Facebook Twitter

ბს-510-507(2კ-17) 08 თებერვალი, 2018 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.01.2016წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს ,,…“ 09.09.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის 20.12.2013წ. N94-451 საგადასახადო მოთხოვნის, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსხაურის 13.03.2014წ. ბრძანების, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 13.08.2014წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.01.2015წ. გადაწყვეტილებით შპს „…“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებულ ნაწილში ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 13.08.2014წ. გადაწყვეტილება, გასაჩივრებულ ნაწილში სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 13.03.2014წ. ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.01.2016წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ შპს-ს 2008-2009 წლებში შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიისათვის გადახდილი და გამოქვითული აქვს 873 850 ლარი საშუამავლო მომსახურების გაწევის მოტივით. მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიისათის თანხის გადარიცხვა დასტურდება, თუმცა არ დასტურდება, რომ თანხა გადაირიცხა გაწეული მომსახურების საფასურად. საქმის მასალებით არ დასტურდება, მოსარჩელესა და კომპანია „ჩ…“ შორის 01.06.2008წ. დადებული ხელშეკრულების ნამდვილობა, რადგან გამოწერილი ინვოისები ზოგადი ხასიათისაა, არ იძლევა გაწეული მომსახურების იდენტიფიცირების საშუალებას, ამასთან, შპს „…“ ხელშეკრულებებს დებდა როგორც 2008 წლის ივნისამდე, ასევე საშუამავლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა საშუამავლო ხელშეკრულობის ნამდვილობის დამდგენი მტკიცებულებები, შესაბამისად, გამოსაქვით ხარჯებში არ უნდა მომხდარიყო იმ ხარჯის გათვალისწინება, რომელიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სრულად გამოიკვლიეს საგადასახადო და საგამოძიებო ორგანოებში დაცული მტკიცებულებები.

კასატორებმა მიუთითეს, რომ 2008-2012 წლებში საზოგადოებას განხორციელებული აქვს როგორც დღგ-ით გათავისუფლებული, ისე დასაბეგრი და ნულოვანი ოპერაციები. საგადასახადო ორგანოებმა იხელმძღვანელეს საგადასახადო კოდექსის 174.6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და ვინაიდან შპს-ს მიერ საქონლის გამოყენება ხდებოდა ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში, დღგ-ს ჩასათვლელი თანხის გამოანგარიშება მოხდა საანგარიშო პერიოდში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით.

კასატორებს მიაჩნიათ აგრეთვე, რომ სააპელაციო პალატის მიერ საკითხის გადაწყვეტისას დაუსაბუთებლად მოხდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დავის გადაწყვეტისას სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენება, რადგან საქმეზე გამოკვლეული და დადგენილი არ არის რიგი არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, სათანადოდ არ არის დასაბუთებული დარიცხვის საფუძვლების არსებობა. კასატორთა მოსაზრება, რომ კომპანია „ჩ…“ და შპს „…“ შორის დადებული საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულება არ იყო რეალური და მოსარჩელეს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიისგან არ მიუღია რაიმე მომსახურება, არ ეფუძნება საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევას. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ შპს „…“ კომპანიისათვის გადარიცხული აქვს გარკვეული თანხა, ამასთანავე კომპანიის მიერ გამოწერილია ინვოისები, რომლებიც შეიცავენ გაწეული მომსახურების შესახებ მონაცემებს. საგადასახადო ორგანოები ვალდებულები იყვნენ აღნიშნული დოკუმენტაციის საეჭვოობის შემთხვევაში, მოეძიებინათ სხვა დამატებითი მტკიცებულებები, გამოეკვლიათ 01.06.2008წ. საშუამავლო ხელშეკრულების შინაარსი, კომპანიებს შორის არსებული მიმოწერა, საშუამავლო ხელშეკრულების მოქმედების პირობებში შპს-ს მიერ დადებული ხელშეკრულებების გაფორმების საფუძვლები და სხვ.. ამასთანავე, გაურკვეველია რატომ ვერ მოახდინა ორგანომ დღგ-ით დასაბეგრი და ჩასათვლელი ოპერაციების ურთიერთგამიჯვნა, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით სადავო აქტები სრულიად დაუსაბუთებელია, მხოლოდ საგადასახადო კოდექსის 174.6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე მითითება არ ქმნიდა შპს-სათვის კონკრეტული თანხის დარიცხვის საკმარის საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.01.2016წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი