საქმეNბს-1080-1074(კ-17) 23 იანვარი, 2018 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ე. წ-ე, ლ. ფ-ე (მოსარჩელეები)
მესამე პირი - საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ე. წ-ემ და ლ. ფ-ემ 2014 წლის 11 ნოემბერს სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში - მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №1938130 ბრძანების ბათილად ცნობა, ე. წ-ისა და ლ. ფ-ის თანამდებობებზე აღდგენა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ე. წ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება 2014 წლის 8 სექტემბრიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისთვის;
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. წ-ისა და ლ. ფ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ე. წ-ისა და ლ. ფ-ის დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №1938130 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მოსარჩელეების მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც საქართველოს შინაგან სამინისტრომ, ასევე ე. წ-ემ და ლ. ფ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინებით აპელანტ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივარი არ დაკმაყოფილდა; აპელანტების - ე. წ-ისა და ლ. ფ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. კასატორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული არც ერთი სამართლებრივი საფუძველი აქტის ბათილად ცნობისათვის მოცემულ საქმეზე არ არსებობდა და სასამართლოების მიერ არასწორად იქნა შეფასებული ფაქტობრივი გარემოებები, რამაც საბოლოოდ არასწორი სამართლებრივი დასაბუთება გამოიწვია, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარში განმარტებული დარღვევები, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ იქნა განხორციელებული და უსაფუძვლოდ დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად.
კასატორის განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ პატრულ - ინსპექტორებმა ე. წ-ემ და ლ. ფ-ემ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას - 2014 წლის 2 აგვისტოს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამმართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლის საფუძველზე არ დააჯარიმეს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დადგენილი წესის დარღვევისათვის, მათ მიერ გაჩერებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, რომელიც მართავდა არასათანადო დამაგრებული სანომრე ნიშნით ავტომობილს. აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია სახელმწიფო ინტერესების დარღვევა, რის გამოც, ე. წ-ე და ლ. ფ-ე 2014 წლის 8 სექტემბერს მიცემულ იქნენ ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ხოლო 2014 წლის 9 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, შეეფარდათ გირაო - 2000 ლარის ოდენობით.
2014 წლის 30 სექტემბრის №1938130 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, ე. წ-ე და ლ. ფ-ე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის, მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო, რომელიც გულისხმობს თანამშრომლისათვის შეუფერებელ ქმედებას, რომელიც ლახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2014 წლის 8 სექტემბრიდან.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის N123 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად, დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია დადგენილი წესით, გამოითხოვოს სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეები, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დანაყოფების მიერ წარმოებულ ნებისმიერი კატეგორიის მასალები, მათ შორის, ოპერატიული აღრიცხვის საქმეები და გამოძიების მასალები. საჭიროებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს სამინისტროს ნებისმიერი მოსამსახურის გამოძახებას ან/და ადგილზე წერილობითი ან ზეპირი განმარტების მიღება, ჩაატაროს სამსახურებრივი შემოწმება, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა.
კასატორი განმარტავს, რომ ე. წ-ისა და ლ. ფ-ის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისას, გენერალურ ინსპექციას ცალსახად ჰქონდა სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოყენების უფლება, შესაბამისად, დაუსაბუთებლად მიიჩნევს თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოების სამართლებრივი დასაბუთებას, იმასთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალების ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოყენება დისციპლინური წარმოების წესებს ეწინააღმდეგება.
კასატორი მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ განხორციელდა მათთვის სამსახურებრივი მოვალეობის ფარგლებში დაკისრებული ფუნქციების განხორციელება, შესაბამისად, მისთვის როგორც ადმინისტრაციული ორგანოსთვის პრინციპულად მიუღებელია, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების დროს მოსამსახურის მიერ მიკერძოებული მიდგომის გამოვლენა.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ იქნა განსაზღვრული თუ რომელი პატრულ-ინსპექტორის მიერ უნდა განხორციელებულიყო პირის დაჯარიმება, არ იქნა გამიჯნული მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები. აღნიშნულთან დაკავშირები კასატორი განმარტავს, რომ ეკიპაჟში განთავსებულ პატრულ-ინსპექტორებს გააჩნიათ თანაბარი უფლებამოსილებები და ვალდებულებები, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისციპლინური წესდების მე-4 მუხლის შესაბამისად გადაცდომის გამოვლენისას, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები უფლებამოსილნი არიან, შეადგინონ დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა და განიხილონ დისციპლინური სახდელის დადების საკითხი, რაც მათ კანონმდებლობით მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება და მხოლოდ აღნიშნული პირები არიან უფლებამოსილი იმსჯელონ მოსამსახურის ქმედებასა და მის მიმართ შეფარდებული სახდელი პროცედურებზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, სამინისტრო სხვადასხვა საშუალებებით ახორციელებს, მათ შორის, იმ ადამიანური რესურსით, რომელიც დასაქმებულია სამინისტროს სისტემაში, სწორედ ამიტომ სამინისტრო დიდ ყურადღებას ამახვილებს თავის თანამშრომლების კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც აუცილებლად უნდა ჯდებოდეს ზნეობრივ ჩარჩოებში და არ უნდა ლახავდეს სამინისტროს ავტორიტეტს. ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარეების ქმედებები, შეუფერებელი იყო სამინისტროს თანამშრომლისათვის, კანონმდებლობის შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მოსარჩელეთა სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. კასატორი მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №1938130 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს პოლიციელის მნიშვნელობაზე, აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების საკითხში და შესაბამისად, თითოეული პოლიციელის როლზე, რა დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ახორციელებენ მათზე დაკისრებულ უფლებამოსილებას, როგორ უზრუნველყოფებ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და წესრიგს, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ განხორციელდა თურქეთის მოქალაქის დაჯარიმება, რადგან მათ დაეზარათ საკუთარი ვალდებულების შესრულება. კასატორის მოსაზრებით საჯარო ინტერესია, რომ პოლიციელის საქმიანობას არ ახორციელებდეს პირი, რომლის ქმედებებიც, საზოგადოებას, ჩამოუყალიბებს შეხედულებას, რომ პოლიციელის სუბიექტური შეხედულებების შესაბამისად სამართალდარღვევაზე რეაგირების განუხორციელებლობა პოლიციის ქცევის ზოგადი წესია.
კასატორი განმარტავს, რომ საქმის მასალებით ცალსახად არის დადასტურებული, რომ მოწინააღმდეგე მხარის - ე. წ-ისა და ლ. ფ-ის მიერ არ განხორციელებულა რეაგირებითი ღონისძიებები და სამართალდამრღვევმა - თურქეთის მოქალაქემ კვლავ არასათანადო დამაგრებული სანომრე ნიშნით გააგრძელა მოძრაობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები.
საქართვველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ნომებრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ე. წ-ე და ლ. ფ-ე შინაგან საქმეთა ორგანოებში მსახურობდნენ 2005 წლიდან, ხოლო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2013 წლის 28 თებერვლის N381077 ბრძანებით დაინიშნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს პირველი სახაზო-საპატრულო განყოფილების (ბათუმი) პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. დადგენილია, რომ 2014 წლის 8 სექტემბერს აღნიშნული პირები ცნობილ იქნენ ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს სამსახურებრივი გულგრილობას, ესე იგი მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, კერძოდ: 2014 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 08:00 საათზე, სარფის გამშვები სასაზღვრო პუნქტის ტერიტორიაზე, საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს პირველი სახაზო საპატრულო განყოფილების (ბათუმი) პატრულ-ინსპექტორებმა - ე. წ-ემ და ლ. ფ-ემ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დადგენილი წესების დარღვევისათვის (სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით მართვა) თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ნომრით - ..., ავტომანქანა „ფოლგსვაგენით“ მოძრავი თ. ქ-ი შეაჩერეს, რა დროსაც ე. წ-ე და ლ. ფ-ე ვალდებულნი იყვნენ, თ. ქ-ი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის 100 ლარით დაეჯარიმებინათ. მათ მიერ დასახელებული სამსახურებრივი მოვალეობა, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, სამსახურებივი გულგრილობით არ შეასრულეს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი შელახვა გამოიწვია.
სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად 2014 წლის 25 სექტემბერს შედგენილი დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ ე. წ-ისა და ლ. ფ-ის მიმართ გამოტანილი, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების, მათი შინაარსის, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის განჩინებით ე. წ-ისა და ლ. ფ-ისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით 2000 ლარის გირაოს შეფარდების ფაქტის გათვალისწინებით, ე. წ-ემ და ლ. ფ-ემ „შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე- 2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომა (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტების ავტორიტეტს) ჩაიდინეს, რის გამოც, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მათი სამსახურიდან დათხოვნა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის N1938130 ბრძანებით, ზემოხსენებული პირები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდა და დათხოვნილ იქნენ საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2014 წლის 8 სექტემბრიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გენერალური ინსპექციის დასკვნითა და გასაჩივრებული ბრძანებით არამართლზომიერად იქნა შეფასებული არსებული გარემოებები ადმინისტრაციული წესით, ვინაიდან აღნიშნული დასკვნა სრულად ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ მასალებს, ასეთ შემთხვევაში „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლი ქმნის საფუძველს, ადმინისტრაციულმა ორგანომ განახორციელოს მოსარჩელეთა თანამდებობიდან გადაყენება, დაელოდოს მიმდინარე საქმის განხილვის დასრულებას და სისხლის სამართლის საქმის წარმოების შედეგების შესაბამისად მიიღოს გადაყენებული პირის თანამდებობაზე აღდგენის ან თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ორგანოს ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მხარისათვის გასაგები უნდა იყოს რა მოტივით იქნა მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, 2014 წლის 30 სექტემბრის ე. წ-ისა და ლ. ფ-ის გათავისუფლების შესახებ ბრძანება, გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარებულა სრულყოფილად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოძიებული და შეფასებულია მხოლოდ სისხლის სამართლის მიმდინარე საქმეზე არსებული მასალები, ადმინისტრაციული წარმოების წესით დაინტერესებული პირებისათვის მონაწილეობის უფლების გამოყენება არ განხორციელებულა, შესაბამისად, დგინდება, რომ მიღებულია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ კანონის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტზე რომელიც ითვალისწინებს სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოსაყენებელი დისციპლინური სახდელების სახეობებს, მათი გამოყენება შს მინისტრის დისკრეციის სფეროს განეკუთვნება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე- 2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ" ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება არ უნდა იწვევდეს პირის კანონიერი უფლებისა და ინტერესების დაუსაბუთებელ შეზღუდვას. გამოყენებული ზომის პროპორციულობის გარკვევა კი განსახილველ შემთხვევაში შესაძლებელია საქმის ყველა გარემოების დადგენის და შეფასების შედეგად.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის დაკისრებისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ მკაფიოდ უნდა დაასაბუთოს მისი გამოყენების აუცილებლობა. პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლი განსაზღვრავს. დასახელებული მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პოლიციელი შეიძლება დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო. მოცემულ შემთხვევაში სადავო ბრძანებითა და მის საფუძვლად შედგენილი დასკვნით, მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა მათი ქმედება, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულად იქნა მიჩნეული შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის წარმოებით. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი, შესაბამისი განაჩენის მიღებამდე, მიიღოს პატრულ-ინსპექტორების გათავისუფლების გადაწყვეტილება.
„პოლიციის შესახებ“ კანონის 57-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს გენერალური ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და მათზე სათანადო რეაგირებას, სისხლის სამართლის საქმის წარმოების პარალელურად დისციპლინური წარმოების ჩატარებისგან არ არის შეზღუდული ადმინისტრაციული ორგანო, კონკრეტულ შემთხვევაში გენერალური ინპექცია არ მოქმედებდა დისციპლინური წარმოების ფარგლებში. გასაჩივრებული ბრძანების კანონშეუსაბამობა განსაზღვრა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, არსებული ფაქტობრივი გარემოებების არასწორმა შეფასებამ, რაც გამოიხატა ე. წ-ისა და ლ. ფ-ის მიმართ, არა დაკავებული თანამდებობიდან გადაყენებით, არამედ მათი განთავისუფლებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, არ ემყარებოდა განსახილველ საკითხზე არსებულ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს და სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე