საქმე # 330310015001113772
ბს-1036-1030(კ-17) 22 თებერვალი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.07.2017წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ჯ-მა, ნ. უ-ი-ჯ-მა, მ. ჯ-მა, მ. ჯ-მა, ნ. ჯ-მა და ზ. ჯ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვეს მოსარჩელეთათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისა და შემწეობის აღდგენის შესახებ ახალი აქტების გამოცემა და დევნილის სტატუსის აღდგენამდე მიუღებელი შემწეობის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.06.2016წ. განჩინებით სარჩელი ნ. უ-ი-ჯ-ის, მ. ჯ-ის, მ. ჯ-ის, ნ. ჯ-ისა და ზ. ჯ-ის ნაწილში დატოვებულ იქნა განუხილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოსა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.09.2016წ. სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 08.09.2015წ. N1427 ბრძანების ბათილად ცნობა, გ. ჯ-ისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ ახალი აქტის გამოცემა და 2014 წლის ივნისიდან სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებამდე დევნილის შემწეობის - თითოეულ თვეზე 45 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.10.2016წ. გადაწყვეტილებით გ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 08.09.2015წ. N1427 ბრძანება, მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.07.2017წ. განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.10.2016წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.
კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. მოსარჩელის განმარტებით იგი 1990-1993 წლებში ცხოვრობდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ბიძის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, რომელიც შემდგომში მემკვიდრეობით უნდა მიეღო, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წამოდგენილა. ამასთანავე, გ. ჯ-ი 1971 წელს დაოჯახდა მესტიაში, სადაც 19..., 19..., 19... და 19... წლებში დაიბადნენ მისი შვილები. თითოეულმა მათგანმა საშუალო განათლება მიიღო მესტიაში. მოსარჩელის მეუღლის განცხადებით, იგი მხოლოდ ზაფხულობით ჩადიოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მეუღლის ბიძის სახლში. ზემოაღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ვერ იქნებოდა ოკუპირებული ტერიტორია, ვინაიდან მისი ოჯახი ყოველდღიური, ჩვეულებრივი ცხოვრებით, საქმიანობით, უძრავი ქონებით და ახლობლებით დაკავშირებული იყო მესტიის რაიონთან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტების გამოცემის საფუძვლად მითითებულია „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის 10.3 მუხლი, რაც ითვალისწინებს პირისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევას ყალბი დოკუმენტაციის ან ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, თუმცა სამინისტროს აღნიშნული გარემოებების დამადასტურებლი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სამინისტროს მიერ სრულად არ ყოფილა გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში დაცულია სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობის წარმომადგენლობის 20.05.2015წ. წერილი, რომლითაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეცნობა, რომ გ. ჯ-ი 1990-1993 წლებში ცხოვრობდა გულრიფშის რაიონის სოფელ .... აღნიშნულის გამაქარწყლებელი სარწმუნო მტკიცებულებები კასატორს არ წამოუდგენია. ის გარემოებები, რომ მოსარჩელე დაოჯახდა მესტიაში, მისი შვილები დაიბადნენ და განათლებას იღებდნენ მესტიაში, ავტომატურად არ გამორიცხავს მისი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების შესაძლებლობას. ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილი გ. ჯ-ის პასპორტის 13.04.1990წ. ჩანაწერის მიხედვით, მისი საცხოვრებელი ადგილია გულრიფშის რაიონი, სოფელი ....
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.07.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი