Facebook Twitter

ბს-635-631(2კ-17) 25 იანვარი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შპს „...“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.04.2017წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. რ-მა 07.11.2013წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მესამე პირის შპს „...“ მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 11.10.2011წ. N05/22955 წერილისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 04.10.2013წ. N1-1/284 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.01.2014წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაერთო შპს „...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 08.05.2015წ. გადაწყვეტილებით ზ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.04.2017წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ზ. რ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 04.10.2013წ. N1-1/284 ბრძანება და სამინისტროს დაევალა საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე ზ. რ-ის საჩივართან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ზ. რ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შპს „...“ მიერ.

კასატორმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აღნიშნა, რომ სამინისტრო დავის განხილვის ყველა ეტაპზე უთითებდა, რომ ზ. რ-ს ნასყიდობის ხელშეკრულებით იმაზე გაცილებით მეტი ფართი გადაეცა, ვიდრე გამყიდველ მ. დ-ეს ჰქონდა სახელმწიფოსგან მიღებული. ზ. რ-ის მიერ ნაყიდი და 2011 წ. სახელმწიფოს სახელზე აღრიცხული ფართები ერთმანეთს არ შეესაბამებიან ფართის ოდენობით და მისამართით, არ დასტურდება, რომ ზ. რ-ის საკუთრება მდებარეობს მე-3 მასივში, მე-... კვარტალში, მე-... კორპუსის მიმდებარედ.

კასატორმა შპს „...“ აღნიშნა, რომ იგი არის კეთილსინდისიერი შემძენი, აუქციონი ჩატარდა კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით, აუქციონის მომენტში ნივთის გამსხვისებელი რეგისტრირებული იყო მის მესაკუთრედ, მყიდველი ენდობოდა საჯარო რეესტრის ჩანაწერს. ამასთანავე, არ დასტურდება ზ. რ-ის და შპს-ს საკუთრებაში რიცხული ფართების იდენტურობა, განსხვავებულია მათი მისამართი და ფართი, ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება მხოლოდ ფართების მსგავსება და არა იდენტურობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შპს „...“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს განსახილველი დავის საგანზე: მოსარჩელე ითხოვს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ უძრავი ნივთის სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვის მოთხოვნით მარეგისტრირებელი ორგანოსადმი მიმართვისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. ზ. რ-ის მოთხოვნას ამ ეტაპზე არ შეადგენს შპს „...“ სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის ან მისი უფლებაწარმომშობი დოკუმენტაციის ბათილად ცნობა, ამდენად, არარელევანტურია შპს-ს მითითება მის კეთილსინდისიერებაზე, როგორც სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხავ გარემოებაზე. ასევე არ შეადგენს დავის საგანს მ. დ-ესა და ზ. რ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ზ. რ-ის სახელზე 73,08 კვ.მ. ფართის აღრიცხვა. ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის მითითება, რომ ზ. რ-ის უფლება 73,08 კვ.მ. ფართზე სადავო არ გამხდარა.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ფართების მისამართების სხვადასხვაობა, რადგან საცნობარო-საინფორმაციო სამსახურის ცნობის მიხედვით „დასახლება ვარკეთილი, მასივი III, კვარტალი ...“ და „ვარკეთილის მასივი, მე-... კვარტალი“ არის ერთიდაიგივე მისამართი. ამასთანავე, ის, რომ N... მაღაზიის მისამართად ზოგ დოკუმენტში მითითებულია მე-... კორპუსის მიმდებარედ , ხოლო შპს „...“ ფართი მდებარეობს მე-... კორპუსის მიმდებარედ, არ ადასტურებს ფართების არაიდენტურობას, რადგან ეს ორი კორპუსი მდებარეობს ერთიდაიმავე მასივსა და კვარტალში, ერთმანეთის მომიჯნავედ. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ექსპერტიზა ადასტურებს ფართების მნიშვნელოვან მსგავსებას, ხოლო ორგანო ვერ უთითებს კონკრეტულად სად მდებარეობს სახელმწიფოს მიერ მ. დ-ისათვის გადაცემული ფართი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შპს „...“ საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შპს „...“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.04.2017წ. გადაწყვეტილება;

3. ა. გ-ს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს შპს „...“ საკასაციო საჩივარზე 19.09.2017წ. N12 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი