Facebook Twitter

ბს-746-742 (2კ-17) 22 თებერვალი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.2017წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

11.09.2014წ. ლ. ხ-მა, ნ. ქ-ამ და გ. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და მესამე პირის გ. ა-ის მიმართ, რომლითაც ლ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 22.08.2014წ. №274 ბრძანების, ნ. ქ-ას გათავისუფლების შესახებ 22.08.2014წ. №273 ბრძანებისა და გ. ბ-ას გათავისუფლების შესახებ 22.08.2014წ. №275 ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა, მოსარჩელეთა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე იძულებითი განაცდური ხელფასის სრული ანაზღაურება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვეს. საქმის პირველ ინსტანციაში განხილვისას მოსარჩეელებმა გაზარდეს სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვეს: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას აგვისტოს თვის მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.01.2015წ. გადაწყვეტილებით ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ლ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 22.08.2014წ. №274 ბრძანება, ნ. ქ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 22.08.2014წ. №273 ბრძანება და გ. ბ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 22.08.2014წ. №275 ბრძანება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ლ. ხ-ის გათავისუფლებამდე ლ. ხ-ის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, ნ. ქ-ას გათავისუფლებამდე ნ. ქ-ას დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა და გ. ბ-ას გათავისუფლებამდე გ. ბ-ას დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა აგრეთვე მოსარჩელეებისათვის - ლ. ხ-ისთვის, ნ. ქ-ასთვის და გ. ბ-ასთვის 3 თვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა, ხოლო აგვისტოს თვის ხელფასის ანაზღაურებაზე მოსარჩელეებს ეთქვათ უარი. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და მოსარჩელეებმა.

საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას აპელანტებმა დამატებით მოითხოვეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.07.2015წ. გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.01.2015წ. გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ლ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 22.08.2014წ. №274 ბრძანება, ნ. ქ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 22.08.2014წ. №274 ბრძანება და გ. ბ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 22.08.2014წ. №274 ბრძანება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ლ. ხ-ის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილედ, ნ. ქ-ას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურში მონიტორინგის და შეფასების განყოფილების ... თანამდებობაზე აღდგენა, მერიას დაევალა გ. ბ-ასათვის შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხარეთა შორის შეთანხმებული სახელფასო სარგოს ოდენობით 2014 წლის 22 აგვისტოდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე, გ. ბ-ას მოთხოვნა თავდაპირველ თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ლ. ხ-ისათვის და ნ. ქ-ასათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 3 თვის სახელფასო სარგოს ოდენობით, მოსარჩელეების მოთხოვნა გათავისუფლებიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და აგვისტოს თვის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა მოსარჩელეთა - ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას სასარგებლოდ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით, დანარჩენი ხარჯების ანაზღაურებაზე მოსარჩელეებს ეთქვათ უარი. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას მიერ.

საკასაციო სასამართლოს 17.12.2015წ. განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის – 2000 ლარის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად გარდა ლ. ხ-ისა და ნ. ქ-ასათვის იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილისა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.07.2015წ. გადაწყვეტილება გარდა ლ. ხ-ისა და ნ. ქ-ასათვის იძულებითი განაცდური ხელფასის სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ ნაწილისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოსარჩელეთა მიერ გაწეული ადვოკატის ხარჯის – 2000 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილისა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.07.2016წ. განჩინებით ლ. ხ-ის და ნ. ქ-ას საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.07.2015წ. გადაწყვეტილება ლ.ხ-ისა და ნ. ქ-ას იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.07.2015წ. გადაწყვეტილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას სასარგებლოდ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების - 2000 (ორი ათასი) ლარის დაკისრების და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპეალციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.2017წ. გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ლ. ხ-ის და ნ. ქ-ას სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.01.2015წ. გადაწყვეტილება იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. ხ-ისა და ნ. ქ-ას სარჩელი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ნ. ქ-ას აუნაზღაუროს იძულებითი განაცდური თანამდებობრივი სარგოს ოდენობით გათავისუფლების დღიდან ნ. ქ-ას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 16.09.2015წ. N532 ბრძანების მიღებამდე, ნ. ქ-ასათვის იძულებითი განაცდურის სახით ანაზღაურებული 3 თვის თანამდებობრივი სარგოს გამოკლებით; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ლ. ხ-ს აუნაზღაუროს იძულებითი განაცდური თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, გათავისუფლების დღიდან ლ. ხ-ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 16.09.2015წ. N535 ბრძანების მიღებამდე, ლ. ხ-ისათვის იძულებითი განაცდურის სახით ანაზღაურებული 3 თვის თანამდებობრივი სარგოს გამოკლებით; ლ. ხ-ისა და ნ. ქ-ას მოთხოვნა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ლ. ხ-ისა და ნ. ქ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ლ. ხ-მა, ნ. ქ-ამ და გ. ბ-ამ.

კასატორმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის პრაქტიკა და იძულებითი განაცდურის სახით ორგანოსათვის უნდა დაეკისრებინა არა სრული ხელფასის თანხა, არამედ სხვაობა მისაღებ და სხვა სამსახურში დასაქმების პერიოდში მიღებულ თანხებს შორის. სხვა სამსახურში დასაქმების დადგენის მიზნით სააპელაციო პალატას უნდა დაეკმაყოფილებინა ორგანოს შუამდგომლობა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან სათანადო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ. კასატორი მიჩნევს აგრეთვე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იძულებითი განაცდურის სრული ოდენობით ანაზღაურების შესახებ არ უნდა გავრცელებულიყო განსახილველ შემთხვევაზე, რადგან ურთიერთობა წარმოშობილი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. კასატორი თვლის, რომ ორგანოს საერთოდ არ უნდა დაკისრებოდა ადვოკატის ხარჯის ანაზღაურება, რადგან საქმეში დაცული მინდობილობების მიხედვით, რწმუნებული მოქმედებდა უსასყიდლოდ.

კასატორებმა ლ. ხ-მა, ნ. ქ-ამ და გ. ბ-ამ აღნიშნეს, რომ სარჩელი წარმატებული იყო სამივე ინსტანციის სასამართლოში, რაც განპირობებული იყო ადვოკატის ძალისხმევით, შესაბამისად ადვოკატს უნდა მისცემოდა სათანადო ანაზღაურება, საადვოკატო ბაზარზე არსებული რეალობიდან გამომდინარე, მერიას უნდა დაკისრებოდა ადვოკატის ხარჯის ანაზღაურება უფრო მეტი ოდენობით. სააპელაციო პალატას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ წარმომადგენლობა მხარეს გაეწია სამივე ინსტანციის სასამართლოში. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ მოპასუხისათვის ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების დაკისრება უნდა მომხდარიყო თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ ინდივიდუალურად, თანხის ჯამურად დაკისრების გამო გაუგებარია რა ოდენობა უნდა აუნაზღაურდეს თითოეულ მოსარჩელეს. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ ორგანოს საერთოდ არ დააკისრა გ. ბ-ას მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურება, არ იქონია მსჯელობა გ. ბ-ასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მიღებულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. კასატორ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მითითება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.06.2013წ. Nას-427-403-2013 განჩინებით ძალაში დატოვებულ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში ასახული სამართლებრივი მსჯელობის გაზიარების საჭიროების შესახებ არ არის დასაბუთებული. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც ძალადაკარგული (112-ე მუხ.), ასევე მოქმედი (118.4 მუხ.) „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი მითითებას ახდენს უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისათვის განაცდური თანამდებობრივი სარგოს და არა ზიანის ანაზღაურების საჭიროებაზე, ხოლო დასახელებულ სამოქალაქო დავაში დასაქმებულს აუნაზღაურდა არა განაცდური თანამდებობრივი სარგო, არამედ ზიანი, მიუღებელი შემოსავალი შკ-ის 32.1, 44-ე, სკ-ის 408-ე, 409-ე, 411-ე მუხლების საფუძველზე. ამდენად, განსხვავებულია მოთხოვნის წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლები, რაც განაპირობებს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებში განაცდურის ასანაზღაურებელ ოდენობებს შორის სხვაობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს აგრეთვე, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რამაც არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას საკასაციო საჩივრის დაშვების საფუძველს არ ქმნის კასატორთა მითითება სააპელაციო პალატის მიერ დავის საპროცესო დარღვევებით განხილვაზე, რადგან სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა საპროცესო ნორმების დარღვევით მხოლოდ მაშინ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, თუ აღნიშნულ დარღვევას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე (სსკ-ის 391.5 მუხ. „ე“ ქვ.პ.). განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ როგორც პირველი ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი რწმუნებულებების მიხედვით მარწმუნებელ გ. ბ-ას ადვოკატი მომსახურებას უწევდა უსასყიდლოდ. საკასაციო პალატა უთითებს უზენაესი სასამართლოს 14.07.2016წ. Nბს-776-768(2კ-4კს-15) განჩინებაში ასახულ მოსაზრებაზე იმის შესახებ, რომ საადვოკატო მომსახურების გაწევის შემთხვევაში ივარაუდება მხარეთა შორის სასყიდლიანი ხელშეკრულების არსებობა, მომსახურების ღირებულების ანაზღაურება პრეზუმირებულია, საწინააღმდეგო გარემოება კი სათანადო დადასტურდებას საჭიროებს. განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დასტურდება, რომ გ. ბ-ასთვის საადვოკატო მომსახურების გაწევა ხდებოდა უსასყიდლოდ, ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ გ. ბ-ას საკითხზე მსჯელობის შემთხვევაშიც კი არ იარსებებდა მის ნაწილში ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

უზენაესი სასამართლოს მიერ ხელახლა განხილვის მიზნით საქმის სააპელაციო პალატაში დაბრუნების შემდგომ ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას რწმუნებულის მიერ წარდგენილ იქნა 20.05.2016წ. ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ, ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ თითოეული კლიენტი ვალდებულია აუნაზღაუროს ადვოკატს იურიდიული მომსახურების საფასური თითოეულ ინსტანციაში 2400-2400 ლარის ოდენობით (4.1 პუნქტი). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. სასამართლოს მიერ ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ზღვარის და მაქიმალური თანხის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას, და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (სუს 11.02.08წ. №ას-792-1114-07). სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული პროცენტული ცენზი და თანხა წარმოადგენს იმ მაქსიმალურ საკანონმდებლო ზღვარს, რომელიც წაგებულ მხარეს შესაძლოა დაეკისროს მოგებული მხარის სასარგებლოდ, ამასთანავე ზღვრული თანხის ფარგლებში ადვოკატის მომსახურების ღირებულების განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იძულებითი განაცდურის ოდენობას, საქმის სირთულეს, უფლების დარღვევის აღსაკვეთად წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობას, ხანგრძლივობას, ინსტანციურობას და სხვ.. (სუსგ 14.07.2016წ. Nბს-776-768(2კ-4კს-15)). მხარეთა შორის ხელშეკრულებაში მითითებული მომსახურების ღირებულება მავალდებულებელია თვითონ მხარეებისთვის და არა სასამართლოსთვის. სასამართლო ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლივი შეფასების შედეგად ადგენს ადვოკატის მომსახურებისათვის ასანაზღაურებელი თანხის გონივრულ ოდენობას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასულ პერიოდში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელების ინტენსივობის, ხანგრძლივობის, ინსტანციურობის, მარწმუნებელთა ოდენობის, საქმის ზედა ინსტანციებში არაერთგზის განხილვის, დავის დასრულების შედეგის გათვალისწინებით, საქმის განხილვის მოცემული ეტაპისათვის ლ. ხ-ის და ნ. ქ-ას უფლებებისა და ინტერესების დასაცავად გაწეული წარმომადგენლობითი საქმიანობის ასანაზღაურებლად გასაჩივრებული განჩინებით განსაზღვრული თანხის ოდენობა გონივრული და სამართლიანია. ამასთან, წარდგენილი ხელშეკრულება გავლენას ვერ მოახდენდა ადვოკატის მიერ გ. ბ-ასთვის მიმდინარე დავის ფარგლებში გაწეული მომსახურების ღირებულებაზე, რადგან პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში გაწეული მომსახურების უსასყიდლობა უდავოდ დასტურდება, ხოლო საკასაციო პალატას ფიზიკურ პირთა საკასაციო საჩივარზე გ. ბ-ას ნაწილში არსებითად აღარ უმსჯელია, შესაბამისად, არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დაბრუნების შემდეგ მომხდარა გ. ბ-ას სასარჩელო მოთხოვნებზე მსჯელობა, ამდენად, სააპელაციო პალატაში საადვოკატო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების წარდგენის მომენტში გ. ბ-ას ნაწილში დავა არსებითად უკვე გადაწყვეტილი იყო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორთა მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, საკასაციო საჩივრებს არ აქვთ წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.2017წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი