ბს- 526-523 (2კ-17) 25 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა შ. ა-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური ოფისის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.12.2016წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ს-ემ 08.09.2015წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის, ა. მ-ის და შ. ა-ის მიმართ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.08.2015წ. გადაწყვეტილების, წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების, შ. ა-ისა და ა. მ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციების ბათილად ცნობის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ე. ს-ის სახელზე საკუთრების რეგისტრაციის დავალების მოთხოვნით. სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის 05.08.2013წ. გადაწყვეტილების, 09.08.2013წ. და 27.09.2013წ. ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 09.10.2015წ. განჩინებით ძირითადი საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო ე. ს-ის მოთხოვნა 09.08.2013წ. და 17.09.2013წ. ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე, მოთხოვნის სამოქალაქო სამართლაწარმოების წესით განხილვის მიზნით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 05.05.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის 05.08.2013წ. №882013361592-03 გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურმა და შ. ა-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 25.10.2016წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ლ. უ-ე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.12.2016წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალურმა ოფისმა და შ. ა-ემ.
კასატორმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალურმა ოფისმა აღნიშნა, რომ წყალტუბოს სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 30.11.1989წ. N564 გადაწყვეტილების მიხედვით, ე. ს-ეს გამოეყო N15 მიწის ნაკვეთი, სწორედ ეს აქტი წარმოადგენს მიწის გამოყოფის ყველაზე სარწმუნო დოკუმენტს, რადგან შემდეგ მის საფუძველზე არის დადებული 03.01.1990წ. ხელშეკრულება, რომელშიც ნაკვეთის ნომრად მითითებულია N10. არასწორია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ შ. ა-ეს კონკრეტული მიწის ნაკვეთი დაურეგისტრირდა უფლებადამდგენი დოკუმენტაციის გარეშე, რადგან შ. ა-ის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ იქნა აზომვითი ნახაზი და წყალტუბოს სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 30.14.1989წ. N564 გადაწყვეტილება, საიდანაც ირკვევა, რომ მას გადაეცა N16 მიწის ნაკვეთი.
კასატორმა შ. ა-ემ აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, წყალტუბოს სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 30.14.1989წ. N564 გადაწყვეტილებაში ერთმნიშვნელოვნად არის მითითებული, რომ ე. ს-ეს გამოეყო N15 მიწის ნაკვეთი, თუმცა მოსარჩელეს ლურჯი კალმით გადასწორებული აქვს ნაკვეთის ნომერი. სასამართლომ აღნიშნული გარემოება არ გაითვალისწინა, რამაც გამოიწვია დავის არასწორად გადაწყვეტა. სადავო ტერიტორიის მფლობელი წლების განმავლობაში იყო შ. ა-ე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ა-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური ოფისის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ მოსარჩელეს რეალურად გამოეყო არა N15, არამედ N10 მიწის ნაკვეთი და N564 გადაწყვეტილებაში დაშვებული იყო ტექნიკური ხარვეზი, რადგან საქმეში დაცული ე. ს-ესა და წყალტუბოს სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის არქიტექტურულ-დაგეგმარებით განყოფილებას შორის 03.01.1990წ. გაფორმებული პირადი საკუთრების უფლების საფუძველზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად უვადო სარგებლობაში მიწის ნაკვეთის მიცემის შესახებ ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ე. ს-ეს გამოეყო N10 მიწის ნაკვეთი, ხელშეკრულებაში მიეთითა აგრეთვე ნაკვეთის მოსაზღვრეები, მათ შორის: აღმოსავლეთით - ნაკვეთი N8, დასავლეთით - ნაკვეთი N12. საქმის მასალებით (ორთოფოტო, ელექტრონული რუკები და სხვ.) დასტურდება, რომ სწორედ N8 და N12 ნაკვეთებს შორის არსებული მიწის ფართი აღირიცხა შ. ა-ის სახელზე. არასწორია კასატორი მარეგისტრირებელი ორგანოს პოზიცია, რომ შ. ა-ემ ორგანოში წარადგინდა აღნიშნულ ფართზე უფლებადამდგენი დოკუმენტები, რადგან მართალია N564 გადაწყვეტილების მიხედვით შ. ა-ეს გამოეყო N16 მიწის ნაკვეთი, თუმცა ორგანოში ან სასამართლოში წარმოდგენილი ვერც ერთი მტკიცებულებით შ. ა-ე ვერ ადასტურებს, რომ მისთვის გადაცემული N16 ნაკვეთი მდებარეობს სწორედ სადავო ადგილზე: N8 და N12 ნაკვეთებს შორის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შ. ა-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური ოფისის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ. ა-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური ოფისის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.12.2016წ. განჩინება;
3. მ. ა-ეს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს შალვა ა-ის საკასაციო საჩივარზე 10.07.2017წ. N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს.კ. 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 06.07.2017წ. N18009 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
მ. ვაჩაძე