ბს-683-679(კ-17) 08 თებერვალი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.04.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „…“ 16.06.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართ მოპასუხის 14.05.2015წ. ბრძანების 1.2 პუნქტის ნაწილში ბათილად ცნობის და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის ისეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით, რომლითაც მოხდება საქართველოს ბაზარზე უკვე დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის - „…“ ნაზალური სპრეის, განსხვავებული შეფუთვა- მარკირებით პირველადი შემოტანა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.03.2016წ. გადაწყვეტილებით შპს „…“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 14.05.2015წ. ბრძანების 1.2 პუნქტი და სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.04.2017 წ. განჩინებით სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ შპს „…“ მიერ წარმოდგენილი 18.12.2015წ. წერილი მედიკამენტების იდენტურობის შესახებ სადავო აქტის გამოცემისას ორგანოში წარგდენილი არ ყოფილა, შესაბამისად სააგენტო ვერ მოახდენდა მის შეფასებას. ამასთანავე ორგანო არ იყო ვალდებულო გამოეკვლია მედიკამენტთა შემადგენლობა, რადგან კანონმდებლობის მიხედვით მედიკამენტის გამოყენების მეთოდის ცვლილება მიიჩნეოდა არსებით ცვლილებად. მართალია ამჟამად მოქმედებს განსხვავებული ნორმატიული რეგულაცია, თუმცა დაუშვებელია მას უკუძალა მიენიჭოს. ორგანო არ იყო ვალდებული გამოეთხოვა მედიკამენტთა იდენტურობის დამდგენი დოკუმენტები.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე სააპელაციო სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან, ხოლო უზენაეს სასამრთლოს მსგავს საკითხებზე არ უმსჯელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება საქმის გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევის და ორგანოს მიერ საკითხის გადაწყვეტისას ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციაზე ავტორიზაციის მქონე პირის მიერ დამოწმებული დოკუმენტის გათვალისწინების საჭიროების შესახებ. მხოლოდ მედიკამენტის გამოყენების წესში ორგანოს მიერ დაფიქსირებული ცვლილება არ ქმნიდა შპს-ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, რადგან ბაზარზე მედიკამენტის დაშვება განხორციელდა 2011 წელს, ხოლო განსხვავებული შეფუთვის მქონე მედიკამენტზე თანდართული ინსტრუქცია შეიცავდა მითითებას 2012 წლის აპრილში განხორციელებული ბოლო გადახედვის შესახებ. ამდენად, პრეპარატის ეროვნული რეჟიმით რეგისტრაციის შემდეგ განხორციელდა ინსტრუქციის გადახედვა, რაც ავტომატურად არ უნდა იქნეს გაიგივებული პრეპარატის რაიმე სახის ცვლილებასთან.
საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს არ ქმნის კასატორის მითითება მსგავს საკითხე უზენაესი სასამართლოს განმარტებების არარსებობის შესახებ, რადგან საკასაციო პალატა განიხილავს კონკრეტულ დავას და ამ დავის ფარგლებში აფასებს სამართლებრივ საკითხებს, საკასაციო სასამართლოს განმარტება კაზუალურია, უზენაესი სასამართლო არ ახდენს ნორმათა აბსტრაქტულ, ზოგად განმარტებას. უკეთუ ორგანოს მხრიდან გამოკვლევას საჭიროებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ნორმათა განმარტების სისწორეზე, რადგან სუბსუმფციის განხორციელების უპირველესი პირობა სწორედ ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი დადგენაა.
დაუსაბუთებელია აგრეთვე კასატორის მითითება სხვა მსგავს დავაზე სააპელაციო პალატის მიერ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შესახებ, რადგან საკასაციო საჩივარზე თანდართული - სააპელაციო სასამართლოს 15.03.2016წ. განჩინებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებები განსხვავებულია განსახილველ დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისაგან. ამასთანავე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ გაკეთებული სამართლებრივი განმარტებები არ არის სავალდებულო საკასაციო პალატისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.04.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი