Facebook Twitter

ბს-668-664(2კ-17) 08 თებერვალი, 2018 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2016წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს ,,…“ 17.10.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის 11.09.2013წ. N44109 წინასწარი გადაწყვეტილების, 15.11.2013წ. N58056 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 18.09.2014წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.07.2015წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 18.09.2014წ. გადაწყვეტილება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 11.09.2013წ. N44109 წინასწარი გადაწყვეტილება და 15.11.2013წ. N58056 ბრძანება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2016წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდების თანახმად, „8543“ პოზიციაში ერთიანდება ელექტრული მანქანები და აპარატურა, რომელთაც გააჩნიათ ინდივიდუალური ფუნქციები, ხოლო „9018“ პოზიციაში ერთიანდება სამედიცინო ხელსაწყოები და მოწყობილობები. ორგანოსათვის მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ გაგზავნილი წერილის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში აპარატის გამოყენება ხდება სამედიცინო მიზნით, აპარატს უპირატესად იყენებენ ესთეტიკური მიზნებისთვის, ინტერნეტში მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით მსგავს აპარატებს როგორც წესი იყენებენ კოსმეტიკურ ცენტრებსა და კლინიკებში, აპარატი არ გამოიყენება დაავადების დიაგნოზირების, პრევენციისა და მკურნალობისთვის, ამიტომ ვერ იქნება მიჩნეული სამედიცინო აპარატად. კასატორთა მითითებით სამედიცინო ხელსაწყოებს განეკუთვნება მოწყობილობები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება პროფესიულ პრაქტიკაში დიაგნოსტიკისთვის, პრევენციისთვის, მკურნალობისთვის და სხვ.. პრაქტიკაში არის ისეთი ლაზერული აპარატები, რომლებიც აკმაყოფილებენ აღნიშნულ დანაწესს, რის გამოც მიიჩნევიან სამედიცინო აპარატურად. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, სსიპ შემოსავლების სამსახურმა შეისწავლა მსოფლიო და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკა, რომელთა მიხედვით, ლაზერული აპარატები კლასიფიცირდება ნომენკლატურის 8543 სასაქონლო პოზიციაში. ამასთანავე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის მიხედვით, მსგავსი ტიპის ლაზერული აპარატი კლასიფიცირდება 8543 70 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში. აღნიშნული გარემოებების უგულებელყოფის საკმარის საფუძველს არ ქმნის სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წერილი და სპეციალისტის ახსნა-განმარტებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას, ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 28.05.2012წ. წერილით დგინდება, რომ დაავადებების, მათ შორის ჭარბთმიანობის, ლაზერით მკურნალობა წარმოადგენს სამედიცინო საქმიანობას, ხოლო მკურნალობისთვის განკუთვნილი ლაზერული აპარატი კი სამედიცინო აპარატს. ასევე სასამართლო სხდომაზე სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან მიწვეულმა სპეციალისტმა განმარტა, რომ ჭარბთმიანობა, იგივე ჰიპერტრიხოზი არის დაავადება, ხოლო ლაზერული თერაპია მისი მკურნალობის საშუალება. ამასთანავე დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით (ICD 10) ჰიპერტრიხოზი მიჩნეულია დაავადებად, მოქცეულია კანის დანამატების ავადმყოფობების ჯგუფში და მინიჭებული აქვს L68 კოდი. საქმის მასალების, მათ შორის აპარატის მწარმოებლის მიერ გაცემული ინსტრუქციის თანახმად, აპარატი შექმნილია სამედიცინო მიზნებისათვის და მისი ექსპლუატაციის უფლება აქვს მხოლოდ სპეციალურად სერტიფიცირებულ ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალს. აღნიშნულ გარემოებას არც სსიპ შემოსავლების სამსახური უარყოფს, თუმცა აპარატს მხოლოდ იმიტომ არ მიიჩნევს სამედიცინო აპარატად, რომ მის გამოყენებას ხშირ შემთხვევებში თან სდევს დადებითი ესთეტიკური ეფექტი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხოლოდ აღნიშნული მოსაზრება არ ასაბუთებს ადმინისტრაციული ორგანოების პოზიციას.

რაც შეეხება კასატორთა მიერ მითითებულ საექსპერტო დასკვნას, კვლევა ჩატარებულია დიოდურ ლაზერთან მიმართებით, ხოლო განსახილველ საქმეში სადავო საკითხები ეხება ე.წ. ალექსანდრიტის ლაზერს. კასატორებმა ვერ დაადასტურეს აღნიშნულ აპარატთა არსებითი მსგავსება, განსახილველ აპარატზე დიოდურ ლაზერთან დაკავშირებით არსებული მიდგომის გაზიარების შესაძლებლობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2016წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი