ბს-851-847(კ-17) 25 იანვარი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2017წ. გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ჭ-ემ, ნ. ჭ-ემ და ლ. ჭ-ემ 19.08.2016წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ მოპასუხის 22.07.2016წ. N2500, N2501, N2502 ბრძანებების ბათილად ცნობის, მოსარჩელეთათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების და მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.01.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.03.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2017წ. გადაწყვეტილებით ნ. ჭ-ისა და ლ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მათი მოთხოვნების ნაწილში უცვლელად იქნა დატოვებული გასაჩივრებული გადაწყვეტილება; გ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება მის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით გ. ჭ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 22.07.2016წ. N2501 ბრძანება და სამინისტროს დაევალა საქმის გარემოებათა ხელახლა გამოკვლევის შემდეგ ახალი, დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში, გ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.
კასატორმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მტკიცებულებები, სადავო აქტი გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის შედეგად. ორგანოში საკითხის განხილვისას ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია 2008 წლამდე გ. ჭ-ის და მისი ოჯახის წევრების მუდმივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე. 25.05.2016 წ. N 26050 წერილით სამინისტროს ეცნობა, რომ მოსარჩელეები სოფელ … 2008 წლის აგვისტოს ომამდე ფლობდნენ საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს, მაგრამ იყვნენ მხოლოდ პერიოდულ მაცხოვრებლები. სამინისტროში ჩატარებულ გასაუბრებაზე ნ. ჭ-ემ აღნიშნა, რომ დაიბადა და სკოლა დაამთავრა თერჯოლაში, 1983-1989 წ.წ. სწავლობდა ქ. რუსთავში, 1983 წელს დაოჯახდა სოფ. …, 1977-2001 წ.წ. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, ამავე ქარხანაში მუშაობდა მისი მეუღლე გ. ჭ-ე 1993 წლამდე. მისი განმარტებით დევნილობამდე ცხოვრობდა სოფ. … დედამთილთან, მამამთილთან, მაზლთან და ქმარ-შვილთან ერთად, 2001 წ. შეეძინა შვილი - ლ. ჭ-ე, რომელიც დაიბადა ქ. რუსთავში, ლ ჭ-ე სკოლაში შევიდა და ამჟამადაც სწავლობს ქ.რუსთავში. ნ. ჭ-ემ აღნიშნა, რომ შვილის სწავლის პერიოდში ძირითადად ცხოვრობდა ქ. რუსთავში. გასაუბრებაზე გ. ჭ-ემ აღნიშნა, რომ დაიბადა 1961 წ. ცხინვალში, 1978 წ. დაამთავარა სოფ. ძარწემის საშუალო სკოლა, 1985-1990 წ.წ. სწავლობდა ქ. რუსთავში, 1983 წელს დაქორწინდა სოფ. …, 1983-1993 წ.წ. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში. გ. ჭ-ის განმარტებით მან რუსთავი დატოვა 1993წ. და საცხოვრებლად გადავიდა სოფ. …, სადაც მისდევდა სოფლის მეურნეობას, 1990-2012 წ.წ. ფლობდა საკუთარ სახლს ქ. რუსთავში. ასევე დააფიქსირა, რომ შვილის რუსთავში სწავლის პერიოდში მეუღლე ცხოვრობდა ქ. რუსთავში. გ. ჭ-ემ აღნიშნა, რომ სოფ. … დატოვა 2008 წლის აგვისტოში.
კასატორის მითითებით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რომლის 14.06.2016წ. N 29586/01 წერილის თანახმად, დაახლოებით 8 წელზე მეტია გ. ჭ-ე, ნ. ჭ-ე და ლ. ჭ-ე ცხოვრობენ ქ. რუსთავში. ამასთანავე, გ. ჭ-ეს 2006 წელს აღებულ პირადობის მოწმობაში საცხოვრებელ მისამართად უფიქსირდება ქ. რუსთავი. მხოლოდ მოგვიანებით, 2010 წ. აღებულ პირადობის მოწმობაში მისამართად მითითებულია სოფ. …. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონის თანახმად, პირადობის მოწმობა პირის ვინაობის გარდა, მის საცხოვრებელ ადგილსაც ადასტურებს (მე-12 მუხ.). ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალებით არ დასტურდება 2008 წლის ომამდე მოსარჩელეთა სოფ. … მუდმივად ცხოვრების ფაქტი, რაც ქმნიდა დევნილის სტატუსის გაუქმების საფუძველს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად მითითებულია „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის 10.3 მუხლი, რაც ითვალისწინებს პირისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევას ყალბი დოკუმენტაციის ან ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, თუმცა სამინისტრო ვერ წარმოადგენს აღნიშნული გარემოებების დამდგენ მტკიცებულებებს.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სამინისტროს მიერ სრულად არ ყოფილა გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლო მიიჩნევს, რომ სამინისტროს მითითება გ. ჭ-ის მეუღლისა და შვილის ქ. რუსთავში მუდმივად ცხოვრების შესახებ არ ასაბუთებს გ. ჭ-ისათვის დევნილის სტატუსის გაუქმებას, რადგან შესაძლებელია ოჯახის წევრები სხვადასხვა ფაქტობრივ მისამართებზე ცხოვრობდნენ. საქმის მასალების თანახმად, ერთიდაიგივე ადმინისტრაციული ორგანო ერთ შემთხვევაში უარყოფს, ხოლო მეორე შემთხვევაში ადასტურებს გ. ჭ-ის სოფ. … მუდმივად ცხოვრებას, ამდენად, სამინისტროს უნდა ემსჯელა წარდგენილი ცნობების სარწმუნოებაზე, უნდა გამოეკვლია მათი გაცემის საფუძვლები, საჭიროების შემთხვევაში დაეკითხა დამატებითი მოწმეები, მათ შორის ცნობების გამცემი პირები. მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ დაზუსტებას საჭიროებს აგრეთვე შსს-ს წერილის შინაარსი და მისი გაცემის საფუძვლები, გასათვალისწინებელია ასევე საქალაქო სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2017წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი