Facebook Twitter

#ბს-1061-1055(3კ-17) 25 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. და მ. ს-ების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 21 დეკემბერს გ. და მ. ს-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელეებმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 5 მაისის #4-1/დ-222-15 (#000019/ს) და 2015 წლის 10 მარტის #4-1/დ104-15 (#000001) დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 23 სექტემბრის #4-1/დ630-15 დადგენილების, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 29 ივლისის #4-1/დ398-14 (#000634) დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 23 სექტემბრის #4-1/დ625-15 დადგენილების, „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 29 დეკემბრის #839 ბრძანების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისთვის კანონით გათვალისწინებული ზომების გამოყენებით სახლის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის უზრუნველყოფის, კერძოდ, ქუჩის მხრიდან მზიდი კედლის და ეზოს მხრიდან ორი მზიდი ხის სვეტის აღდგენა-გამაგრების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება გ. ს-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ს-ისა და მ. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 29 დეკემბრის #839 ბრძანება „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 23 სექტემბრის #4-1/დ625-15 დადგენილება „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 29 ივლისის #4-1/დ398-14 (#000634) დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ“ და 2015 წლის 23 სექტემბრის #4-1/დ630-15 დადგენილება „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 5 მაისის #4-1/დ-222-15 (#000019/ს) და 2015 წლის 10 მარტის #4-1/დ104-15 (#000001) დადგენილებების ბათილად ცნობის შესახებ“; ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-მა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. და მ. ს-ებმა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განჩინებით აპელანტების - გ. ს-ის, მ. ს-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის და გ. ს-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. და მ. ს-ებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, ხოლო გამოყენებული ნორმები კი არასწორად განმარტა. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა ადმინისტრაციული ორგანოების იმ განმარტების შესახებ, სადაც აღნიშნავდნენ, რომ არ შეიძლება ერთ სამართლებრივ სივრცეში არსებობდეს ერთი და იმავე სამართალდარღვევაზე ორი აქტი. სასამართლო ვერ უთითებს, თუ რომელი ნორმა დაირღვა გასაჩივრებული აქტის გამოცემისას. კასატორი მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კდოექსის 17.1 მუხლსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს, რომ სასამართლოს წარედგინა ყველა ის მტკიცებულება, რასაც ეყრდნობოდა დასკვნა, ხოლო ის ფაქტი, რომ სასამართლო არ დაეთანხმა ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივ შეფასებებს, არ ქმნიდა ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკითხის ხელახალი განხილვის დავალების საფუძველს. საქმეში არსებული მტკიცებულებები იძლეოდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის საშუალებას.

კასატორის მოსაზრებით, განსახილველი საქმე ხასიათდება ფაქტობრივი გარემოებების თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით, თუმცა სათანადო ძალისხმევისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოებს შეეძლოთ დაედგინათ, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 08.04.2014წ. #000479 და 29.07.2014წ. #000634 დადგენილებებით გ. ს-ი დაჯარიმებულ იქნა ერთი და იმავე სამართალდარღვევისთვის, ანუ მას ორჯერ დაეკისრა პასუხისმგებლობა ერთი და იმავე სამართალდარღვევისთვის, რაც წინააღმდეგობაში მოდის სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებთან.

კასატორი განმარტავს, რომ სამშენებლო საქმიანობის სფეროში განხორციელებული სამართალდარღვევები, მართალია რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით, კერძოდ, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, თუმცა თავისი არსით იგი წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ამდენად, მოცემული სამართალურთიერთობის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი დებულებები. კასატორი მიუთითებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232.8 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სასამართლოები ვალდებულნი იყვნენ ეხელმძღვანელათ აღნიშნული დანაწესით.

კასატორის მითითებით, არქიტექტურის სამსახურის მიერ 7 აპრილის გადაწყვეტილების მიღებამდე, ავარიული ფართის გამაგრების სამუშაოების განხორციელება გათვალისწინებული იყო ამავე სამსახურის 25.06.2012წ. #231911 და 25.07.2012წ. #280685 გადაწყვეტილებებით. კასატორის განმარტებით, სწორედ აღნიშნული და 19.26.2012წ. #221255 და 01.08.2012წ. #289808 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის გამო ჩათვალა ზედამხედველობის სამსახურმა ყველა ზემოხსენებული აქტით გათვალისწინებული სამუშაო უნებართვოდ განხორციელებულად და გამოსცა 8.04.2014წ. #000479 დადგენილება. კასატორი აღნიშნავს, რომ 8.04.2014წ. #000479 დადგენილება და 29.07.2014წ. დადგენილება ეხება იდენტურ სამშენებლო სამუშაოებს და ორივე მოიცავს როგორც შიდა ეზოს, ისე ქუჩის მხარეს.

კასატორები - გ. და მ. ს-ები აღნიშნავენ, რომ სასამართლომ არ განიხილა და არ შეაფასა მტკიცებულებები.

კასატორთა მითითებით, თბილისის ზედამხედველობის სამსახურმა კანონსაწინააღმდეგოდ განიხილა 22.09.2015 წლის გ. ს-ის ადმინისტრაციული საჩივარი მოთხოვნებით, რომელთა გასაჩივრების ვადა გაშვებული ჰქონდა. კასატორები მიუთითებენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.3 მუხლზე და აღნიშნავენ, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზედამხედველობის სამსახური იყო არაუფლებამოსილი განეხილა ს-ის საჩივარი.

კასატორები აღნიშნავენ, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში არ არის განხილული და არ არის გამოტანილი გადაწყვეტილება მე-3 სასარჩელო მოთხოვნაზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სახლის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის უზრუნველყოფა - ქუჩის მხრიდან მზიდი კედლის და ეზოს მხრიდან ორი მზიდი ხის სვეტის აღდგენა-გამაგრება. ასევე, გადაწყვეტილება არ არის გამოტანილი საადვოკატო ხარჯების ანაზღაურების შესახებ.

კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის რეგლამენტირებული საპროცესო ნორმის გამოყენებისას არ დაუსაბუთებია, თუ რატომ არის მისთვის შეუძლებელი საქმის გარემოებების გამოკვლევა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტა. სასამართლომ არ განმარტა ვის კანონიერ ინტერესის არსებობას გულისხობს, რომელი და ვისი კანონიერი ინტერესია სახეზე. სასამართლოს პოზიცია არ შეიცავს არც ფაქტობრივ და არც სამართლებრივ დასაბუთებას.

სასამართლომ ქ. თბილისის ზედამხედველობის სამსახურს შესაბამისი გარემოებების შესწვლისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ისე დაავალა, რომ არ უმსჯელია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იყო თუ არა ქ.თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილი განეხორციელებინა აღნიშნული ქმედებები, რაც ეწინაამდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტს.

კასატორების მითითებით, მტკიცება, რომ გ.ს-მა აწარმოა სამშენებლო სამუშაოები მის კუთვნილ ქონებაზე, ეწინააღმდეგება საჯარო რეესტრის 2012 წლის 24 ოქტომბრის¹#167243 წერილს.

კასატორთა მოსაზრებით, სასამართლომ უკანონოდ უთხრა უარი სასარჩელო მოთხოვნაზე - თბილისის ზედამხედველობის სამსახურისთვის კანონით გათვალისწინებული ზომების გამოყენებით სახლის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის უზრუნველყოფის დავალების შესახებ.

კასატორების მითითებით, სასამართლომ კანონსაწინააღმდეგოდ უგულვებელყო კანონიერ ძალაში შესული #000479 დადგენილება და დაუსაბუთებლად არ განიხილა მათი კანონიერი მოთხოვნა. დაუსაბუთებელია რატომ არ უნდა აღსრულდეს კანონიერ ძალაში შესული #000479 დადგენილება. მოსამართლემ არ განიხილა აპელანტების მტკიცება, რომ 2015 წლის 29 ივლისის სასამარლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 2 წელი, მაგრამ ზედამხედბველობის სამსახურს #000479 დადგენილბის მოთხოვნები საურავის დარიცხვის და ჯარიმის გასამმაგების შესახებ დღემდე მიღებული არ აქვს.

კასატორები აღნიშნავენ, რომ მოსამართლემ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ¹034421-2012/03/2 დასკვნა, 27.08.2012წ. საპატრულო პოლიციის ოქმი, მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ გ. ს-ი წლების მანძილზე მიზანმიმართულად აზიანებს და ავარიულ მდგომარებაში მოყავს შენობა. ასევე, ფაქტობრივი გარემოებები, რომ გ. ს-მა თავისი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით სახლის მესაკუთრეებს უკვე მიაყენა ზიანი, აწარმოა უნებართვო სამშენებლო სამუშაოები არა მის კუთვნილ ფართზე და მოსარჩელეებს ... ქ. #11-ში შეუზღუდა საკუთრების უფლება და წაართვა კონსტიტუციით გარანტირებული უფლება იცხოვრონ ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში.

კასატორები მიუთითებენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ის გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია ადმინისტრაციულ საქმეზე, არ ცვლის მის პრეიუდიციულ ძალას სადავო სამართალურთიერთობაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. და მ. ს-ების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. და მ. ს-ების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტის დადგენას, ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 8 აპრილის #000479 დადგენილებაში და ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 29 ივლისის #000634 დადგენილებაში ასახული სამშენებლო სამართალდარღევის საქმეები წარმოადგენს თუ არა ერთსა და იმავე სამართალდარღვევას. აღსანიშნავია, რომ მითითებული დადგენილებების გამოცემის საფუძველი გახდა გ. ს-ის მიერ ქ.თბილისში, ... ქ. #11-ში უნებართვოდ განხორციელებული რეკონსტრუქცია და კიბის მოწყობა, რამაც გამოიწვია მისი დაჯარიმება 4 000 ლარის ოდენობით. ამასთან, სადავო აქტები შეიცავს მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამის ნორმებს, რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც დგება შესაბამისი პასუხისმგებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, უტყუარად უნდა იქნეს დადგენილი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეები ხომ არ წარმოადგენს ერთსა და იმავე სამშენებლო სამართალდარღვევას და გ. ს-ის მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის დარღვევით განხორციელებული რეკონსტრუქციისა და კიბის მოწყობის სამუშაოების ჩატარება მოხდა თუ არა შენობის ერთსა და იმავე მხარეს. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ იმისათვის რომ სამართალდარღვევა ჩაითვალოს ერთსა და იმავე ფაქტად, საკმარისი არ არის სამართალდარღვევის ობიექტის იდენტურობა.

გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის შესაბამისი დასაბუთება, მხოლოდ დასახელებული გარემოება რატომ იქნა მიჩნეული იმის დასტურად, რომ სახეზე იყო ერთი და იგივე სამართალდარღვევა და მოხდა განკარგულების ნაადრევად აღსრულება. ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ სხვადასხვა დროს გაცემული ქ.თბილისში, ... ქუჩა #11-ში გ. ს-ის საკუთრებაში არსებულ ფართზე ფასადის რეკონსტრუქციის, კიბის მოწყობისა და გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების დადასტურება მოხდა თუ არა შენობის ერთსა და იმავე მხარეს, ასევე მას ერთსა და იმავე მისამართზე დაუდასტურდა თუ არა სხვადასხვა პირველი კლასის მშენებლობების განხორციელების შესაძლებლობა. ასევე არ არის მითითებული აღნიშნულის საწინააღმდეგოდ რა კონკრეტული მტკიცებულება იქნა შეფასებული და გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის კანონიერ ძალაში შესულ #3ბ/71-15 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 8 აპრილის #000479 დადგენილება მიღებულია ... ქუჩა #11-ში გ. ს-ის მიერ უნებართვოდ განხორციელებული რეკონსტრუქციისა და კიბის მოწყობისათვის და ის არ მოიცავს არქიტექტურის სამსახურის მიერ 2014 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით დადასტურებული ავარიული ფართის გამაგრების სამუშაოების განხორციელებას. ამასთან, სადავო აქტების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ არ გამოუკვლევია არსებობდა თუ არა ქ.თბილისში, ... ქუჩა #11-ში არსებულ გ. ს-ის ობიექტზე სამართალდარღვევის საქმის წარმოების სხვა საფუძველი.

შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროება. ამასთან, ვინაიდან დავის გადაწყვეტა საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის ხელახლა შესწავლა-გამოკვლევას, სასამართლო ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მოთხოვნაზე - ადმინისტრაციული ორგანოსთვის სახლის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის დავალების თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გ. და მ. ს-ების საკასაციო საჩივარზე მ. ს-ს 19.10.2017წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ. ს-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. და მ. ს-ების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განჩინება;

3. მ. ს-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.10.2017წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი