№ბს-1013-1009(2კს-17) 22 თებერვალი, 2018 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - საქართველოს პრეზიდენტი;
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგნეტო
მოწინააღმდეგე მხარე - რ. ჯ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.2017წ. განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ჯ-მა 24.02.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტის მიმართ და მოითხოვა მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ მოპასუხის 25.01.2017წ. N18 ბრძანებულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის რ. ჯ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.03.2017წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაერთო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
რ. ჯ-ის წარმომადგენელმა 22.03.2017წ. და 08.05.2017წ. შუამდგომლობებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და სადავო აქტის მოქმედების შეჩერება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 24.03.2017წ. და 11.05.2017წ. განჩინებებით ზემოხსენებული შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.06.2017წ. გადაწყვეტილებით რ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და სადავო აქტის მოქმედების ერთი თვით შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა. რ. ჯ-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სადავო აქტის გამოცემის შემდეგ, 06.05.2017წ. მოსარჩელემ მეოთხედ გადაკვეთა საზღვარი. უკან დაბრუნებისას, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს საზღვრის გადმოკვეთის ნება იმის გამო, რომ 2017 წლის 31 იანვრიდან გაუქმებული ჰქონდა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, 65 წლის პენსიონერი რ. ჯ-ი 2017 წლის 6 მაისიდან იმყოფება სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საქართველოში შეუწყდა პენსია, არ აქვს არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა და თავს ნაცნობების სახლს აფარებს. ამასთანავე, სს „...“ დადებული აქვს საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ყოველდღიურად დაერიცხება საურავი 250 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორმა ითხოვა სადავო აქტის მოქმედების ერთი თვის ვადით შეჩერება, რათა რ. ჯ-მა შეძლოს საკუთარ სახლში დაბრუნება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.2017წ. განჩინებით რ. ჯ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ერთი თვის ვადით შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 25.01.2017წ. N18 ბრძანებულების მოქმედება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი უკვე აღსრულებულია - რ. ჯ-ს შეწყვეტილი აქვს საქართველოს მოქალაქეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასკ-ის 29.2 მუხლის შესაბამისად, სასამართლოში სარჩელის შეტანამ ავტომატურად არ შეაჩერა მისი მოქმედება. მიუხედავად ამისა, სასკ-ის 29.3 მუხლის თანახმად, მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს აქტის მოქმედება სასკ-ის 29.2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შუამდგომლობა საფუძვლიანი და დასაბუთებულია, რადგან აქტის აღსრულება მხარეს არსებით ზიანს აყენებს, იგი იმყოფება საქართველოს საზღვრებს გარეთ, ვერ ახერხებს დაბრუნებას, რაც დიდი ალბათობით ართულებს დარღვეულად ნაგულვები უფლების დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ მხარე წარმოდგენილია ადვოკატით, მას უფლება აქვს თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში. ამასთანავე, რ. ჯ-ი არის პენსიონერი, რომელსაც დიდი ოდენობის სესხი აქვს აღებული საბანკო დაწესებულებიდან. პალატამ სადავო აქტის მოქმედების შეჩერების მხარის მიერ დასახელებული ვადა - ერთი თვე, გონივრულ ვადად მიიჩნია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.2017წ. განჩინება კერძოს საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და საქართველოს პრეზიდენტმა.
კერძო საჩივრის ავტორმა - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის დასაბუთებული და სასამართლო მხოლოდ კანონის ნორმის ციტირებით შემოიფარგლა. სააგენტოს მოსაზრებით, ვინაიდან სადავო აქტი - საქართველოს პრეზიდენტის 25.01.2017წ. N18 ბრძანებულება აღსრულებულია, სასკ-ის 29.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მისი მოქმედების შეჩერება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს. მოსარჩელე მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოსაც მიმართა იმავე შუამდგომლობით, რაც სასამართლოს 11.05.2017წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება მხარის მიერ არ გასაჩივრებულა. კერძო საჩივრის ავტორმა სსკ-ის 418.2 მუხლის საფუძველზე, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 18.09.2017წ. განჩინების მოქმედების შეჩერება და მისი გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორმა - საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინება უსაფუძვლოა. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 21.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას. მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებასა და წარდგინებას განიხილავს და დასკვნას ამზადებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, რომელსაც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის საქართველოს პრეზიდენტს. კონკრეტულ შემთხვევაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაიგზავნა დასკვნა, რომლის თანახმადც რ. ჯ-ს საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად ჰქონდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა. აღნიშნული გარემოება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება, რომ რ. ჯ-ი ვერ ახერხებს საზღვრის გადმოკვეთას და გასაჩივრებული აქტის აღსრულება ზიანს აყენებს მის ინტერესებს. მოსარჩელე ფლობს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის დამდასტურებელ დოკუმენტს და შეუძლია აღნიშნული დოკუმენტით ისარგებლოს საზღვრის გადმოკვეთისას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. ადმინისტრაციული მართლმსაჯულების ორგანიზაცია და პროცესი უნდა პასუხობდეს მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებას საჯარო ხელისუფლების მიმართ მისი უფლების ეფექტურ დაცვაზე. ეფექტური მართლმსაჯულება გულისხმობს არა მარტო დარღვეული უფლების აღდგენას, არამედ დროებით დაცვას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლების პრევენციული დაცვა.
ადმინისტრაციული საპროცესო კანანმდებლობა ითვალისწინებს უფლების დროებითი დაცვის დუალისტურ სისტემას - სასკ-ის 29-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში უფლების დროებითი დაცვის სამართლებრივი საშუალებები ამავე კოდექსით განსაზღვრული სარჩელის სახეების მიხედვით. სასკ-ის 29-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების დროებითი დაცვის ღონისძიება - გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება წარმოადგენს ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას, ხოლო სასკ-ის 31-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი განჩინება, როგორც უფლების დროებითი დაცვის საშუალება, გამოიყენება სხვა სახის სარჩელთან მიმართებით. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებები მიზნად ისახავს სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების აღმოფხვრას, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას.
ადმინისტრაციული სამართლისთვის დამახასიათებელია სუსპენზიური ეფექტის, როგორც უფლების დაცვის პრევენციული საშუალების არსებობა, რომლის მეშვეობითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება დროებით ჩერდება, კერძოდ, გასაჩივრების შემდგომ, საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე ან სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. სუსპენზიური ეფექტი აქვს არა მხოლოდ სარჩელს, არამედ ადმინისტრაციულ საჩივარს.
სასკ-ის 29.1 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღება სასამართლო წარმოებაში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას. ამასთანავე, მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება ავტომატურად არ ჩერდება.
საქართველოს პრეზიდენტის 25.01.2017წ. ბრძანებულების მოქმედების შეჩერება ექცევა სასკ-ის 29.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნის ფარგლებში (აქტის მოქმედება არ ჩერდება თუ იგი აღსრულებულია), ვინაიდან რ. ჯ-ს შეწყვეტილი აქვს საქართველოს მოქალაქეობა. კანონმდებლის მიერ აქტის მოქმედების შეჩერების გამომრიცხავი გარემოებების განსაზღვრა (29.2 მუხ.) არ გამორიცხავს სასამართლოს უფლებამოსილებას შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მოქმედება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა მოხდეს ყოველ კონკრეტულ საქმეზე სასამართლოს განსაკუთრებული მსჯელობის შედეგად. სასკ-ის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მხარის მოთხოვნით სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლებისა და ინტერესის დაცვას. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა ადგენს აქტის მოქმედების შეჩერების გამომრიცხავ შემთხვევებს, თუმცა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი უნდა გადაწყდეს კონკრეტული საქმის გარემოებებისა და მოსაზრებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა მხარის კანონიერი ინტერესი. ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება ნიშნავს მისი მოქმედებისა და ყველა სამართლებრივი შედეგის გადადებას გარკვეული ვადით. აღნიშნული ვადის გასვლამდე, კანონი უბრუნებს პირს იმ სამართლებრივ და ფაქტობრივ მდგომარეობას, რომელიც არსებობდა სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემამდე. კონკრეტულ შემთხვევაში, ცნობილია, რომ რ. ჯ-ი 2017 წლის 06 მაისიდან იმყოფება სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და ვერ ახერხებს საქართველოში დაბრუნებას იმის გამო, რომ სადავო აქტი აღსრულდა - მოსარჩელეს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, ამოიშალა მონაცემთა ბაზიდან და გაუუქმდა პირადი ნომერი. რ. ჯ-ი არის 65 წლის პენსიონერი, მას გასაჩივრებული აქტის მოქმედებით საქართველოში შეუწყდა პენსიის გაცემა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს გაფორმებული აქვს საკრედიტო ხელშეკრულება. ამასთანავე, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნის გამო რ. ჯ-ს, ფაქტობრივად, წართმეული აქვს სასამართლო პროცესში მონაწილეობის კანონით გარანტირებული უფლება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მათებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ გასაჩივრებული აქტის შეუჩერებლობით მხარეს არსებითი ზიანი ადგება, რაც აქტის შეჩერების 29.3 მუხლით გათვალისწინებული კანონისმიერი საფუძველია. სადღეისოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით არ დადასტურებულა რ. ჯ-ის მიერ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა, კერძო საჩივრის ავტორები ვერ ასაბუთებენ აქტის მოქმედების შეჩერების შედეგად მათთვის მიყენებულ ზიანსა და აქტის აღსრულების უზრუნველყოფის საჯარო ინტერესს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებისა და მხარეთა ინტერესების თანაბარზომიერების პრინციპიდან გამომდინარე, წარმოიშობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე - 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.16წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი