Facebook Twitter

ბს-704-700 (3კ-17) 08 თებერვალი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სს „ვ...“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2017წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...“ 18.12.2013წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 06.04.2011წ., 08.04.2011წ., 18.05.2011წ. და 08.11.2013წ. გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით. შპს-ს 31.12.2013წ. განცხადებით მოპასუხედ დამატებით მიეთითა გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური, დამატებით მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.12.2013წ. N233258 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.02.2014 წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ სს „ვ…“, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და შპს „…“, ხოლო 14.03.2014წ. განჩინებით - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.01.2016წ. გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 06.04.2011წ., 08.04.2011წ., 18.05.2011წ., 08.11.2013წ. გადაწყვეტილებები და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.12.2013წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სს „ვ…“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2017წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 06.04.2011წ., 08.04.2011წ., 18.05.2011წ., 08.11.2013წ. გადაწყვეტილებები და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.12.2013წ. გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი მხოლოდ გადაფარვის - 1881 კვ.მ. ფართის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სს „ვ…“ მიერ.

კასატორმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ დაუშვებელი იყო სადავო რეგისტრაციების ბათილად ცნობა, რადგან მათი წარმომშობი დოკუმენტები: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 31.03.2011წ. მიმართვა, სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 07.04.2011წ. ბრძანება და 13.05.2011წ. ნასყიდობის ხელშეკრულება ძალაშია. სასამართლოს არ დაუდგენია აღნიშნული აქტების არამართლზომიერება, არ დაუსაბუთებია შემძენის არაკეთილსინდისიერება. საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე, არასწორია სს „ვ…“ სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას ნივთის გამსხვისებელი რეგისტრირებული იყო მის მესაკუთრედ. სასამართლოს მითითება, რომ შემძენმა იცოდა უძრავ ნივთზე შპს „...“ უფლებების შესახებ, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ქონების გასხვისების თაობაზე, არ არის დასაბუთებული.

კასატორმა სს „ვ…“ აღნიშნა, რომ აუქციონი ჩატარდა და ქონება გასხვისდა კანონის სრული დაცვით, აუქციონის გამართვისას და ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას ქონების გამსხვისებელი რეგისტრირებული იყო მის მესაკუთრედ, სკ-ის 185-ე, 312-ე მუხლებით გარანტირებული საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე, სს ენდობოდა რეესტრის ჩანაწერს. სასამართლომ ვერ დაასაბუთა სს „ვ…“ არაკეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევა. არამართლზომიერია სადავო რეგისტრაციების ბათილად ცნობა მათი წარმომშობი უფლებადამდგენი დოკუმენტაციის ძალაში ყოფნის პირობებში. სს „ვ…“ კეთილსინდისიერად განახორციელა თავისი უფლება-მოვალეობები, მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ნივთზე გამსხვისებლის უფლება იყო ხარვეზიანი. კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესების უგულებელყოფით საფრთხე ექმნება სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, საჯარო რეესტრის არსებობა კეთილსინდისიერ შემძენს ათავისუფლებს მომეტებული პასუხისმგებლობისაგან და რისკისგან, უძრავი ქონების შეძენის რეჟიმის პირდაპირი შედეგია კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესების პრიორიტეტული დაცვა (სუსგ ას-980-1243-05). ამასთან, უზენაესი სასამართლოს მიერ Nბს-367-363(კ-12) საქმეზე გაკეთებული განმარტებები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს განსახილველ საქმეში, რადგან გადაწყვეტილ დავაში არ იდგა კეთილსინდისიერი შემძენის პრობლემა.

კასატორმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტრომ აღნიშნა, რომ სკ-ის 185-ე, 312-ე მუხლების თანახმად, საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. სასამართლოს უფლება არ ჰქონდა ემსჯელა სს „ვ…“ კეთილსინდისიერებაზე, რადგან არ გაუქმებულა აუქციონის შედეგები და ნასყიდობის ხელშეკრულება. დაუსაბუთებელია სადავო რეგისტრაციების ბათილად ცნობა მათი წარმომშობის დოკუმენტების ძალაში ყოფნის პირობებში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სს „ვ…“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სახელმწიფოს სახელზე უძრავი ქონების აღრიცხვის მოთხოვნის რეესტრში წარდგენა, არ გულისხმობს მის უპირობო დაკმაყოფილებას. ხსენებული ნორმის თანახმად მარეგისტრირებელმა ორგანომ სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციამდე უნდა გამოიკვლიოს ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეადარებოს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაადგინოს სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაუშვას ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სახელმწიფოს სახელზე აღირიცხა შპს „...ის“ საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის ნაწილი. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის ,,ვ1“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა წარმოადგენს. ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევის შემთხვევაში თავიდან იქნებოდა აცილებული ერთი უძრავი ნივთის მიმართ ორი ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერის არსებობა.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. შესაბამისად დაუშვებელია სარეგისტრაციო მონაცემის და ნამდვილი მდგომარეობის შეუსაბამობა, რეგისტრირებულ მონაცემებს შორის კონკურენცია. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი, მხედველობაშია მისაღები რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა. უკეთუ სახეზეა ერთი და იგივე ობიექტზე ორი ჩანაწერის კონკურენცია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამდენად, შპს „...ის“ სახელზე ქრონოლოგიურად უფრო ადრე განხორციელებული ჩანაწერის ძალაში ყოფნის პირობებში, სახელმწიფოს სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია არამართლზომერია, ასევე კანონშეუსაბამოა განკარგვაზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ქონების იურიდიული პირის კაპიტალში შეტანა, ამასთან შპს „…“ კეთილსინდისიერება გამოირიცხება, რადგან იგი სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული და მოქმედი საწარმოა.

არასწორია კასატორთა მოსაზრება სს „ვ…“ კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის შესახებ, რადგან მართალია საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, თუმცა ერთ ობიექტზე ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობისას, როდესაც რეესტრის ჩანაწერები ერთმანეთს გამორიცხავენ, ჩანაწერთა სანდოობა ვერ იმოქმედებს. ასეთ პირობებში უპირატესობა უნდა მიეცეს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ. გასათვალისწინებელია სააპელაციო პალატაში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ სს „ვ…“ ინფორმაცია ჰქონდა უძრავ ნივთზე შპს „...“ უფლების შესახებ და შპს-სგან ითხოვდა მის გასხვისებას. კეთილსინდისიერად არ მიიჩნევა შემძენი, თუ მისთვის ცნობილია ისეთი გარემოებები, რომლებიც ბრუნვის საშუალო მონაწილეს ეჭვს აღუძრავდა უფლების ნამდვილობასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით მოქმედებს წინდახედულობის გონივრული მასშტაბი: შემძენს არ მოეთხოვება ისეთი გარემოებების ცოდნა, რომელიც სცილდება მისი შესაძლებლობების ფარგლებს. სკ-ის 185-ე მუხლი უფლების შეძენს საჯარო რეესტრის ჩანაწერის შემოწმების ვალდებულებას აკისრებს და ადგენს, რომ შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება უძრავი ნივთის მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საჯარო რეესტრში მოსარჩელის სახელზე რეგისტრაცია ძალაშია, ის არ გასაჩივრებულა, არ გაუქმებულა შემდეგი რეგისტრაციებით, მის მიმართ მოქმედებს კანონიერებისა და უტყუარობის პრეზუმფცია (სუს 24.04.2014წ., ბს-359-349(4კ-13) გადაწყვეტილება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორთა მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, საკასაციო საჩივრებს არ აქვთ წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სს „ვ…“ საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სს „ვ...“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2017წ. გადაწყვეტილება;

3. სს „ვ…“ (ს.კ. …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 23.06.2017წ. N315 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N 00773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი