Facebook Twitter

ბს-872-868(3კ-17) 22 თებერვალი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, მ. ღ-ასა და ქ. ტ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.06.2017წ. გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ღ-ამ 20.12.2016წ. სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 24.11.2016წ. N4 საოქმო გადაწყვეტილების მ. ღ-ას ნაწილში ბათილად ცნობა, მ. ღ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 25.11.2016წ. გაფრთხილების ბათილად ცნობა, მ. ღ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 19.12.2016წ. N3578 ბრძანების ბათილად ცნობა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 09.01.2017წ. N137 ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

ქ. ტ-ამ 20.12.2016წ. სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 24.11.2016წ. N4 საოქმო გადაწყვეტილების ქ. ტ-ას ნაწილში ბათილად ცნობა, ქ. ტ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 25.11.2016წ. გაფრთხილების ბათილად ცნობა, ქ. ტ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 19.12.2016წ. N3586 ბრძანების ბათილად ცნობა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 03.01.2017წ. N17 ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდენა და განაცდური ხელფასის ანზღაურება.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 10.01.2017წ. განჩინებით მ. ღ-ასა და ქ. ტ-ას საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 16.01.2017წ. განჩნებით სასკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ მ. თ. და ლ. ჯ.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 07.03.2017წ. გადაწყვეტილებით, მ. ღ-ასა და ქ. ტ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 24.11.2016წ. N4 საოქმო გადაწყვეტილება მ. ღ-ას ნაწილში, მ. ღ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 25.11.2016წ. გაფრთხილება, მ. ღ-ას თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 19.12.2016წ. N3578 ბრძანება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედ საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა მ. ღ-ასათვის ატესტაციის გასაუბრების ეტაპის ხელახლა ჩატარება და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემობების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს დაევალა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ახალი აქტის მიღების შემდეგ, გარემობათა სრულყოფილი შესწავლისა და გამოკლევის საფუძველზე სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი აგრეთვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 24.11.2016წ. N4 საოქმო გადაწყვეტილება ქ. ტ-ას ნაწილში, ქ. ტ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 25.11.2016წ. გაფრთხილება, ქ. ტ-ას თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 19.12.2016წ. N3586 ბრძანება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მ. ღ-ასა და ქ. ტ-ას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.06.2017წ. გადაწყვეტილებით ქ. ტ-ას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, მ. ღ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ცვლილება შევიდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 07.03.2017წ. გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-სატესტაციო მიდმივმოქმედ კომისიას დაევალა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად მ. ღ-ას მიერ შესრულებული წერითი დავალების შეფასება, მისთვის გასაუბრების ჩატარება და ატესტაციის შედეგებისა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 07.03.2017წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც მ. ღ-ამ და ქ. ტ-ამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

კასატორმა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ აღნიშნა, რომ კომისიის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების გამგეობის წევრი და საზოგადოება „...“ წარმომადგენელი. ამდენად, დაცული იყო ატესტაციის გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპები. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელეთა მიერ შესრულებულ წერით დავალებაში არ იყო ჩამოყალიბებული არსებული პრობლემების, მათი ანალიზისა და გადაჭრის შესაძლო გზების შესახებ. ამასთანავე, ატესტანტებმა დავალება ვერ შეასრულეს დადგენილი მოცულობის ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათი დავალება შეფასდა როგორც „სუსტი“. გასაუბრების შედეგების მიხედვით ატესტანტებს აკლდათ თვითშეფასების, სანდოობის, სტრატეგიული ხედვის უნარი, მათ ვერ გამოავლინეს სამსახურებრივი მოველეობების შესაბამისი უნარ-ჩვევები. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესზე დაკითხულმა კომისიის წევრებმა დაადასტურეს, რომ მოსარჩელეთათვის დასმული კითხვები შეეხებოდა მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს გასაუბრების ამსახველი აუდიო ჩანაწერი, მოსარჩელეთა და მოწმეთა მიერ განიმარტა კითხვები, რაც იძლევა მათი შეფასების საშუალებას. კასატორმა მიუთითა საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია სხვა ნებისმიერი ორგანოს თუ პირის ჩარევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთარი, მისთვის კანონმებლობით ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, რასაც შეიძლება საბოლოო ჯამში მოყვეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებული თავისუფალი მოქმედების შეზღუდვა.

კასატორმა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჩატარდა საჯარო მოხელეთა ატესტაცია. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნის შესაბამისად, მ. ღ-ა და ქ. ტ-ა არ შეესაბამებოდნენ დაკავებულ თანამდებობას. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამგებლის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოსარჩელეთა გაფრთხილებისა და შემდგომში მათი გათავისუფლების შესახებ.

კასატორებმა - მ. ღ-ამ და ქ. ტ-ამ აღნიშნეს, რომ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა განაცდურის ანაზღაურების ნაწილში არ დააკმაყოფილეს მოსარჩელეთა მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 127.6 მუხლის შესაბამისად, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში მოთხოვნილი განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება. კასატორებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 21.07.2017წ. გადაწყეტილებით ზემოაღნიშნული ნორმა არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.

კასატორების მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კომიისათვის მ. ღ-ასათვის გასაუბრების ეტაპის ჩატარების ნაწილში, ვერ უზრუნველყოფს მოხელის დარღვეული უფლებების აღდგენას, ვინაიდან გასაუბრება კვლავ იმ კომისიამ უნდა ჩაატაროს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო გადაწყვეტილება მ. ღ-სათან დაკავშირებით. კომისიამ დაარღვია საქართველოს მთავრობის 18.06.2014წ. N411 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის 8.4 მუხლი, რომელიც გულისხმობს ატესტაციის პროცესში ტესტირების ჩატარების ვალდებულებას. ამასთანავე, არ არსებობდა განსაზღვრული თემატიკა და წინასწარ შემუშავებული კითხვარი. მ. ღ-ასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება იყო პოლიტიკურად მოტივირებული, რამდენად იგი წარმოადგენდა რესპუბლიკური პარტიის წევრს. კასატორებმა აღნიშნეს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა გამგეობაში განხორციელებული რეორგანიზაცია, რომელიც შეეხო ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების განყოფილებას. აღნიშნული განყოფილება გაუქმდა და მისი ფუნქციების ნაწილი დაემატა კულტურის განყოფილებას, რომელმაც ფუნქციური მატების შედეგად მიიღო კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების სახელწოდება. ამდენად, ქ. ტ-ას მიერ დაკავებული შტატით გათვალისწინებული თანამდებობა რეალურად არსებობს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტოს ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, მ. ღ-ასა და ქ. ტ-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოხელის სამსახურიდან დათხოვნა უკავშირდება მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევების სხვადასხვა კრიტერიუმებით შეფასებას. მნიშვნელოვანია, რომ პირის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ადმინისტრაციულმა ორგანომ გაითვალისწინოს თითოეული მოხელის პროფესიონალიზმი, შრომითი უნარ-ჩვევები, კომპეტენტურობა, პირადი თვისებები, კოლეგიალურობა, კრეატიულობა, თანამშრომლობის უნარი, რეპუტაცია და სხვა გარემოებები და აღნიშნულის შედეგად მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. არ არსებობს ატესტაციის გასაუბრების ეტაპის მიმდინარეობის ამსახველი ვიდეო, აუდიო ან წერილობითი ოქმი. ამდენად, ქვედა ისტანციის სასამართლეობის მიერ მართებულად იქნა ბათილად ცნობილი მოსარჩელეთა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ კომისიისა და გამგეობის სადავო აქტები, მოპასუხეს მართებულად დაევალა მ. ღ-სათვის გასაუბრების ეტაპის ხელახლა ჩატარება. რაც შეეხება ქ. ტ-ას, საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, გამგეობის კულტურის განყოფილებას დაემატა ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის ხელშეწყობის განყოფილების ფუნქციათა ნაწილი, განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად ჩატარდა კონკურსი, რაც არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, ქ. ტ-ას მიერ დაკავებული თანამდებობა ფუნქციურად გაფართოვდა და იმავე სახით აღარ არსებობს, ამდენად სასამართლო მოკლებულია სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების შესაძლებლობას. განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოებს არსებითად არ გადაუწყვეტიათ მ. ღ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების/თანამდებობაზე აღდგენის საკითხი, განაცდურის ანაზღაურებაზე მსჯელობა შეუძლებელია. რაც შეეხება ქ. ტ-ას, უნდა აღინიშნოს, რომ მისი გათავისუფლების შემდეგ, იმთავითვე გაუქმდა კულტურის განყოფილება და, შესაბამისად, განყოფილების უფროსის თანამდებობა. ამდენად, გამგეობაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, იგი მხოლოდ კონკურსის გავლის შემთხვევაში გააგრძელებდა მუშაობას ახალ თანამდებობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გათავისუფლდებოდა მის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულიდან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კომისიას არ დაურღვევია საქართველოს მთავრობის 18.06.2014წ. N411 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის 8.4 მუხლი, რადგან აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს ატესტაციის როგორც ტესტირების, ისე წერითი დავალებისა და გასაუბრების ფორმით ჩატარების შესაძლებლობას. კასატორები - მ. ღ-ა და ქ. ტ-ა მიუთითებდნენ მათ მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციულ მოპყობაზე, თუმცა ამგვარი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, მ. ღ-ასა და ქ. ტ-ას საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტოს ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, მ. ღ-ასა და ქ. ტ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.06.2017წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი