Facebook Twitter

#ბს-885-881(კ-17) 25 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“, თ. ტ-ას, ლ. ჩ-ის, ც. მ-ის, ე. ძ-ის, ლ. ლ-ის, მ. ს-ის, გ. კ-ის, თ. მ-ის, ჟ. ბ-ის, ი. მ-ის, ნ. ზ-ის, ნ. მ-ის, თ. კ-ის, თ. კ-ის და ი. კ-ოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 5 ოქტომბერს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“, თ. ტ-ამ, ლ. ჩ-ემ, ც. მ-ემ, რ. გ-ემ, ნ. ჭ-ემ, ლ. ლ-ემ, მ. ს-ემ, თ. მ-მა, ჟ. ბ-მა, ნ. ზ-ემ, ნ. მ-ემ, თ. კ-ემ, თ. კ-ემ, ი. კ-ომ, გ. კ-ემ და ი. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის და ც. ე-ის მიმართ.

მოსარჩელეებმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 7 აგვისტოს #...-06 გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 10 აგვისტოს #...-03 გადაწყვეტილების და ც. ე-ისათვის მიწის ნაკვეთის შემოღობვის მოწყობის შესაძლებლობის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 21 აგვისტოს #01/5345 წერილის ბათილად ცნობა მოითხოვეს. ამასთან, მოსარჩელეებმა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 21 აგვისტოს #01/5345 წერილის მოქმედების შეჩერებაზე, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე-198-ე მუხლებზე მითითებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ღობის მშენებლობის აკრძალვის თაობაზე იშუამდგომლეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა 2015 წლის 21 აგვისტოს #01/5345 წერილის შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა; შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების (ღობის მშენებლობის აკრძალვის თაობაზე) შესახებ არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აპრილის სხდომაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ მ. დ-ე და სს „...“.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“, თ. ტ-ამ, ლ. ჩ-ემ, ც. მ-ემ, ე. ძ-ემ, ლ. ლ-ემ, მ. ს-ემ, თ. მ-მა, ჟ. ბ-მა, ნ. ზ-ემ, ნ. მ-ემ, თ. კ-ემ, თ. კ-ემ, ი. კ-ომ, გ. კ-ემ და ი. მ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის განჩინებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“, თ. ტ-ას, ლ. ჩ-ის, ც. მ-ის, ე. ძ-ის, ლ. ლ-ის, მ. ს-ის, გ. კ-ის, თ. მ-ის, ჟ. ბ-ის, ი. მ-ის, ნ. ზ-ის, ნ. მ-ის, თ. კ-ის, თ. კ-ის, ი. კ-ოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“, თ. ტ-ამ, ლ. ჩ-ემ, ც. მ-ემ, ე. ძ-ემ, ლ. ლ-ემ, მ. ს-ემ, გ. კ-ემ, თ. მ-მა, ჟ. ბ-მა, ი. მ-ემ, ნ. ზ-ემ, ნ. მ-ემ, თ. კ-ემ, თ. კ-ემ და ი. კ-ომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დაირღვა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393.2, 394 „ე“ მუხლების მოთხოვნები. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.08.15წ. გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი, რადგან გადაწყვეტილება გამოცემულ იქნა უფლებამოსილების გადამეტებით, რაც ამავე კანონით აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“, თ. ტ-ას, ლ. ჩ-ის, ც. მ-ის, ე. ძ-ის, ლ. ლ-ის, მ. ს-ის, გ. კ-ის, თ. მ-ის, ჟ. ბ-ის, ი. მ-ის, ნ. ზ-ის, ნ. მ-ის, თ. კ-ის და ი. კ-ოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“, თ. ტ-ას, ლ. ჩ-ის, ც. მ-ის, ე. ძ-ის, ლ. ლ-ის, მ. ს-ის, გ. კ-ის, თ. მ-ის, ჟ. ბ-ის, ი. მ-ის, ნ. ზ-ის, ნ. მ-ის, თ. კ-ის, თ. კ-ის და ი. კ-ოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 7 აგვისტოს #...-06 და 2015 წლის 10 აგვისტოს #...-03 გადაწყვეტილებებისა და ც. ე-ისათვის მიწის ნაკვეთის შემოღობვის მოწყობის შესაძლებლობის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 21 აგვისტოს #01/5345 წერილის ბათილად ცნობა.

დადგენილია, რომ ც. ე-ის და მ. დ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში ცვლილების რეგისტრაციის განხორციელების დროს გამოყენებულ იქნა 2007 წლის 8 ოქტომბერს დამზადებული მიწის ნაკვეთისა და მასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების საინვენტარიზაციო გეგმა, რომლის თანახმად, სიფორა სეფიაშვილის სარგებლობაში არსებული, თამარ მეფის პირველი ჩიხი #9-11-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ფართობი არის 1802 კვ.მ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, რომ მოსარჩელეთა მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით მოპასუხე ც. ე-ის საკუთრების უფლება გავრცელდა იმ მიწის ნაკვეთზე, რაც მითითებული არ იყო უფლების დამდგენ დოკუმენტში, რის გამოც არ არსებობს სადავო ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 7 აგვისტოს #...-06 ბადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, რომლითაც ც. ე-ის განცხადება დაკმაყოფილდა და უძრავი ნივთი მდებარე - ქ. ქუთაისი, ... ქუჩა, პირველი ჩიხი #9-11, დაზუსტებული ფართობი 1244 კვ.მ, ს/კ ..., თანასაკუთრების უფლებით დარეგისტრირდა მ. დ-ის და ც. ე-ის სახელზე.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ უძრავი ნივთი (მდებარე - ქ. ქუთაისი, ... ქუჩა, პირველი ჩიხი #9-11, დაზუსტებული ფართობი 1244 კვ.მ, ს/კ ...) თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო მ. დ-ის და ც. ე-ის სახელზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 10 აგვისტოს #...-03 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაკმაყოფილდა ც. ე-ის განცხადება და უძრავი ნივთი (მდებარე - ქ. ქუთაისი, ... ქუჩა, პირველი ჩიხი #9-11, ნაკვეთი #1, დაზუსტებული ფართობი 816 კვ.მ, ს/კ ...) საკუთრების უფლებით აღირიცხა ც. ე-ის სახელზე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, შესაბამისობაშია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 14.23 მუხლთან, რომლის შესაბამისად, საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის დაყოფა ან სხვაგვარად განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ უძრავი ნივთის ყველა მესაკუთრის/მართლზომიერი მოსარგებლის/მფლობელის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, რეგისტრაციის მიზნებისათვის, მესაკუთრედ/მართლზომიერ მოსარგებლედ/მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ ტექნიკური აღრიცხვის არქივისა და საჯარო რეესტრში აღრიცხული/რეგისტრირებული პირები. სხვა მესაკუთრეთა/მართლზომიერ მოსარგებლეთა/მფლობელთა არსებობის შესახებ გარემოებათა გამოკვლევაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ უძრავი ნივთის განკარგვაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას სადავო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 21 აგვისტოს #01/5345 წერილის კანონიერებასთან დაკავშირებით, რომლითაც ც. ე-ს ეცნობა წარდგენილი სამშენებლო დოკუმენტის პროექტის მიხედვით ღობის მოწყობის შესაძლებლობის შესახებ. დადგენილია, რომ სამშენებლო პროექტის მიხედვით, ასაშენებელი კედლის სიმაღლე სხვადსხვაა და 2,00 კვ.მ-დან 3,50 კვ.მ-მდე იცვლება, შესაბამისად, იგი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 65-ე მუხლის მიხედვით, განეკუთვნება I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას, რაც ამავე დადგენილების მიხედვით, არ საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას, რის გამოც იგი შესაბამისობაშია „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების შესაბამის საკანონმდებლო ნორმებთან.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ლ. ჩ-ეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“, თ. ტ-ას, ლ. ჩ-ის, ც. მ-ის, ე. ძ-ის, ლ. ლ-ის, მ. ს-ის, გ. კ-ის, თ. მ-ის, ჟ. ბ-ის, ი. მ-ის, ნ. ზ-ის, ნ. მ-ის, თ. კ-ის და ი. კ-ოს საკასაციო საჩივარზე 30.10.2017წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ლ. ჩ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“, თ. ტ-ას, ლ. ჩ-ის, ც. მ-ის, ე. ძ-ის, ლ. ლ-ის, მ. ს-ის, გ. კ-ის, თ. მ-ის, ჟ. ბ-ის, ი. მ-ის, ნ. ზ-ის, ნ. მ-ის, თ. კ-ის, თ. კ-ის და ი. კ-ოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის განჩინება;

3. ლ. ჩ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.10.2017წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი