Facebook Twitter

#ბს-1130-1124(კ-17) 22 თებერვალი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 15 აპრილს ვ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ მისი ოჯახის საცხოვრებელი ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფის თაობაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 24 მარტის №05-01/06/8995 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ვ. კ-ის საცხოვრებელი ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფის ვადის გაგრძელების თაობაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 30 მარტის №01-02/08/9524 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის ვ. კ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებამდე, საცხოვრებელი ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის ვ. კ-ის სასარგებლოდ 2015 წლის ნოემბრის თვიდან სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველთვიური საცხოვრებელი ბინის ქირის - 250 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 24 მარტის №05-01/06/8995 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ვ. კ-ის ოჯახის საცხოვრებელი ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფის თაობაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 30 მარტის №01-02/08/9524 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ვ. კ-ის საცხოვრებელი ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფის ვადის გაგრძელების თაობაზე უარის თქმის შესახებ; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ვ. კ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებამდე, საცხოვრებელი ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაეკისრა ვ. კ-ის სასარგებლოდ 2015 წლის ნოემბრის თვიდან სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველთვიური საცხოვრებელი ბინის ქირის გადახდა 250 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვ. კ-ის სარჩელი; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები; შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაეკისრა ვ. კ-ის სასარგებლოდ 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით ბინის ქირის გადახდა თვეში 250 ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ მოსარჩელე ცხოვრობდა და შეუზღუდავად სარგებლობდა მისი მეუღლის მამის - ზ. ს-ის სახელზე ფორმალურად გადაფორმებული მისი მეუღლის ყოფილი კუთვნილი ფართით, რომელიც 2009 წლის ნოემბრის თვიდან 2014 წლის მარტამდე წარმოადგენდა მისი მეუღლის - ნ. ს-ის საკუთრებას, რომელიც მან ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაუფორმა მამას - ზ. ს-ეს, თუმცა დღემდე მოსარჩელის ოჯახი სარგებლობს ამ ფართით, რაც კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის ოჯახისთვის ქირის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე - ვ. კ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. ვ. კ-ს ჰყავს მეუღლე - ნ. ს-ე და შვილი - გ. კ-ი.

ასევე დადგენილია, რომ 2014 წლის 28 აგვისტოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და ვ. კ-ს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, სამინისტრომ აიღო ვალდებულება ქ. თბილისში, ... გამზ. №17-ში მდებარე შენობაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ოჯახისათვის 3 თვის ვადით ბინის დაქირავებისათვის ყოველთვიურად თანხის 250 ლარის ოდენობით გადახდა. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდგომ დენილთა საკითხების შემსწავლელი კომისია მიიღებდა გადაწყვეტილებას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფამდე, ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფის ვადის გაგრძელებაზე.

დადგენილია, რომ 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით, ვ. კ-ი შეუფერხებლად იღებდა 2014 წლის 28 აგვისტოს შეთანხმების თანახმად, ბინის დაქირავების მიზნით, ყოველთვიურად 250 ლარს.

სადავო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 24 მარტის №05-01/06/8995 წერილით ვ. კ-ს უარი ეთქვა საცხოვრებელი ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფაზე, იმ საფუძვლით, რომ ვ. კ-ი ოჯახთან ერთად ცხოვრობს მეუღლის - ნ. ს-ის მამის - ზ. ს-ის საკუთრებაში არსებულ ფართში (მისამართი: ქ. თბილისი, ... ქ. №19ა, ბინა №9). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს ვ. კ-ისთვის, როგორც იძულებით გადაადგილებული პირისთვის, სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთათვის განკუთვნილი დახმარების მიცემაზე უარის თქმის საფუძველს.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ვ. კ-თან მიმართებაში სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომლის მიმართაც მოსარჩელეს - ვ. კ-ს გააჩნია კანონიერი ნდობა და ინტერესი. ზემოაღნიშნული 2014 წლის 28 აგვისტოს შეთანხმებით, რომელიც ეფუძნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ წესს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ იკისრა ვალდებულება გადაეხადა ბინის დაქირავების მიზნით ყოველთვიური თანხა. ხოლო თავდაპირველად ქირით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ვ. კ-ის მიმართ რაიმე გარემოება არ შეცვლილა. ის გარემოება, რომ ნ. ს-ეს ჰქონდა საკუთრებაში უძრავი ქონება და 2014 წლის მარტის თვეში იგი გააჩუქა, დაპირების გამოცემის დროსაც არსებობდა და იგი დაპირების ადრესატს (დევნილ პირს) არათუ არ დაუმალავს, აღნიშნული გარემოება ადმინისტრაციულ ორგანოს თავის დროზე საერთოდ არ გამოუკვლევია. ამდენად, სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების პირობებში სამინისტროსათვის 2014 წლის აგვისტოს თვეში ხელმისაწვდომი იყო ის ინფორმაცია, რაც მოგვიანებით, დევნილის დაკავებული ფართიდან გამოსახლების შემდეგ ბინის ქირის გადახდაზე უარის თქმის საფუძველი გახდა, რას სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები ეფუძნებიან იმ ზოგად პრინციპს, რომ დაცული იყოს დევნილი საცხოვრებელ ადგილას და უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო საცხოვრებლით, დაცული იყოს დევნილის ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. ეს პრინციპი საერთოა როგორც დევნილის დროებითი, ისე გრძელვადიანი განსახლებისას.

ამასთან, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სამინისტრომ ვ. კ-ს 250 ლარი ქირის სახით ბოლოს გადაუხადა 2015 წლის ნოემბერში, ხოლო საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს უფროსს და ვ. კ-ს შორის 2016 წლის 17 დეკემბერს შედგენილი №189 მიღება-ჩაბარების აქტი იმის შესახებ, რომ ვ. კ-ის სამსულიან (მას, მეუღლეს და ვაჟიშვილს), როგორც იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ოჯახს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზნით საკუთრებაში გადაეცა თბილისში, ... ქ. №7, კორპ.2, სადარბაზო პირველი, მე-4 სართული, ბინა 32, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დააკისრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ვ. კ-ის სასარგებლოდ ბინის ქირის გადახდა 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით, თვეში 250 ლარის ოდენობით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი