ბს-520-517(2კ-17) 18 იანვარი, 2018 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს ,,...“ 21.01.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 24.12.2014წ. გადაწყვეტილების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 20.11.2014წ. ბრძანების ბათილად ცნობის და სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის ახლად აღმოჩენილ, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შპს ,,...“ 14.11.2014წ. საჩივრის განხილვის დავალების მოთოხვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 19.06.2015წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „ს...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 10.09.2015წ. გადაწყვეტილებით შპს ,,...“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 24.11.2014წ. ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2017წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
კასატორმა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარდგენილ იქნა ვადის დარღვევით, რის გამო მართებული იყო მისი განუხილველად დატოვება, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი შპს-ს განცხადებიდან ნათლად ჩანს, რომ მას არ მოუთხოვია საქმის წარმოების განახლება. საქმის წარმოების განახლების საკითხზე ფინანსთა სამინისტრო ვერ იმსჯელებდა აღნიშნული საკითხის სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ განხილვის გარეშე. შპს-ს თანხები დარიცხული აქვს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2013წ. საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, ამიტომ საქმის წარმოების განახილების მოთხოვნის საფუძვლიანობაზე პირველ რიგში სსიპ შემოსავლების სამსახურმა უნდა იმსჯელოს.
კასატორმა სსიპ შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ შპს-მ ვერ წარმოადგინა საქმის წარმოების განახლების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის წარმოების განახლების და შპს ,,...“ სახელზე რიცხული დავალიანების ჩამოწერის საფუძველს. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და სადავოდ გამხდარი დოკუმენტები შემოწმების დროს ვერ იქნებოდა დარიცხვის კორექტირების საფუძველი, რადგან შპს ,,...“ და შპს „ს...“ სხვადასხვა საიდენტიფიკაციო კოდები და დღგ-ს სერთიფიკატის სხვადასხვა ნომრები აქვთ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
არასწორია კასატორ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსაზრება, რომ შპს ,,...“ სსიპ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი განცხადებით არ მოუთხოვია საქმის წარმოების განახლება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ 14.11.2014წ. საჩივარში აღნიშნული იყო, რომ ორგანოსათვის მიმართვა ხდება ახალი გარემოებების გამო, ამასთანავე, საჩივრის შინაარსით სავსებით შესაძლებელი იყო შპს-ს რეალური მოთხოვნის დადგენა. ის, რომ განმცხადებელი არ ახდენდა მითითებას კონკრეტულ სამართლებრივ ნორმებზე, არ გამორიცხავდა შპს ,,...“ განცხადებაში ასახული მოთხოვნის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლიანობაზე ორგანოთა მსჯელობის ვალდებულებას.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლით საჩივრის წარდგენა თავისთავად გულისხმობს გადაწყვეტილების კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ ორგანოსათვის მიმართვას. შესაბამისდ, აღნიშნული საფუძვლით საჩივრის წარდგენისას, გასაჩივრების ვადის გასვლის გამო მისი განუხილველად დატოვება, დაუსაბუთებელია. ორგანოებს არსებითად არ უმსჯელიათ შპს-ს მიერ წარდგენილ საჩივარზე, არ შეუმოწმებიათ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების საფუძვლიანობა, არ გამოუკვლევიათ საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი