ბს-1060-1054(კ-17) 25 იანვარი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ყ-ემ 21.01.2013წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა მოპასუხის 31.12.2012წ. N1418 ბრძანების ბათილად ცნობა
თბილისის საქალაქო სასამართლოს 02.04.2013წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ გ. გ-ე და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.01.2014წ. განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება მესამე პირის - გ. გ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე, 03.11.2015წ. განჩინებით განახლდა საქმის წარმოება და გ. გ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა თ. გ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 13.01.2016წ. გადაწყვეტილებით ნ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 31.12.2012წ. N1418 ბრძანება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2017წ. განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებებები ორივე მოვალე სუბიექტის მიმართ. სააღსრულებო წარმოებისას დადგინდა, რომ ამხანაგობის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, თუმცა მის რეალიზაციასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული შემაფერხებელი გარემოებები, კერძოდ ქონების ღირებულება მკვეთრად აღემატება აღსასრულებელი მოთხოვნის ოდენობას, ამასთანავე ქონება წარმოადგენს მშენებარე კორპუსს, შესაბამისად მესამე პირებსაც შესაძლოა ჰქონდეთ მასზე გარკვეული უფლებები. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ აღსრულება შესაძლოა განხორციელდეს ამხანაგობის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონებიდან ან ამხანაგობის წევრების საკუთრებიდან. აღმასრულებელმა უზრუნველყო მოთხოვნის ნაწილის აღსრულება გ. გ-ის უძრავი ქონების აუქციონზე გატანის და რეალიზების გზით, ასევე მოიძია ამხანაგობის მოძრავი ქონება, რომელზეც შესაძლოა მიქცეულ იქნეს აღსრულება. ამდენად, აღმასრულებლის უმოქმედობის შესახებ მითითება, დაუსაბუთებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის სავალდებულო შესრულებას და სადავო აქტში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა აუქციონის ჩატარებაზე უარის თქმის საფუძველს, რადგან აღსრულების შეჩერება შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, კონკრეტული წინაპირობების სათანადოდ დადასტურებისას. ამასთანავე, გადაწყვეტილების სავალდებულო აღსრულება არ გამორიცხავს აღსრულების პროცესში მესამე პირთა ინტერესების გათვალისწინების, აღსრულების ეფექტიანად განხორციელების მიზნით ყველაზე მიზანშეწონილი ღონიძიებების შერჩევის შესაძლებლობას, თუმცა აღნიშნულს არ უნდა მოჰყვეს აღსრულების დაუსაბუთებელი გაჭიანურება. ამხანაგობისა და მისი წევრების დამატებითი ქონების მოძიების, მათზე აღსრულების მიქცევის მიზანშეწონილობის შესახებ კასატორის მითითება, არ ქმნის სადავო აქტის საკმარის დასაბუთებას, რადგან გაურკვეველია რატომ ვერ განხორციელდა აღნიშნული ქმედებები სადავო აქტის გამოცემამდე. აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფი და რეალური აღსრულებისათვის („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 17.7 მუხ.).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2017წ. განჩინება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს (ს.კ. 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.10.2017წ. N15403 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი