ბს-674-670(2კ-17) 18 იანვარი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და სს „... ფონდის“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2017წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა(ა)იპ ... ფონდმა 28.01.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და სს „... ფონდის“ მიმართ სამინიტროს 29.12.2014წ. N08/4949 წერილის ბათილად ცნობის და სს „... ფონდისათვის“ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.07.2016 წ. გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ... ფონდის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს 29.12.2014წ. წერილი, სს „... ფონდს“ დაევალა 21.11.2014წ. განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის მოსარჩელისათვის გადაცემა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და სს „... ფონდის“ მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და სს „... ფონდის“ მიერ.
კასატორი სს „... ფონდი“ მიიჩნევს, რომ სასამართლომ ფართოდ განმარტა კონსტიტუციის 3.1 მუხლის „ი“ ქვ.პ., სახელმწიფო ერთიან ენერგეტიკულ სისტემას და რეჟიმს განაგებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და მის მმართველობის სფეროში შემავალი ისეთი კომპანიები როგორებიცაა: სს „ს…“ და სს „ე…“. რაც შეეხება სს „... ფონდს“, იგი არის „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა უკავშირდება საქართველოში ელექტროსადგურების პროექტებში ინვესტიციების მოზიდვას და ამ პროექტების შემდგომ განვითარებას, რაც ავტომატურად არ უნდა იქნეს განხილული, როგორც ერთიანი ენერგეტიკული სისტემისა და რეჟიმის ფარგლებში საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებების განხორციელება. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო სს-ს საქმიანობას აკონტროლებს მხოლოდ წესდებით განსაზღვრულ ფარგლებში, როგორც აქციათა 100%-ის მმართველი და არა როგორც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.
კასატორმა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ საქმის წარმოებაში მიღება მოახდინა სარჩელის დასაშვებად მიჩნევის საფუძვლების არარსებობის პირობებში, რაზეც სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა. მოსარჩელემ ისე გაასაჩივრა სამინისტროს წერილი სასამართლოში, რომ ორგანოში წარდგენილი არ ყოფილა ადმინისტრაციული საჩივარი. ამასთანავე, სასარჩელო მოთხოვნა იყო ხანდაზმული, რადგან აქტი მოსარჩელეს ჩაბარდა 06.01.2015წ., ხოლო აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნა დაყენებულ იქნა 12.06.2015წ. სასამართლო სხდომაზე. მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა ენერგეტიკის სამინისტროს გასაჩივრებული აქტით მისთვის ზიანის მიყენება. კასატორი მიიჩნევს, რომ მას არ ჰქონდა წარდგენილი საჩივრის განხილვის უფლებამოსილება, რადგან არ არის სს „... ფონდის“ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო. ამასთანავე, სს „... ფონდი“ არ არის ადმინისტრაციული ორგანო, იგი ეწევა მოგების მიღებაზე ორიენტირებულ სამეწარმეო საქმიანობას. მხოლოდ ის, რომ ფონდი დაფუძნებულია სახელმწიფოს მიერ და მისი აქციები სამართავად გადაცემული აქვს ენერგეტიკის სამინისტროს, კერძო სამართლის იურიდიულ პირს ვერ აქცევს ადმინისტრაციულ ორგანოდ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და სს „... ფონდის“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ სს „... ფონდი“ რიგი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს ფუნქციონალური გაგებით. კერძოდ, საქმის მასალებით, მათ შორის ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტაციით, დასტურდება, რომ ფონდი შექმნილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით, ფონდის წესდება დამტკიცებულია ენერგეტიკის მინისტრის მიერ, მის მართვას ახორციელებს სახელმწიფო თავისი სამინისტროს მეშვეობით, ფონდის საქმიანობის ძირითად მიზანს შეადგენს ენერგეტიკულ პროექტებზე ორიენტირებული ინვესტიციების მოზიდვა, ელექტროსადგურების საინვესტიციო პროექტების შესწავლა, განვითარება, მშენებლობა და მათი ოპერირება. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის 26.04.2013წ. N97 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების“ თანახმად, ენერგეტიკის სამინისტრო ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკის დარგში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას და ამისათვის აუცილებელი ქმედებების განხორციელებას (2.3 მუხ.), სამინისტრო უზრუნველყოფს ენერგეტიკის დარგში პროექტების განხორციელებას (2.4 მუხ.), სამინისტროში შექმნილია საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტი (6.1 მუხ. „ე“ ქვ.პ), რომლის ძირითად ფუნქციებს შორის სახელდება საინვესტიციო წინადადებების შემუშავება, საინვესტიციო პროექტებისა და დადებული საინვესტიციო შეთანხმებების მონიტორინგი, მათი განხორციელების ხელშეწყობა (6.7 მუხ. „გ“, „ვ“ ქვ.პ.) . ამდენად, ფონდი ახორციელებს ენერგეტიკის სამინისტროს რიგ ფუნქციებს, მისი მიზანია არა მხოლოდ ინვესტიციების მოზიდვა და შესაბამისი პროექტების შემუშავება, არამედ მათი ოპერირებაც. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს „... ფონდი“ ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს ფუნქციონალური გაგებით, შესაბამისად ამ მიმართებით შექმნილი ინფორმაცია უნდა დაექვემდებაროს გაცემას, უკეთუ არ არსებობს მის გაცემაზე უარის თქმის ნორმატიულად გათვალისწინებული საფუძვლები. ის გარემოება, რომ ფონდი კერძო სამართლის იურიდიული პირია და მისი საქმიანობის მიზნებს შორის სახელდება მოგების მიღება, არ ცვლის ვითარებას.
კასატორის მითითება სარჩელის დასაშვებობის წინაპირობების არარსებობის შესახებ საფუძველს მოკლებულია, მხარე არ არის ვალდებული დაასაბუთოს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზანი (სზაკ-ის 37.2 მუხ.), ინფორმაციის გაუცემლობით მიყენებული ზიანი. არ დასტურდება აგრეთვე სარჩელის ხანდაზმულობა, რადგან სარჩელი აღიძრა აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილ ერთთვიან ვადაში. ის, რომ სარჩელით იმთავითვე არ იყო მოთხოვნილი ენერგეტიკის სამინისტროს წერილის ბათილად ცნობა და მოთხოვნა მოგვიანებით დაზუსტდა, არ ხდის სარჩელს ხანდაზმულს, რადგან სარჩელით დგინდებოდა მოსარჩელის მიზანი, მითითება ხდებოდა სამინისტროს აღნიშნულ წერილზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და სს „... ფონდის“ საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და სს „... ფონდის“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2017წ. განჩინება;
3. სს „... ფონდს“ (ს.კ. …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.07.2017წ. N1499762812 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი