის ოქმი, ვინაიდან ოჯახი ხელოვნურად იყო დაყოფილი. აღნიშნულს ითვალისიწინებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.05.2010წ. N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული "სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი". კასატორმა აღნიშნა, რომ ქ. თბილისი, ... ქ. N24-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეა მ. ყ-ი, რომელიც სარგებლობს ფულადი სოციალური დახმარებით. ამდენად, საჯარო რეესტრის ამონაწერით არ დასტურდება, რომ ნ. პ-ი ცალკე ოჯახად არის რეგისტრირებული. ამასთანავე, სახლის ზედა სართულზე მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ნ. პ-ის შვილი - გ. პ-ი, რომლის საყოფაცხოვრებო ნივთებითაც სარგებლობს მოსარჩელე. სოციალური აგენტის განმარტებით ინტერვიუირების დროს შეხვდა მოსარჩელის შვილს - გ. პ-ს, რომელიც შეუძღვა სარდაფის ტიპის ოთახში, სადაც არ იყო ის პირობები, რაც დაადასტურებდა ნ. და გ. პ-ების ცალკე ოჯახად ცხოვრების ფაქტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბენეფიციართა სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულებაა. მნიშვნელოვანია, რომ პირისათვის დახმარების დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას პასუხისმგებელმა ორგანომ ზედმიწევნით გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კანონმდებლობის შესაბამისად მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში 17.02.2015წ. სადავო ოქმის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილ პირს ოჯახში შეუძღვა მოსარჩელის შვილი - გ. პ-ი და მოსარჩელის დედა. საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით დასტურდება, რომ ნ. პ-ის დედა - მ. პ-ი 11.02.1991წ. გარდაიცვალა. ამდენად, გაუკვეველია ვისთან ჩაატარა სოციალურმა აგენტმა გასაუბრება. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ არ დასტურდება სოციალური აგენტის გასაუბრება ოჯახის უფლებამოსილ წევრთან, რაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.05.2010წ. N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული "სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის" დარღვევას წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი