Facebook Twitter

ბს-538-535(კ-17) 08 თებერვალი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ბ-ის, ა. ბ-ის და ბ. ყ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.12.2016წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ბ-ემ, თ. ბ-ემ და ლ. ბ-ემ 13.05.2016წ. სარჩელით მიმართეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ მოპასუხის 04.12.2015წ. N 15 ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, ბ. ყ-ისთვის საკუთრებაში მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ 04.12.2015წ. გადაწყვეტილებისა და 22.01.2016წ. N7 საკუთრების უფლების მოწმობის, თ. ბ-ისათვის საკუთრებაში მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ 30.12.2015წ. გადაწყვეტილების და 22.01.2016წ. N9 საკუთრების უფლების მოწმობის, ა. ბ-ისათვის საკუთრებაში მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ 04.12.2015წ. გადაწყვეტილებისა და 22.01.2016წ. N6 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 06.07.2016წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ დ. ნ-ე და ნ. ბ-ე.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 15.07.2015წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელეების მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.12.2016წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ა. ბ-ის და ბ. ყ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 04.12.2015წ. №15 გადაწყვეტილება, თ. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კომისიის 30.12.2015წ. გადაწყვეტილება, ბ. ყ-ის სახელზე გაცემული 22.01.2016 წ. №7 საკუთრების მოწმობა, თ. ბ-ის სახელზე გაცემული 22.01.2016 წ. №9 საკუთრების მოწმობა, ა. ბ-ის სახელზე გაცემული 22.01.2016 წ. №6 საკუთრების მოწმობა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა თ. ბ-ის, ა. ბ-ის და ბ. ყ-ის მიერ.

კასატორებს მიაჩნიათ, რომ ორგანოს განმარტება საქმის გარემოებათა არასათანადოდ გამოკვლევის და თ. ბ-ის, ა. ბ-ის და ბ. ყ-ის მიერ ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების შესახებ არ არის სათანადოდ დასაბუთებული, ორგანო შეზღუდულია სარჩელის ცნობაში. ორგანოს აღნიშნული პოზიცია განპირობებულია მოსარჩელეთა და ოზურგეთის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის ნათესაური კავშირით. საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება კასატორთა მიერ უძრავი ქონების ფლობის ფაქტი. არ დგინდება დავაზე მოსარჩელეთა კანონიერი ინტერესი, რადგან სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი არ დგება მოსარჩელეთათვის სასარგებლო შედეგი, მათი უფლება სადავო ქონებაზე არ დასტურდება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ბ-ის, ა. ბ-ის და ბ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო აქტები გამოცემულია საქმის გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევის გარეშე, რასაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოც ადასტურებს. სადავო აქტების გამოცემისას ორგანომ არ შეისწავლა ნაკვეთებზე მოსარჩელეთა პრეტენზიების საფუძვლიანობა, არ ჩააბა საქმეში დაინტერესებული პირები, არ დაკითხა მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეები/მფლობელები და სხვ.. ამასთანავე გამოკვლევას საჭიროებს აწ.გარდაცვლილი ნ. ბ-ის მიერ ნაკვეთის ფლობის, ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის ქონის, აბონენტად რეგისტრაციის ფაქტი და მოსარჩელეებთან ნ. ბ-ის ნათესაური კავშირი, რათა დადგინდეს მოსარჩელეების, როგორც ნ. ბ-ის მემკვიდრეების საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის უფლება. დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება ორგანოს მიერ თავისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობის აღიარების დაუშვებლობის მოსაზრება, ვინაიდან არ დასტურდება მისი უკანონობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ. ბ-ის, ა. ბ-ის და ბ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ბ-ის, ა. ბ-ის და ბ. ყ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.12.2016წ. გადაწყვეტილება;

3. თ. ბ-ეს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.04.2017წ. N13127017 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი