Facebook Twitter

საქმე # 330310016001468141

# ბს-836-832 (2კ-17) 07 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჯ. ღ-ის, გ. ხ-ის, რ. ა-ის, ნ. გ-ის, ა. ქ-ის, ი. ლ-ის, მ. თ-ის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.2017წ. განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჯ. ღ-მა, თ.ტ-ემ, გ. ხ-ემ, რ.ა-ემ, ნ. გ-მა, მ.მ-მა, ა. ქ-მა, ნ. ჩ-ამ, ი. ლ-მა, ს. ო-ემ, მ. შ-მა, თ. მ-ემ და მ. თ-ემ სასარჩელო განცხადებებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 08.08.2016 წ. აგვისტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე მ. მ-ის, მ. შ-ის, ნ. ჩ-ას, თ. მ-ის, ს. ო-ის სასარგებლოდ 2016 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, ჯ. ღ-ის, გ. ხ-ის, რ. ა-ის, ნ. გ-ის, ა. ქ-ის, ი. ლ-ის და მ. თ-ის სასარგებლოდ 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეწყვეტილი და მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების დავალება, ხოლო თ. ტ-ის სასარგებლოდ 2011 წლის 1 აგვისტოდან შეწყვეტილი და მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.02.2017წ. განჩინებით ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.02.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ჯ. ღ-ის, თ. ტ-ის, გ. ხ-ის, რ. ა-ის, ნ. გ-ის, მ. მ-ის, ა. ქ-ის, ნ. ჩ-ას, ი. ლ-ის, ს. ო-ის, მ. შ-ის, თ. მ-ის, მ. თ-ის სარჩელები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის შესახებ" სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 08.08.2016წ. №57995-38/16 (ჯ. ღ-ის მიმართ), №57995-42/16 (მ. თ-ის მიმართ), №57995-46/16 (რ. ა-ის მიმართ), №57995-33/16 (გ. ხ-ის მიმართ), №57995-37/16 (ნ. გ-ის მიმართ), №57995-44/16 (ი. ლ-ის მიმართ), №57995-19/16 (ა. ქ-ის მიმართ), №57995-35/16 (თ. ტ-ის მიმართ), №57995-12/16 (მ. მ-ის მიმართ), №57995-9/16 (მ. შ-ის მიმართ), №57995-34/16 (ს. ო-ის მიმართ), №57995-11/16 (ნ. ჩ-ას მიმართ), №57995-5/16 (თ. მ-ის მიმართ) გადაწყვეტილებები, სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ჯ. ღ-ს, თ.ტ-ეს, გ. ხ-ეს, რ. ა-ეს, ნ. გ-ს, მ. მ-ს, ა. ქ-ს, ნ. ჩ-ას, ი. ლ-ს, ს. ო-ეს, მ. შ-ს, თ. მ-ეს, მ. თ-ეს დაენიშნებათ სახელმწიფო პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით 2016 წლის 1 აგვისტოდან. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ჯ. ღ-ის, თ. ტ-ის, გ. ხ-ის, რ. ა-ის, ნ.გ-ის, მ. მ-ის, ა. ქ-ის, ნ. ჩ-ას, ი. ლ-ის, ს. ო-ის, მ.შ-ის, თ. მ-ის, მ. თ-ის სასარგებლოდ 2016 წლის 1 აგვისტოდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს ჯ. ღ-მა, გ. ხ-ემ, რ. ა-ემ, ნ. გ-მა, ა. ქ-მა, ი. ლ-მა, მ. თ-ემ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 39-ე და 44-ე მუხლების დანაწესებზე, საკონსტიტუციო სასამართლოს 12.09.2014წ. №2/3/540 გადაწყვეტილებაზე, ევროპის ქარტიის მიზნებზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოს 02.07.2015წ. #ბს-77-75(კ-15) გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს პრეიუდიციული ძალა არ აქვთ განსახილველ შემთხვევაში. სახეზე არ არის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასება, რომელსაც სავალდებულო ძალა აქვს ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებისათვის.

საქართველოს პრეზიდენტის 30.05.2005 წ. #394 ბრძანებულების მიხედვით საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ და მის შემადგენლობაში მყოფ ავტომატური სისტემების სამეცნიერო-კველვით ინსტიტუტ „სხივის“ ბაზაზე, პროფილის შენარჩუნებით, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“.აღნიშნულ ბრძანებულებაში არ არის ჩანაწერი უშუალოდ „დელტას“, როგორც მაკოორდინირებელი ცენტრის სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულების ბუნების შესახებ. საქართველოს მთავრობის 08.04.2015 წ. #264 დადგენილების მიხედვით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ უფლებამოსილება განისაზღვრება ცენტრის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი და იგი იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 25.08.2015 წ. #25 ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ დებულება. არც აღნიშნულ მინისტრის ბრძანებაში, ასევე საქართველოს არც ერთ საკანონმდებლო აქტში, არ არსებობს მითითება ან სამართლებრივი განმარტება იმის შესახებ, რომ სსიპ დელტა - უშუალოდ წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით, დაწესებულებას, სამეცნიერო-კვლევით ადმინისტრაციულ ორგანოს.

საჯარო სამართალში მოქმედებს პრინციპი, ყველაფერი აკრძალულია რაც კანონით ნებადართული არ არის, შესაბამისად თუ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს მინიჭებული გარკვეული უფლებამოსილება, მისი მხრიდან საქმიანობის განხორციელება ჩაითვლება როგორც უფლებამოსილების გადამეტება. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დაუსაბუთებელია და უსაფუძვლოა სსიპ სსსტ ცენტრ „დელტას“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიჩნევა. სააგენტომ 09.02.2017წ. #04/8010 წერილით მიმართა „დელტას“ და 27.02.2017წ. #338 წერილობითი პასუხით ადმინისტრაციულმა ორგანომ მკაფიოდ უარყო სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულების ბუნება. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი თვლის , რომ დაუშვებელია სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს მიენიჭა ის უფლებამოსილება, რასაც თავად ეს პირი უარყოფს, რადგანაც აღნიშნული სცილდება ადმინისტრაციული უფლებამოსილების ფარგლებს.

კასატორებმა ჯ. ღ-მა, გ. ხ-ემ, რ. ა-ემ, ნ. გ-მა, ა. ქ-მა, ი. ლ-მა, მ. თ-ემ მოითხოვეს სააპელაციო პალატის განჩინების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. კასატორები არ ეთანხმებიან სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ მათ დროულად არ მიმართეს სასამართლოს 2013 წლიდან შეწყვეტილი პენსიის აღდგენის თაობაზე მოთხოვნით და აღნიშნეს, რომ მათ კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებიათ პენსიის შეწყვეტის შესახებ აქტები. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით პენსიის შეწყვეტის შესახებ აქტი გამოიცა ზეპირად, რომლის კასატორებისათვის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია. აღნიშნულის გამო არსებობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლით დადგენილი ზიანის ანაზღაურების საფუძვლები, რის გამოც არასწორია სასამართლოს უარი კასატორებისათვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეწყვეტილი პენსიის ანაზღაურების ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ღ-ის, გ. ხ-ის, რ. ა-ის, ნ. გ-ის, ა. ქ-ის, ი. ლ-ის, მ. თ-ის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთანავე არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლის თანახმად სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები კისრულობენ ვალდებულებას შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე და მიიღონ ზომები სოციალური სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ „სახელმწიფო პენსიის“ შესახებ კანონის 5.1 მუხლის თანახმად საპენსიო ასაკს მიღწეულმა მოსარჩელეებმა განცხადებებით მიმართეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფო პენსიის დანიშვნის თხოვნით. სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 08.08.2016წ. გადაწყვეტილებებით კასატორებს უარი ეთქვათ სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე იმ მოტივით, რომ ისინი მუშაობდნენ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“. აღნიშნულ სსიპ-ში მუშაობა მიჩნეული იქნა საჯარო საქმიანობად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამავე საკითხზე მიღებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2015წ. #ბს-77-75(კ-15) გადაწყვეტილება, რომლითაც სამართლებრივი შეფასება მიეცა განსახილველი დავის იდენტურ ფაქტობრივ გარემოებებს და მიჩნეული იქნა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებით, თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით და სახელწოდებით დასტურდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასტორის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო პრეტენზიებს.

ჯ. ღ-ის, გ. ხ-ის, რ. ა-ის, ნ. გ-ის, ა. ქ-ის, ი. ლ-ის, მ. თ-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ კასატორებს სადავოდ არ გაუხდიათ მათთვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და ამ დავის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანი არ გამხდარა მითითებული აქტების კანონიერების საკითხი, სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა 2013 წლის 1 დეკემბრიდან მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე. შესაბამისად კასატორების მითითება იმის თაობაზე, რომ მათ მიმართ პენსიის შეწყვეტის აქტები ზეპირად გამოიცა, რის გამოც მათ არ ჩაბარებიათ აღნიშნული აქტები, ვერ გახდება სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. ღ-ის, გ. ხ-ის, რ. ა-ის, ნ. გ-ის, ა. ქ-ის, ი. ლ-ის, მ. თ-ის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი