ბს-701-697(კ-17) 25 იანვარი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. უ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. უ-მა 27.05.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 18.04.2016წ. ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.12.2016წ. გადაწყვეტილებით ქ.უ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ.უ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2017წ. განჩინებით ქ.უ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ.უ-ის მიერ.
კასატორი მიჩნევს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 70.1 მუხლის მიხედვით, აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია მისი შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, ქონების ყადაღისგან გათავისუფლება. მთელი რიგი ქმედებები, რომლებიც დაშვებულია აუქციონის გამოცხადებამდე, იკრძალება აუქციონის საჯაროდ გამოცხადების შემდეგ. სადავო აქტით დაირღვა 70.1 მუხლის იმპერატიული დანაწესი აუქციონის გამოცხადების შემდეგ ქონების ყადაღისგან გათავისუფლების აკრძალვის შესახებ. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 76-ე მუხლის მიხედვით, აუქციონის შედეგები შესაძლოა გაუქმდეს მხოლოდ მაშინ, თუ გამარჯვებული პირი 10-დღიან ვადაში არ გადაიხდის ქონების საფასურს, რაც განსახილველ შემთხვევაში არ ფიქსირდება, ხოლო სხვა საფუძვლით აუქციონის შედეგების გაუქმება დაუშვებელია. კასატორი მიიჩნევს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით არ არის დადგენილი აუქციონზე გასატანი ქონების სავალდებულო დაყადაღება, ამდენად ქონების ყადაღისგან ამორიცხვა არ განაპირობებს აუქციონის შედეგების ბათილად ცნობას.
კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო აქტი ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.09.2016წ. N1/2/596 გადაწყვეტილებას, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის მეორე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე" ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას სასამართლო კოტროლის გარეშე. სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ისეთ უფლებამოსილ პირად, რომელსაც შეეძლება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება. სადავო აქტი შინაარსობრივად სწორედ 70-ე მუხლს ეყრდნობა, მაგრამ ამ მუხლზე მითითება არ ხდება, რათა მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. უ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 251 მუხლის თანახმად, თანხის გადახდევინების საქმეებზე სააღსრულებო წარმოების ეტაპებია: აღსრულების დაწყება, ქონებაზე ყადაღის დადება, აუქციონის ჩატარება და კრედიტორისათვის თანხის გადაცემა. ამავე კანონის 44.1 მუხლის მიხედვით, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა. კანონის 45-ე მუხლის სათაურიდან და შინაარსიდან დგინდება, რომ ნორმა ახდენს იმ ქონების ჩამონათვალს, რომლიდანაც არ შეიძლება გადახდევინება, მათ შორის სახელდება იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრის ქონება (გარდა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონებისა), რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელიც საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია („ე“ ქვ.პ.). ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ 45-ე მუხლის მიზანია გამორიცხოს იძულებითი აღსრულების მიქცევა ნორმაში ჩამოთვლილ ქონებაზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას მოვალე რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემთა ბაზაში და იღებდა შემწეობას, რაც გამორიცხავდა მის ქონებაზე იძულებით აღსრულების ღონისძიებების განხორციელებას, რადგან ქონება არ იყო გამოყენებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებად. აღნიშნულის მიუხედავად მოვალის საკუთრებაში რიცხული ქონება გასხვისდა იძულებით აუქციონზე. კასატორის მოსაზრება, რომ აუქციონის გაუქმება დასაშვებია მხოლოდ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ დადგენილ ვადაში ქონების ფასის გადაუხდელობის შემთხვევაში, არ არის დასაბუთებული, რადგან კანონის 76-ე მუხლი უთითებს მართლზომიერად ჩატარებული აქუციონის გაუქმების შემთხვევაზე და არ ეხება კანონის მოთხოვნის დარღვევით ქონების რეალიზაციისას აუქციონის შედეგების გაუქმებას.
საკასაციო საჩივრის დასაშვებობას არ ასაბუთებს აგრეთვე კასატორის მითითება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.09.2016წ. N1/2/596 გადაწყვეტილებაზე, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება არ ეხება არამართლზომიერად ჩატარებული აქუციონის გაუქმების შემთხვევას, გადაწყვეტილებაში საუბარია კანონის მოთხოვნათა დაცვით აუქციონის გამოცხადების შემდეგ განსაკუთრებულ შემთხვევაში/ვითარებაში ორგანოს მიერ აღსრულების შეჩერების კონსტიტუციურობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს არ გამოურიცხავს კანონის დარღვევით ჩატარებული აუქციონის გაუქმების შესაძლებლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. უ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. უ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2017წ. განჩინება;
3. ა. ც-ეს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.11.2017წ. N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი