Facebook Twitter

N010332017700048281

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე Nბს-219-219(კს-18) 12 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციული საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. კ-ას კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გ. კ-ას საჩივარი შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თერჯოლის რაიონული სამმართველოს 05.03.2017წ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ამავე თარიღის საჯარიმო ქვითრის და შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის 12.04.2017წ. გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.10.2017წ. საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. კ-ას შუამდგომლობა, შესაბამისი კვალიფიკაციის არარსებობის გამო, განსახილველ დავაში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის აცილების თაობაზე. მხარეს განემარტა, რომ საოქმო განჩინება არ საჩივრდება.

20.11.2017წ. გ. კ-ამ წარადგინა კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.10.2017წ. საოქმო განჩინებაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2017წ. განჩინებით განუხილველად დარჩა გ. კ-ას კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.10.2017წ. საოქმო განჩინებაზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ის 97-ე მუხლიდან გამომდინარე, კერძო საჩივარი დაიშვება მხოლოდ იმ განჩინებაზე, რომლითაც პირს უარი ეთქვა პროცესში წარმომადგენლად დაშვებაზე, თუ იგი არ არის ადვოკატი, არ გააჩნია საკმარისი მონაცემები იმისათვის, რომ წარმოადგინოს მხარე და დაიცვას მისი უფლებები. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარის პროცესზე წარმომადგენლად დაუშვებლობაზე, ამასთანავე კანონი არ ითვალისწინებს მოცემულ საკითხზე კერძო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას, გ. კ-ას კერძო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველად, დაუშვებლობის გამო. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული განჩინება არ საჩივრდება.

08.01.2018წ. გ. კ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების მიღება სააპელაციო პალატის 30.10.2017წ. განჩინებაზე. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მის მიერ კერძო საჩივარში მითითებული არგუმენტები, გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მოტივაცია სსკ-ის 97.3 მუხლთან მიმართებაში, წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის 85.3 მუხლთან (სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე). განმცხადებლის მოსაზრებით, სსკ-ის 97.3 მუხლით გათვალისწინებული უფლება, კერძო საჩივრით გაასაჩივროს წარმომადგენლის დაშვება-არდაშვების საკითხზე მიღებული განჩინება, ვრცელდება ასევე მოწინააღმდეგე მხარეზეც, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა კანონის ანალოგია (სსკ-ის მე-7 მუხლი). აღნიშნულის გათვალისწინებით, განმცხადებელმა მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა იმ მოთხოვნის გამო, რომელზეც წარადგინა მტკიცებულებები, მისცა ახსნა-განმარტებები და სასამართლომ არ იმსჯელა მათზე (სსკ-ის 261.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 02.02.2018წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. კ-ას შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.11.2017წ. განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ის 261-ე მუხლი ითვალისწინებს იმ შემთხვევათა ამომწურავ ჩამონათვალს, როდესაც გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია მიიღოს დამატებითი გადაწყვეტილება, ამასთანავე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დამატებითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი მაშინ არსებობს, როდესაც სასამართლო არსებითად იხილავს საქმეს, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და მასში არ მსჯელობს იმ საკითხებზე, რომლებსაც ითვალისწინებს სსკ-ის 261.1 მუხლი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საფუძველს მოკლებულია განმცხადებლის მოსაზრება, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მის მიერ კერძო საჩივარში მითითებული არგუმენტები, რამდენადაც სააპელაციო პალატას არსებითად არ უმსჯელია კერძო საჩივარზე, სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტებს ვერ უპასუხებდა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების პირობებში. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ არსებობდა გ. კ-ას შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და 30.11.2017წ. განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის სამართლებრივი საფუძველი. ამასთანავე, განმცხადებელს განემარტა, რომ სსკ-ის 419.3 მუხლიდან გამომდინარე, განჩინება არ გასაჩივრდებოდა, რამდენადაც გ. კ-ა ითხოვდა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას კერძო საჩივართან დაკავშირებით სააპელაციო (ზემდგომი) სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაზე.

19.02.2018წ. გ. კ-ამ კერძო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მისი განცხადების ახალად განხილვის შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.11.2017წ. განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღება. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სსკ-ის 97.3 მუხლის თანახმად, შესაძლებელია წარმომადგენლის დაშვებაზე სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება კერძო საჩივრით. გ. კ-ა აღნიშნავს, რომ უარი უნდა ეთქვათ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებს (პოლიციის პოლკოვნიკ ე. დ-ეს და კაპიტან ქ. მ-ეს) განსახილველ საქმეზე წარმომადგენლებად დაშვებაზე, რამდენადაც მათ არ გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია, ამასთანავე, ისინი არ აკმაყოფილებენ „ადვოკატთა შესახებ“ კანონის მოთხოვნებს. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებულ განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღება და საკასაციო სასამართლოს აზრი მისთვის მნიშვნელოვანია, რამდენადაც სსკ-ის 97.3 მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 85.3 მუხლს და შესაძლოა აღნიშნულთან დაკავშირებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივრისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. კ-ას კერძო საჩივარი დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამავე კოდექსის 414.1 მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, 419.1 მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. მოცემულ შემთხვევაში, გ. კ-ამ კერძო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.10.2017წ. საოქმო განჩინების გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა შესაბამისი კვალიფიკაციის არარსებობის გამო, განსახილველ დავაში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის აცილების თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. კ-ას მიერ წარდგენილი კერძო საჩივარი დაუშვებელი იყო, რამდენადაც კანონი არ ითვალისწინებს მხარისათვის ამგვარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ განჩინებაზე კერძო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას, შესაბამისად, სააპელაციო პალატის 30.11.2017წ. განჩინებით განუხილველად დარჩა გ. კ-ას კერძო საჩივარი და მხარეს განემარტა, რომ განჩინება არ საჩივრდება. ასევე დადგენილია, რომ გ. კ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების მიღება სააპელაციო პალატის 30.11.2017წ. განჩინებაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 02.02.2018წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. კ-ას შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ის 419.3 მუხლიდან გამომდინარე, განჩინება არ გასაჩივრდებოდა, რამდენადაც გ. კ-ა ითხოვდა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას კერძო საჩივართან დაკავშირებით სააპელაციო (ზემდგომი) სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაზე, რომელიც სააპელაციო სასამართლოში არ საჩივრდებოდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გ. კ-ამ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ განცხადება სააპელაციო პალატაში წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.11.2017წ. განჩინებაზე, რომელიც მიღებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.10.2017წ. განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივართან დაკავშირებით, აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი არ დაიშვება სსკ-ის 419.3 მუხლიდან გამომდინარე. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.11.2017წ. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება, ამ განჩინებასთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ 02.02.2018წ. განჩინებაც არ საჩივრდება. აღნიშნულის მიუხედავად, გ. კ-ამ საკასაციო სასამართლოს მიმართა კერძო საჩივრით, რაც სსკ-ის 419-ე მუხლის შესაბამისად, მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 419-ე 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. კ-ას კერძო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ვ. როინიშვილი